“ფეხზე ოპერაცია გამიკეთეს, ფეხს ვერ ვადგამ, ეტლში ვზივარ, რა ვაკეთო?...“ - აფხაზეთის ომში გაუჩინარებული ძმა, მფრინავთა დინასტია და ერთი ქალის დაუჯერებელი ისტორია
არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის იმედით, ცოდნით, შრომისმოყვარეობით და საქმისადმი დიდი სიყვარულით აღწევენ მიზანს. ასეთი მაგალითები მოტივაციაა იმათთვის, ვისაც არ ჰყავს, ვთქვათ, მდიდარი მშობლები, ანდა ზურგს არ უმაგრებს თანამდებობის პირი ნათესავი. მადონა ხარატიშვილი ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც რამდენიმე სფეროში მიაღწია წარმატებას. დღეს კერძო სკოლას (ავიაციის მიმართულებით) ხელმძღვანელობს და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს საქმედ მიაჩნია. კრიტიკულად უყურებს ყველაფერს, ამიტომ ფიქრობს, რომ იდეალური სკოლა შექმნა. ყველა მოსწავლეს სახეზე სცნობს, იცის მისი სახელი-გვარი და თითოეული მათგანის ხასიათიც კი.

მფრინავთა დინასტია
- ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების სიყვარული ჩემ მეუღლეს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაურ ქორთოშიძეს ბავშვობიდან გაუჩნდა. 6-7 წლისა იყო, როცა მასში ეს სურვილი აენთო. სოფელში ადიოდა ყველაზე მაღალი ხის წვერზე და ხის ტოტებს არხევდა, თითქოს ვერტმფრენში იჯდა და ფრენის იმიტაციას ასრულებდა. ზაური თუშეთში დაიბადა და ცხოვრობდა სოფელ დიკლოში, ხელმოკლე ოჯახში. სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო განათლების მიღება და ისიც დიდი მონდომებით სწავლობდა. სკოლაში ომალოში დადიოდა (ფილმ „მიმინოს“ ომალოში იღებდნენ). დიკლოდან ომალომდე მისასვლელად ფეხით დაახლოებით 5 საათი იყო საჭირო, ამიტომ ინტერნატში ცხოვრობდნენ ზაური და მისი ორი უმცროსი ძმა. სახლში პარასკევ დღეს ბრუნდებოდნენ, დიდთოვლობის დროს, პირველი ის მიიკვლევდა გზას და მერე ძმები მიჰყვებოდნენ. სკოლა საუკეთესო ნიშნებით დაამთავრა და სწავლა უკრაინაში გააგრძელა, პროფესიას იქ დაეუფლა.

მერე თავის ძმებსაც (შამილი და ომარი) გაუკვალა გზა პროფესიის მისაღებად და მის მსგავსად, ორივე მფრინავი გახდა. აფხაზეთის ომში სამივე ძმა მონაწილეობდა. ომარი ეკიპაჟთან ერთად 1993 წლის 7 ივნისის ფრენის მერე გაქრა, მათი ძებნა უშდეგოდ დასრულდა. მამების გზას შვილები აგრძელებენ - თორნიკე, საბა და ვანო ქორთოშიძეები. თორნიკე გახდა მეთაური ყველაზე პატარა ასაკში. საბას ანდეს ნებისმიერი მფრინავისთვის საოცნებო „ბოინგ 747“-ის მართვა. ასევე ვერტმფრენის პილოტები არიან ზაურის დისშვილები - მამუკა და ირაკლი. ზაური და შამილი („რკინის შამილს“ ეძახდნენ) წლების მანძილზე ემსახურებოდნენ ქართულ ავიაციას.

ფოტო: ქეთევან წიკლაური და პეტრე შევჩენკო
ცნობილი წინაპარი
- ჩემ ოჯახში არავინ ხატავდა და გასაკვირი იყო, როცა მე და ჩემმა დამ ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყეთ. თუმცა დედაჩემი ლარისა შევჩენკო ამბობდა ხოლმე, რომ ნიჭი შორეული წინაპრისგან მოგდევთო... ჩვენ ვართ ტარას შევჩენკოს ძმის - ნიკიტას შთამომავლები, ბაბუაჩემი მისი შვილთაშვილი იყო. პოეტი და მსახიობი ტარას შევჩენკო მხატვარ-ილუსტრატორიც გახლდათ. ბაბუა პეტრე შევჩენკო კიევთან ახლოს, ვინიცის ოლქში დაიბადა. ოფიცერი იყო და სამამულო ომის პერიოდში საქართველოში აღმოჩნდა. მას ხშირად უწევდა სამხედრო გზაზე გავლა, კონკრეტულად ფასანაურის მიდამოებში (მანქანები ჩამოჰქონდათ), ბებია კი გუდამაყრიდან იყო... გაიცნეს ერთმანეთი და პეტრეს მოეწონა 18 წლის ქეთევან წიკლაური. მერე ბებიაჩემი პეტრეს წაჰყვა ომში, რასაც უფრო საინტერესო გაგრძელება აქვს. ბაბუა მატარებელში ერთი ვაგონიდან მეორეში გადადიოდა და ძირს ჩავარდა, რა თქმა უნდა, ბებიაც ჩამოვიდა, გაიარეს 100 მეტრი და მოულოდნელად, ის ეშელონი აფეთქდა...

