"ექიმობა მივატოვე, დავტოვე თბილისი, ოჯახი და აქეთ წამოვედი" - ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც დიდი წინაპრის "ეზოს მცველად" იქცა
პროფესიით ექიმია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდან თავისუფალ დროს სოფელ ლიხაურში, თაყაიშვილების ეზო-კარ-მიდამოში ატარებდა.
"მყავდა საოცარი ბებია - ვერიჩქა თაყაიშვილი-ცეცხლაძისა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. საკმაოდ პატარას თაყაიშვილებზე, წინაპრებზე საინტერესო ამბებს მიყვებოდა, განსაკუთრებით - ექვთიმეზე,“ - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი რევაზ თაყაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც დღესდღეობით დიდი წინაპრის მემკვიდრეობას მოწიწებით უფრთხილდება და უვლის.
"60-იანი წლები იყო, როცა ბებიას მოყოლილ ამბებს ვისმენდი და იმ დროს ექვთიმეზე საუბარი, ფაქტობრივად, იკრძალებოდა. მისი რეაბილიტაცია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, როცა სოფელში ექვთიმეობის დღესასწაული დაწესდა. ბებიამ მცირე ასაკში შემაყვარა ეს საოცარი ადამიანი. მასზე ძალიან დიდი ინფორმაცია მქონდა,“ - აღნიშნავს ბატონი რევაზი.
ის დღესდღეობით ექვთიმე თაყაიშვილის მემკვიდრეობის, მისი ეზო-კარის მცველია, რის გამოც უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. AMBEBI.GE-მ ბატონ რევაზთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
რევაზ თაყაიშვილი:
- სოფელიც, მთელი თავისი დიდებულებით, ბებიამ შემაყვარა. არასდროს მითქვამს, რომ თბილისელი ვიყავი, სულ ვამბობდი, რომ ლიხაურელი ვარ. ეს ვერიჩქა ბებიას დამსახურება იყო და თავიდანვე საოცრად მიყვარდა აქაურობა... ასეთი ჩვევა მქონდა - ამასაც ალბათ ბებიამ შემაჩვია - სანამ ულმაზეს, საოცრად გამწვანებულ ეზოში შევიდოდი, ფეხზე ფეხსაცმელს ვიხდიდი - ეს რაღაც თავისთავად ხდებოდა. ეზოში ფეხშიშველი შევდიოდი და მიწას ვკოცნიდი. დღემდე ასეა. ესეც ერთგვარი წინაპირობა იყო იმის, რომ სხვა დამოკიდებულება მქონოდა თაყაიშვილებისადმი და თავისთავად ექვთიმეს მიმართ. თაყაიშვილები ლიხაურის მთიან პატარა უბანში, აჭში სახლობდნენ. როდესაც გურიაში თაყა ჩამოვიდა, გურიელმა (გურიის მთავარმა) მას მიწები აჭში მისცა და იქ დასახდა. აჭში გვარი მე-16 საუკუნიდან ფიქსირდება. შემდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში ოთხი ძმა ბარში დასახლდა. ამ ოთხი ძმიდან ერთ-ერთი - ნიკოლოზ თაყაიშვილი ექვთიმეს ბაბუა გახლდათ.
- ნიკოლოზს რამდენი შვილი ჰყავდა?
- ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი, მათ შორის იყო ექვთიმეს მამა - სვიმონი. მათგან უმცროსი ერდიშელი გახლდათ. ვინაიდან გურული ტრადიციის მიხედვით, მამაპაპეული სახლი ვაჟებში უმცროსს რჩება, ეს სახლი უმცროსს, ერდიშელს დარჩა. ეს იყო სახლი, სადაც ექვთიმეს მამა, ექვთიმეს ბიძები, მამიდები, თვითონ ექვთიმე და მთელი ჩვენი წინაპრები დაიბადნენ. ერდიშელის შვილი იყო მოსე თაყაიშვილი, შემდეგ იყო მამაჩემი - გივი და ეს საოცარი განძი ჩემამდე ასე მოვიდა. ნიკოლოზ თაყაიშვილის მთელი ეზო-კარმიდამოში, მამულსა და რაც მთავარია, ორი საუკუნის შენობაში ახლა მუზეუმია განთავსებული. ცნობილია, რომ ექვთიმეს მამა, ექვთიმეს დაბადებამდე ოსმალებთან შეტაკებისას რუსეთ-ოსმალეთის იმპერიების საზღვარზე მდინარე ჩოლოქთან დაიჭრა. სვიმონი საზღვრის მცველი, კორდონის ნაჩალნიკი იყოო, - ასე წერს ექვთიმე მამაზე. დაჭრილი კი სეფსისით გარდაიცვალა, ოთხი თვის შემდეგ ექვთიმე გაჩნდა. დედაც რომ გარდაეცვალა, მისი გაზრდა მამიდა მაკამ ითავა (დაქვრივდა და მაკვანეთიდან, სადაც გათხოვილი იყო, ოჯახში დაბრუნდა) და ბიძია ერდიშელმა. გააგრძელეთ კითხვა