"ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. იმ მონაკვეთზე გზა გაფუჭებულია და ..." - რას ამბობენ სამტრედიაში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ 23 წლის ახალგაზრდაზე? - კვირის პალიტრა

"ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. იმ მონაკვეთზე გზა გაფუჭებულია და ..." - რას ამბობენ სამტრედიაში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ 23 წლის ახალგაზრდაზე?

სამტრედიაში 25 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ამ მძიმე ავარიის შედეგად.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე საღამო ხანს მოხდა, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი, 23 წლის ბესიკ (ბესო) შარაშენიძე, სხვა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

“როგორც ვიცი, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ბესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, სხვები რჩებიან კლინიკაში. ვიცი, რომ რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო გარდაცვლილი. სამტრედიელია, ოჯახიც ახალი შექმნილი ჰქონდა. იმ მონაკვეთზე გზა გაფუჭებულია და მანქანებს საპირისპირო გზაზე უწევთ გადასვლა, საღამო ხანს მოხდა ეს ავარია. ეტყობა საპირისპიროზე იყო ერთი მანქანა გადასული და სხვა შეეჯახა. სხვა დეტალები არ ვიცი, ვუსამძიმრებ ოჯახს”,- ამბობს ადგილობრივი.

გლოვობენ გარდაცვლილ ახალგაზრდას. ბესო დაოჯახებული იყო. თავის რჩეულთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, უცებ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა.

marikapanadze-1777198921.jpg

ძალიან ემოციურია სტატუსები, რომლითაც ბესო შარაშენიძე მეუღლეს ულოცავდა დაბადების დღეს:

“ჩემო სიცოცხლე, ჩემო ყველაზე ძვირფასო ადამიანო. გილოცავ დაბადების დღეს! ვერანაირი სიტყვა ვერ იტევს იმას, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. შენ ხარ ჩემი დილა, ჩემი სიმშვიდე, ჩემი სახლის სითბო და ჩემი გულის ყველაზე ტკბილი ნაწილი. როცა შეგხვდი, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული. შენთან ერთად ვისწავლე ბედნიერების დაფასება, პატარა სიხარულებით ტკბობა და ის, რომ ცხოვრება მაშინ არის ლამაზი, როცა გვერდით ის ადამიანი გყავს, ვინც გიყვარს. შენ ჩემთვის უბრალოდ ცოლი კი არა – ჩემი მეგობარი, ჩემი ნუგეში, ჩემი ყველაზე სანდო ადამიანი ხარ. მადლობა ყოველი ღიმილისთვის, ყოველი თბილი სიტყვისთვის, იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც ყოველდღე მაძლევ. მადლობა, რომ ჩემი ცხოვრება გაალამაზე და მასში ყველაზე ლამაზი ფერები შემოიტანე. შენით იწყება ჩემი ძალა და შენით მთავრდება ჩემი ყველა ფიქრი. მინდა სულ ბედნიერს გხედავდე, თვალები სულ ისე გიბრწყინავდეს, როგორც დღეს. მინდა შენი ყველა ოცნება აგიხდეს, ყველა სურვილი რეალობად გექცეს. მე კი დაგპირდები, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები – სიხარულშიც და სირთულეშიც, დღესაც და მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მიყვარხარ, ისე ძლიერ, სიტყვებით რომ ვერ ავხსნი. შენ ხარ ჩემი ერთადერთი, ჩემი ოჯახი, ჩემი სიყვარული და ჩემი ცხოვრება. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო დედოფალო”.

კიდევ ერთი ემოციური სტატუსი მიუძღვნა მან მეუღლეს ზუსტად ერთი თვის წინ: “დღეს 25 მარტია, ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა შენ შეგხვდი და ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა. ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ დასრულდა იმით, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვიპოვე. შენთან ერთად თითოეული დღე უფრო აზრიანი, უფრო თბილი და უფრო ნამდვილია. ერთი წელი გავიდა, მაგრამ თითქოს ერთი წამიც არ მინდა გამოტოვებული მქონდეს ჩვენი მოგონებებიდან. მადლობა, რომ ხარ ჩემი მშვიდობა, ჩემი ძალა და ჩემი სიყვარული. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი წელი, ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი საერთო მოგონება გველოდება. მიყვარხარ დღეს, ხვალ და ყოველთვის”.

სამწუხაროდ ლამაზი წყვილის ოცნებები ჩაქრა. დღეს გლოვაა მის ოჯახში, გლოვობენ ის ადამიანები, ვინც ამ ახალგაზრდა ბიჭს იცნობდა.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)