"არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე გადააყენოს, მას შეაწმინდოს ხელები და ვიღაცის მეშვეობით სცადოს, თითქოს სუფთა ფურცლიდან დაწყება“ - ფიქრია ჩიხრაძე
ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო ცვლილებები.
ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე გადააყენოს, მას „შეაწმინდოს ხელები და ვიღაცის მეშვეობით სცადოს, თითქოს სუფთა ფურცლიდან დაწყება“.
„მთავარია, ვინ ახორციელებს ცვლილებას და რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი. მგონი, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი ხან არის მისი ეჭვი, ხან მისი „ხუშტური“, ხან უკმაყოფილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში, ეს არის პერსონალურად, სუბიექტური გადაწყვეტილებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იღებს, რომელიც ხან „კარუსელს“ ატრიალებს, ხან ყოფილი თანამდებობის პირებს იჭერს, ხან ისე იკარგებიან ეს ადამიანები, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე საერთოდ აღარ ჩნდებიან“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ცვლილება თითქმის 8 თვის წინ იყო გადაწყვეტილი, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ამის არავის სჯერა.
„ვფიქრობ, თავად მდინარაძეს დიდი ტვინის ჭყლეტა დასჭირდა, რომ როგორღაც ეს აბდაუბდა ჩამოეყალიბებინა. ჩვენ ვეცდებით ამაში ლოგიკა ამოვიკითხოთ. ამის უკან უნდა ამოვიკითხოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მის გაბრაზებას უკავშირდებოდეს კონკრეტულ თანამდებობის პირზე, შეიძლება უკავშირდებოდეს მის ეჭვებს ვინმეს გაძლიერებასთან და ფესვების გადგმასთან დაკავშირებით. შეიძლება უკავშირდებოდეს სურვილს, რომ ვიღაცას ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად ქვეყნის გარეთ მოაჩვენოს, რომ რაღაც ახალი ხდება და კონკრეტული დანაშაულების გამოძიებაზეც ილაპარაკონ. მან იმდენად ახლო ადამიანი მოიშორა თავიდან ცოტა ხნის წინ და ციხისკენ გაუყენა გზას, რომ არ მგონია მდინარაძის მოშორება ამ კუთხით ძალიან გაჭირდებოდა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადააყენოს.
„დიდი ალბათობით, ეს ასე იქნება, მაგრამ სჯობს დაველოდოთ ფაქტებს, ვიდრე ვიმარჩიელოთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ქცევას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით, მეტ-ნაკლებად ვიცით მისი ქცევა როგორი შეიძლება იყოს და რით შეიძლება იყოს განპირობებული. ორგზის პრემიერი ჰყავდა ძალიან ახლობელი, თავის ხელში გამოზრდილი, როგორც ამბობდა, ძალიან უნარიანი, ირაკლი ღარიბაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ ის უნარიანი ბიჭი დღეს კორუფციის ბრალდებით არის ციხეში გამოკეტილი. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა გვიან გაიგო იმ კორუფციული ფაქტების შესახებ, რომელზეც საუბარი იყო. კორუფცია არის მათი თანმდევი იმიტომ, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილია კორუფციის სათავეში და კორუფციის ინდულგენციის გამცემი თანამდებობის პირებზე. შესაბამისად, შეუძლია ამ ბრალდებით გამოიჭიროს. ამას დასჭირდა წინამორბედების შეცვლა და რაღაც დრო მას დასჭირდება. მან თავი ვერც სანქციებისგან დაიცვა და ვერც ძალაუფლების გარანტიები შეიქმნა. შესაძლოა, მას სჭირდებოდეს ე.წ. რბილი ხაზის განვითარება. ამ რბილი ხაზისთვის კობახიძე ნამდვილად არ გამოდგება, რადგან კობახიძეს გააკეთებინა ყველა სიბინძურე ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით არსებობდეს. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავ, კობახიძემ წაიღოს ამ პერიოდის ყველა სიმძიმე, შეაწმინდოს მას ხელები და ბიძინა ივანიშვილმა ვიღაცის მეშვეობით სცადოს, თითქოს სუფთა ფურცლიდან დაწყება. არ მგონია ის ტრიუკები, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში იყენებდა, ვინმესთვის სატყუარა აღმოჩნდეს. არც კობახიძეა ამ ქვეყანაში რამის განმსაზღვრელი, არც მდინარაძე, არც ღარიბაშვილი ყოფილა და არც რომელიმე თანამდებობის პირი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.
ამასთან, მან „ოპოზიციურ ალიანსში“ დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი დაპირისპირება არ უკვირს.
"ინტერპრესნიუსი"