ჯიქურად, სროლა-სროლით შეჭრილ მარტოხელა თავდამსხმელს პრეზიდეტ ტრამპის მაგიდამდე მიღწევის შანსი არ ჰქონდა... (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ჯიქურად, სროლა-სროლით შეჭრილ მარტოხელა თავდამსხმელს პრეზიდეტ ტრამპის მაგიდამდე მიღწევის შანსი არ ჰქონდა... (ვიდეო)

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც პოლიტიკოსი, რომელზეც ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული და შეიძლება ათასობით ამერიკელი ოცნებობდა მის ფიზიკურ განადგურებას...

25 აპრილის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც მამაკაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტში ცეცხლი გახსნა.

ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის აგენტს თოფიდან ესროლა.

trampzetavdasxmashiechvmitanili-1777192900.jpg
შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 31 წლის მასწავლებელი კოულ ტომას ალენი დაკავებისა და განაიარაღების შემდეგ…

ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაშავებული ოფიცერი ჯავშანჟილეტით იყო დაცული და კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტით და რამდენიმე დანით. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

ყოველწლიური ღონისძიება „ვაშინგტონ ჰილტონის“ სასტუმროში გაიმართა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მედიისა და მთავრობის ასობით წარმომადგენელი. სადილს, საერთო ჯამში, დაახლოებით 2 600 ადამიანი ესწრებოდა.

dacva-1777193556.jpg
საიდუმლო სამსახურის აგენტები პრეზიდენტ ტრამპის სასწრაფო ევაკუაციას ახორციელებენ...

პირი, რომელმაც თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე ცეცხლი გახსნა, ლოს-ანჯელესის 31 წლის მცხოვრები,მასწავლებელი კოულ ტომას ალენია.

დაკავებულ ეჭვმიტანილს არ უთქვამს, რომ მისი სამიზნე პრეზიდენტი ტრამპი იყო და მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახსენა.

ეს არის პირველადი ოფიციალური ინფორმაცია იმ სერიოზულ ინციდენტზე, რაც აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების სიახლოვეს მოხდა, თუმცა გავრცელებული ვიდეოკადრებიდან, ბევრად მეტის გაანალიზება შეიძლება.

“ვაშინგტონ ჰილტონის“ სასტუმროს დერეფანში დაყენებული სათვალთვალო ვიდეოკამერაზე კარგად მოჩანს, რომ იქ მდგარ საიდუმლო სამსახურის აგენტებს სირბილით და სროლა-სროლით ჩაურბენს ადამიანი.

dacva2-1777193648.jpg
პისტოლეტმოღერებული საიდუმლო სამსახურის აგენტები სასტუმროს დერეფნებში თავდამსხმელის შესაძლო თანამზრახველებს ეძებდნენ...

მას საპასუხოდ ესვრიან, თუმცა საბოლოო ჯამში თავდამსხმელის გაუვნებლება, მისი დაჭრის გარეშე ხდება-გაშიშვლებული თავდამსხმელი სასტუმროს იატაკზე წევს ზურგს უკან ხელბორკილდადებული-ჩხრეკის დროს გააშიშვლეს,რომ ასაფეთქებელი მოწყობილობაც არ ჰქონოდა სხეულზე ფარულად მიკრული...

თავად დარბაზიდან, სადაც საზეიმო ვახშამი მიმდინარეობდა, ბევრი ვიდეოკადრები გავრცელდა, რაც მოსალოდნელიც გახლდათ,ბოლოს და ბოლოს დარბაზში, ხომ ასობით ჟურნალისტი ისხდა.

მათი უმრავლესობა მაშინვე მაგიდების ქვეშ შეძვრა და იატაკზე დაწვა,როგორც კი სროლის ხმა გაიგეს და დარბაზში საიდუმლო სამსახურის სპეცრაზმელები შევარდნენ ავტომატური შაშხანების ლულების აქეთ-იქით ტრიალითა და ყვირილით-სტუმრების რეაქცია, სრულიად გამართლებული გახლდათ, რადგან იატაკზე დაწოლილ ადამიანს მეტი შანსი აქვს გადაურჩეს ბრმა ტყვიას...

რაც შეეხება პისტოლეტ და ავტომატმოღერებული აგენტების სირბილს დარბაზში, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი-საიდუმლო სამსახურმა არ იცოდა თავდამსხმელი მარტო იყო თუ მას ჰყავდა თანამზრახველები უშუალოდ დარბაზშიც,რომლის სცენაზე გაშლილი იყო სუფრა აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის და მათი თანმხლები პირებისთვის და ისინი საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენდნენ.

ისე ცოტა უცნაურად გამოჩნდა, როდესაც პირადმა დაცვამ ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსი ევაკუირება უფრო სწრაფად განახორციელა,ვიდრე თავად პრეზიდენტისა და ამასთან ევაკუირებისას პრეზიდენტმა ტრამპმა წაიბორძიკა და მუხლებზე დაეშვა,რის დროსაც დაცვა ზემოთ „გადააფოფხდა“...ამ სცენამ კი ძალაუნებურად მოგვაგონა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთი ცნობილი ეპიზოდი გორის ქუჩაზე...

sastumro-1777193732.jpg
სროლების გაგონებისთნავე სტუმრები მაგიდების ქვეშ შეძვრნენ,რაც სწორი რეაქცია გახლდათ...

ძალიან ნიშანდობლივია, რომ რომ სროლის ინციდენტი კონექტიკუტის გამზირზე მდებარე „ვაშინგტონ ჰილტონში“ მოხდა - იმავე სასტუმროში, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დაჭრეს. სროლა 1981 წლის 30 მარტს მოხდა, როდესაც დამნაშავემ, ჯონ ჰინკლი უმცროსმა, რეიგანს ესროლა, როდესაც ის სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ბრუნდებოდა.

ამჯერად, პრეზიდენტზე პოტენციურმა თავდამსხმელმა სხვა ტაქტიკა აირჩია-საიდუმლო სამსახურის კორდონების სირბილითა და სროლა-სროლით გადალახვა, მაგრამ მას არავითარი შანსი არ ჰქონდა საბოლოო მიზნამდე-აშშ-ის 47-ე პრეზიდენტამდე მიეღწია, თუკი, რა თქმა უნდა, საიდუმლო სამსახურის აგენტები არ შეუშინდებოდნენ სროლას და მას „დერეფანს“ არ გაუხსნიდნენ ტრამპამდე...

ის გარემოება, რომ ტრამპზე უკვე მესამე თუ მეოთხე შეიარაღებული თავდასხმა ან თავდასხმის მცდელობა ეწყობა(გაიხსენეთ 2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიაში მიტინგზე,სცენაზე მდგარი პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის მიმართულებით გასროლები, როდესაც ერთმა ტყვიამ მას მარჯვენა ყური გაუჩხაპნა), მიანიშნებს მისი პოლიტიკისადმი თავად ამერიკელი ამომრჩევლების მზარდ ანტიპათიას, როდესაც მათი ნაწილი თვით მკვლელობაზეცაა წამსვლელი, ოღონდ ტრამპის პრეზიდენტობა რაც შეიძლება მალე შესწყდეს...