ფოტო: ზაურ ქორთოშიძე და მადონა ხარატიშვილი
დედაჩემის მშობლები უკრაინაში დასახლდნენ, დედა იქ დაიბადა (მათი ერთადერთი შვილია). ბებია ყვებოდა: ძალიან მინდოდა საქართველოში დაბრუნება, ამაზე ყოველდღე ვოცნებობდი და შველას უფალს ვთხოვდიო. ერთ მშვენიერ დღესაც, სახლში ნახა ნაჩუქარი ობლიგაცია, შეამოწმა და იმხელა თანხა ჰქონდა მოგება, რომ თბილისში ბინა იყიდეს... სასწაულია, არა? ბაბუა ინჟინერი იყო, კიროვის სახელობის ქარხანაში მუშაობდა, თევზაობა უყვარდა. წერდა ლექსებს და რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა. 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა, ბებია კი - 99 წლისა, 6 თვის შემდეგ 100 წლისა გახდებოდა. ორივე სიკეთის განსახიერება იყო.
სამხატვრო აკადემიის გამოცდილება
- ჩავაბარე არქიტექტურის ფაკულტეტზე სამხატვრო აკადემიაში. ფარნაოზ ლაპიაშვილმა ზეთში შესრულებული ჩემი ნამუშევარი ნახა, მოეწონა და თავის კურსზე გადმომიყვანა. მისი ფრთის ქვეშ აღმოვჩნდი. მეორე კურსზე გავთხოვდი და გამინაწყენდა. ჯგუფში, ყველას თანდასწრებით მითხრა: ეს რა გააკეთე, ოჯახი ხომ უკან დაგწევსო. ბატონი ფარნა ფერწერას მასწავლიდა, თეატრის სცენოგრაფიას - სხვა პედაგოგი, მაგრამ 90-იანი წლები იდგა და ლექციები ხშირად გვიცდებოდა. ერთადერთი იყო ბატონი ფარნა, ვინც ყოველთვის მოდიოდა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მქონდა თეატრში შემოთავაზება, მაგრამ პარალელურად ფეხსაცმლის დიზაინზე დავიწყე მუშაობა და ამ საქმემ უფრო გამიტაცა.

ფოტო: სამხატვრო აკადემიაში
გავაკეთე კოლექცია „დაკარგული სამოთხე“, სადაც გამოვიყენე ჩემი სცენოგრაფია (ადამი, ევა, გველები...) და წავიღე მოდის კვირეულზე ბელარუსში. ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ შეიძლებოდა იმ ფეხსაცმლით სიარული, თუმცა მთელი კოლექცია გაიყიდა იმიტომ, რომ რთული კონცეფციის მიუხედავად, პრაქტიკული ფეხსაცმელი იყო. პარიზში წარმოვადგინე ერთ-ერთ დიზაინერთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია. მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოდის კვირეული მოვიარე. გავიდა წლები და ყველაფერი მომბეზრდა. მინდოდა რაღაც სასარგებლო გამეკეთებინა, ასე ვფიქრობდი და ფეხი მოვიტეხე...

ფეხსაცმელს არ ეტყობოდა, რომ ის ორთოპედიულია
- ფეხზე ოპერაცია გამიკეთეს, ფეხს ვერ ვადგამ, ეტლში ვზივარ, რა ვაკეთო?.. ვისწავლე ორთოპედიული ფეხსაცმლის კერვა, ბელგიაში გავიარე ონლაინ კურსი. პრაქტიკისთვის საკუთარი ნაოპერაციევი ფეხი გამოვიყენე, ტრავმის შესაბამისი ფეხსაცმელი შევიკერე. წარმოიდგინეთ, ფეხის ტერფის მძიმე და სერიოზული მოტეხილობიდან 4 თვის შემდეგ 8 სანტიმეტრიან ქუსლებზე დავდიოდი და არ მეტყობოდა, რომ ორთოპედიული ფეხსაცმელი მეცვა. რამდენიმე წელი შეკვეთებს ვიღებდი და ვკერავდით ამ ტიპის ფეხსაცმელს. ახლა, ამისთვის ვეღარ ვიცლი, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)