მედლის „აწევას“ დღეს ჩხეიძე ეცდება - ბათუმში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, გუშინდელი დღე მედლის გარეშე დავასრულეთ. კონტინენტის პირველობის მეექვსე საშეჯიბრო დღეს, ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიში მეოთხე ადგილი დაიკავა ნათია გადელიამ. ნათიამ ატაცში 106 კილოგრამი დაძლია, აკვრაში - 131 კგ და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 237 კილოგრამით, ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა.
გუშინვე, 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფიცარნაგზე უნდა გასულიყო ირაკლი გობეჯიშვილიც. სამწუხაროდ, ძველი ტრავმის გამიზეზების გამო, ირაკლი იძულებული გახდა ასპარეზობაზე უარი ეთქვა. გობეჯიშვილმა მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი დასკვნითი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, დაზიანების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და სამომავლო გართულებების თავიდან ასარიდებლად, სპორტსმენი ტურნირს ჩაეხსნა.

დღეს საღამოდან (19:00 საათი), ევროპის ჩემპიონატის მედალს შეუტევს ირაკლი ჩხეიძე (110 კგ). ექვსი საშეჯიბრო დღის ჯამში, საქართველოს ნაკრებს 6 მედალი აქვს მოპოვებული - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ბათუმის ფიცარნაგზე პირველი მედალი რამინ შამილიშვილმა (60 კგ, ბრინჯაოს მედალი) მოიპოვა, პირველი ოქროს მფლობელი კი გახდა გოდერძი ბერდელიძე (60 კგ), რომელმაც ატაცში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს არჩილ მალაყმაძემ (79 კგ) და მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ), ამავე წონაში მოასპარეზე ზურამ მსხალაძემ კი მკერდი ორი მედლით დაიმშვენა - აკვრაში ოქროს მედალს დაეუფლა, ორჭიდში კი ქართველი გულშემატკივარი ვერცხლის მედლით გაახარა.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი მეორედ მასპინძლობს (2019 წელს გამართული ტურნირის ორგანიზებისთვის უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ და სასიხარულოა, რომ წლევანდელი ჩემპიონატიც ხარვეზების გარეშე, უმაღლესი სტანდარტებით მიმდინარეობს. აჭარის მთავარ ქალაქში 45 ქვეყნის 350 ძალოსანმა მოიყარა თავი, რომელთა შორის 13 ქართველიც არის. ირაკლი ჩხეიძის შემდეგ, ხვალ ფიცარნაგზე საქართველოს კიდევ სამი წარმომადგენელი გავა: ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი (ორივე +86 კგ) და ბაქარ თურმანიძე (+110 კგ). ასე რომ, სხვადასხვა სინჯის მედლებს კიდევ ველით და ცხადია, ოპერატიულად გაცნობებთ კიდეც (მედიის წარმომადგენლები ბათუმში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ვიმყოფებით).
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
25 აპრილი 19:00 | 110 კგ – ირაკლი ჩხეიძე;
26 აპრილი 13:00 | +86 კგ – ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი;
26 აპრილი 16:00 | +110 კგ ბაქარ თურმანიძე.
(სპეციალურად საიტისთვის ბათუმიდან)