"ექიმმა ანალიზების პასუხები მაინც გადაამოწმა სტამბოლის მთავარ კლინიკაში, რომ რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო ... ერთი წამით არ დამიშვია, რომ ეს დაავადება მჭირდა" - ეკა კვალიაშვილი რთულ პერიოდზე და ჯანმრთელობაზე
ბევრჯერ მსმენია მომღერალი ეკა კვალიაშვილი უხეში, ხისტი ხასიათის ადამიანია, უკარება და ამპარტავანიო. თუმცა, ვინც მას იცნობს, აუცილებლად დამეთანხმება, რომ ის თბილი, ადამიანური და მოსიყვარულე პიროვნებაა. უბრალოდ, ვერ იტანს უსამართლობას. ათი წლის წინ ექიმებმა მომღერალს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ახლახან კი თურქეთში გაკეთებულმა ანალიზებმა ეს დაავადება გამორიცხა და გლუტენის აუტანლობა დაუდგინა, რომელიც ალერგიას იწვევდა და საშინელ რეაქციას აძლევდა. ეკა საკმაოდ ახლოს იყო პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა, მეგობრობდა და სწორედ მისი რჩევები გახდა საწინდარი, ცხოვრებაში სიმშვიდე მოეპოვებინა. ჩვენ მას დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.
ეკა კვალიაშვილი: ადრეულ ასაკში, რაღაც-რაღაცები უფრო მეტად მიმქონდა გულთან, უფრო მეტად განვიცდიდი, გულს მტკენდა. მერე, როცა სამყაროს პრინციპების შესწავლა დავიწყე და გავაცნობიერე, ადვილი გახდა ჩემთვის ცხოვრება. ამ ყველაფერში ჩემთვის პირველი ბიძგი და სტიმული პატრიარქი გახლდათ. პატრიარქის ხშირი სტუმარი ვიყავი, ვმეგობრობდით, ძალიან ვუყვარდი, სიმღერებს პირველად მასთან მივარბენინებდი, რომ მოესმინა და რაიმე შინაარსობრივი შეცდომა არ ყოფილიყო. ჩემი სიმღერების ტექსტები, ცხოვრებისეული, ღრმა აზრის მატარებელია. სხვათა შორის, არტისტიზმი, სიმღერა, მუსიკალური და წერის ნიჭი, ზოგადად, ხელოვნებისადმი მიდრეკილება, მთელს ოჯახს გენეტიკაში გვიდევს და ჩემი სიმღერების პირველი შემფასებელი ჯერ მამაჩემი იყო, მისი გემოვნების ძალიან მჯეროდა და შემდეგ პატრიარქს ვასმენინებდი. არასოდეს მოუცია შენიშვნა, თუმცა ერთხელ მითხრა: იცი, როგორი სიმღერა მინდა დაწერო საქართველოზე? აი, „ბარსელონა“ რომ არისო. იგულისხმა ფრედი მერკური და მონსერატ კაბალიე რომ ასრულებდნენ. ისეთი სიმღერა რომ დამეწერა, ლაღიძე უნდა ვყოფილიყავი (იცინის). ვუთხარი: ყველანაირად შევეცდები, მაგრამ ეჭვი მეპარება, შევძლო-მეთქი. შევქმენი უფლის სადიდებელი. ის რომ მივუტანე და მოუსმინა, არ დამავიწყდება, ფეხზე წამომიდგა და ტაში დამიკრა. სასულიერო პირების დელეგაცია იყო ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, დედაოებმაც მოისმინეს და იტირეს. პატრიარქმა დამლოცა და მითხრა: წინასწარმეტყველური სიტყვებია ამ გალობაში, საიდან მოგივიდა აზრადო. ვუპასუხე, არ მიმაჩნია, რომ ასეთ ლექსი დამოუკიდებლად დავწერე, ეს, ალბათ, უფლის ნება იყო, ზემოდან წამოსული-მეთქი.
– როგორც ვიცი, ხატვის ნიჭიც გაქვს და ესეც გენეტიკურია? რომ არა მომღერალი, ალბათ, მხატვარი იქნებოდი.
– სხვათა შორის, ბაბუა, მამის მამა – კოტე კვალიაშვილი, დამსახურებული მხატვარი იყო და მეც ძალიან კარგად ვხატავდი. ადრე ვხატავდი. დიდი ხანია, აღარ დამიხატავს და რომ ვცადო, ალბათ, ისევ კარგად გამომივა. გარდა ხატვისა, კომპოზიციის ნიჭიც მაქვს, პოეზიის, ძალიან კარგად ვწერ სცენარს და პროექტს. წერის ნიჭი მამიდისგან, მარიკო კვალიაშვილისგან დამყვა. ასე რომ, ოჯახიდან დამყვა ის ნიჭი, რაც მაქვს და რითაც ვამაყობ.
– ბევრჯერ გატკინეს გული, თუნდაც, შენი პრინციპული ხასიათის გამო. ყველაზე მეტად როდის დაითრგუნე?
– უამრავი რამ თქვეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვერც ერთხელ ვერ დამთრგუნეს. იცით, რატომ? რაც არ უნდა ელაპარაკათ, მე ხომ ვიცოდი, რომ მოგონილი და შეთხზული იყო ის ყველაფერი, რასაც ამბობდნენ. ჩემზე, როგორც მომღერალზე, ვერ მოქმედებდნენ, რას იტყოდნენ – ეკა ცუდად მღერისო? აქედან გამომდინარე, დაიწყეს მცდელობები ჩემი ავტორიტეტის დაკნინების – ცუდი ხასიათი აქვს, ამპარტავანია, მოჩხუბარია... არ მიესალმოთ, თორემ გაგლანძღავთ და ათასი სისულელე. ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ არცერთი ეს ბრალდება არ იყო მართალი. ყველას უკვირს, საიდან მოიტანეს მსგავსი რამეო. ვრცლად