"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" - რას ჰყვებიან ბაჩო ბებიაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა
"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ - მხარზე ამოტვიფრული ეს სიტყვები ბედისწერად იქცა ბაჩო ბებიასთვის. სპეციალური დანიშნულების ბატალიონის "ცუნამის“ ქართველი ასმეთაური რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცა,
ბაჩო ბებიას კიდევ ერთ გმირ ქართველთან, დათო გოგაძესთან ერთად ჩამოასვენებენ საქართველოში.
გმირების შესახებ უკრაინაში მებრძოლი ჯგუფი "სარანგის“ მეთაური, მიხეილ ბატურინი გვიამბობს.
მიხეილ ბატურინი: - ბაჩო 126-ე ცალკეულ ბრიგადაში, სპეციალური დანიშნულების ბატალიონ "ცუნამიში“ მსახურობდა და ასმეთაური იყო. სამხრეთის მიმართულებაზე იბრძოდა და დაბომბვაში მოჰყვა. ყველა ქართველი მებრძოლი ჩემს გულშია, მაგრამ ბაჩო განსაკუთრებულად მიყვარდა, გამორჩეული მებრძოლი და იშვიათად კარგი ადამიანი იყო. ყველას უყვარდა ვინც იცნობდა.
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო, უკრაინაში, ოდესაში რომ გადასახლდნენ, ბაჩო 11 წლის იყო. საქართველოს მონატრებაში დალია სული, რომ შევხდებოდი მისი საუბარი იწყებოდა და მთავრდებოდა საქართველოს თემით. როგორც კი ომი დაიწყო, იმ დღიდანვე მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა. რიგითი ჯარისკაცი იყო და ბრძოლის ველზე გახდა ასმეთაური.
ყველა აღტაცებული იყო მისი საბრძოლო უნარ-ჩვევებით და მამაცობით. არასოდეს უკან არ მდგარა, ჯარისკაცებს ყოველთვის წინ მიუძღვებოდა. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, მამაცი მეომარი დავკარგეთ. ბაჩო წარმოუდგენლად დიდი დანაკლისია როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.
- როგორ და რა ვითარებაში გაიცანით ბაჩო?
- ჩვენ სხვადასხვა დანაყოფებში ვმსახურობდით, ერთად ბრძოლა არ მოგვიწია, თუმცა კავშირი ყოველთვის გვქონდა. 2022 წელი იყო, ხერსონის მიმართულებაზე ვიყავით, ჩვენი დანაყოფი ბაშტანკაში იდგა. გაიგო, რომ ქართველები ვიყავით და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - მოვარდა. ისე ჩაგვეხუტა, ისე მოგვეფერა თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვიყავით.
იმ დროიდან მუდმივად კავშირზე ვიყავით. ერთხელ, ოდესაში ჩავედი საქმეზე. არ ვიცოდი, რომ ბაჩო შვებულებაში იყო და ისიც იქ იყო. ვფიქრობდი, საქმეს მოვაგვარებდი და მალევე კიევში დავბრუნდებოდი. საქმეები რომ დავასრულე და წასვლას ვაპირებდი, მოულოდნელად დამადგა თავზე. მეჩხუბა, - რატომ არ მითხარი, აქ რომ იყავიო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, შემდეგ ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. ყოველთვის როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, ამ სიტყვას ამბობდა - საქართველოში შევხვდებითო. ვრცლად