მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები: რისთვის ემზადება "ქართული ოცნება" და რა მოხდა სინამდვილეში?! - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი
"დილით გენერლად აკურთხეს, საღამოს კი - თანამდებობიდან მოხსნეს" - ამგვარად ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მმართველ გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე ჩაანაცვლებს, თავად მდინარაძე კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება. მართალია, ასეთი თანამდებობა ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება პარლამენტში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები ოპოზიციის ქილიკს არ იმჩნევენ და ირწმუნებიან, რომ მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას და მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს გუნდს. რა მოხდა სინამდვილეში, რას ნიშნავს ეს საკადრო გადაადგილება და რისთვის შეიძლება, ემზადება „ქართული ოცნება“ ამ საკითხთან დაკავშირებით? - პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საკუთარ ვერსიას გვიზიარებს:
- მთელ ამ ამბავში ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ სამინისტრო, რომლის მინისტრად მამუკა მდინარაძე უნდა დაინიშნოს, ჯერ შექმნილი არ არის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ სთხოვა პარლამენტს, სასესიო კვირაში სწრაფი ტემპით მოხდეს ამ ცვლილებების შეტანა და შეიქმნას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სამინისტრო.
როგორც ჩანს, ვიღაცამ ისე სწრაფად და მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მმართველმა გუნდმა სამინისტროს შექმნაც კი ვერ მოასწრო. კი მაგრამ რა უნდა ხდებოდეს ახლა ასეთი?! ომი არ არის, რაიმე განსხვავებულად საშინელი მდგომარეობაც არ არის, რომ დროის დაკარგვა შეუძლებელი იყოს და ყველაფერი ამ კვირაზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ მიჩნდება კითხვა, რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი, ამ ერთ კვირაში, რომ მდინარაძე თუნდაც კიდევ ერთი კვირით არ დაიტოვებოდა უსაფრთხოების სამსახურში?!
ეს ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურად გამოჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ მდინარაძისთვის სულ ცოტა ხნის წინ მიუნიჭებიათ გენერალ-მაიორის წოდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კობახიძემ ვიღაცისგან სასწრაფო ბრძანება მიიღო, შესაძლოა, ტელეფონითაც. ალბათ, გახსოვთ, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი მონდომებით რომ ისაუბრა წარმატებულ წელზე და მეორე თუ მესამე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. აი, ეს ამბავი გამახსენა რატომღაც ამ ფაციფუცით გაკეთებულმა განცხადებამ.
- რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის - ნინო წილოსანის განცხადება იმის შესახებ, რომ პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა და პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა?
- სინამდვილეში მამუკა მდინარაძე გახდა უარმიო გენერალი. რაც უნდა ილაპარაკოს ნინო წილოსანმა, რეალური ძალაუფლება აქვს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და არა კოორდინაციის საკითხებში მინისტრს, თუნდაც სახელმწიფო მინისტრს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ყველა სახელმწიფოში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს გაცილებით დიდი გავლენები აქვთ, ვიდრე ნებისმიერ ასეთ გამოგონილ თანამდებობის პირებს.
- მაინც რა ვერსია გაქვთ, რა შეიძლება ყოფილიყო ამ საკადრო ცვლილების მიზანი, რისთვის ემზადება „ქართული ოცნება?
- მე ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილების მიზანი კობახიძისთვის ფრთების შეკვეცაა. აქ ნიშანდობლივია ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ვფიქრობ, ეს გამიზნულია თუნდაც ე.წ. კახური კლანის და - არა მარტო მათ დასამშვიდებლად. იმიტომ, რომ ამ კორუფციასთან „ბრძოლამ“ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია თავად „ქართული ოცნების“ პარტიის შიგნით. გარდა ამისა, ალბათ, ფასების საკითხმაც ითამაშა გარკვეული როლი… თითქოს უნდა დარეგულირებულიყო და ყველაფერი პირიქით მოხდა. ფაქტობრივად, კობახიძის ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მარცხი განიცადა.
- ფიქრობთ, რომ შეიძლება კულუარულად გავრცელებული ამბები გამართლდეს და კობახიძეს პრემიერის პოსტის დატოვებამ მოუწიოს?
- არა, ამ ეტაპზე ასეთი მოლოდინი არ მაქვს, არ მგონია, რომ ივანიშვილისთვის მოგებიანი იყოს კობახიძის შეცვლა. ვფიქრობ, ჯერჯერობით მას მხოლოდ ფრთები შეუკვეცეს. თუმცა ნიშანდობლივია ცოტნე ივანიშვილის განცხადებაც, სადაც ის დიალოგზე და დებატებზე ლაპარაკობდა. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაშინ, რა თქმა უნდა, კობახიძის შეცვლის საკითხი დადგება, მაგრამ ამ ვერსიას, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, სულხან თამაზაშვილის ფიგურა სერიოზულად აფერმკრთალებს, რადგან ის სამი ქვეყნის, მათ შორის - ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პირია და თამაზ თამაზაშვილის კლანის წევრი. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნო, პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო დასანქცირდა და თან პოლიტიკის შეცვლაზე ილაპარაკო, ეს ნონსენსია. ამ ეტაპზე რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ კობახიძეს უფლებამოსილება შეუკვეცეს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)