"საქართველო აღმოჩნდა გლობალური გადალაგების პროცესში, სადაც  პოსტსაბჭოთა სივრცე სწრაფად იცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას“ - კვირის პალიტრა

"საქართველო აღმოჩნდა გლობალური გადალაგების პროცესში, სადაც  პოსტსაბჭოთა სივრცე სწრაფად იცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას“

რა შეიძლება იყოს საკადრო ცვლილებების მიზეზები, ექნება თუ არა ამ პროცესს გაგრძელება და რისთვის ემზადება "ქართული ოცნება", ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს.

"საკადრო ცვლილებები, მათ შორის მდინარაძის საკითხი, ფართო პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ“

- ირაკლი კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის მზად არის ნებისმიერი საკადრო ცვლილებისთვის ახალი პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად. პრობლემა ის არის, რომ ამერიკელები მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე საკადრო ცვლილებებია. თუ გადავხედავთ, რა პრინციპზე გადაიტვირთა შუა აზიის რესპუბლიკების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, დავინახავთ ერთ თვალში საცემ კანონზომიერებას: ეს ყველგან ანტირუსულ საფუძველზე მოხდა და ივანიშვილმა იცის, რომ საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ ის ახლა საკადრო ცვლილებებით ცდილობს ოპერატიული პაუზის შევსებას.

- მაშინ რას ნიშნავს შს მინისტრად დასანქცირებული სულხან თამაზაშვილის დანიშვნა?

- გლობალური დასავლეთი, რომელთან ურთიერთობაშიც ერთი ვექტორი უნდა გვქონოდა, წარსულს ჩაჰბარდა. ივანიშვილმა უნდა იზრუნოს ამერიკელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რომელთა როლი და შესაძლებლობები კავკასიაში ფუნდამენტურად განსხვავდება ევროპელებისგან. რუსეთი შეიძლება მუდმივად დაამშვიდო ევროპელებთან პოლიტიკური კინკლაობით, მაგრამ ამის უფლება ვაშინგტონთან არა გაქვს. შს მინისტრად თამაზაშვილის დანიშვნა სწორედ მდინარაძის მოხსნის საპირწონე ადმინისტრაციული სვლაა.

222-1777213494.jpg

- თამაზაშვილი მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კი არა, ბრიტანეთის მიერაც არის სანქცირებული.

- ევროკავშირი და ბრიტანეთი კავკასიაში ერთად მოქმედებენ, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შუა აზიაში. მათ შორის სერიოზული სტრატეგიული განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. მეტიც, ევროპელებმა ბრიტანეთის პოლიტიკურ ნარატივებს აუბეს მხარი ამიერკავკასიაში და ახლა აქტიურად დებენ ფსონს თურქეთის როლის გაძლიერებაზე, ამერიკული პოლიტიკა კი ცდილობს ყოფილი საბჭოთა სივრცისგან საკუთარი პროტექტორატის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ევროპელებსა და ბრიტანელებს შედარებით მცირე წარმომადგენლობა ექნებათ. საუბარია რუსეთისგან დისტანცირებული ახალი პოსტსაბჭოთა სივრცის კონსტრუირებაზე. ამ პროცესში მოიაზრება შუა აზია და მთლიანად კავკასია. ეს იმდენად მასშტაბური პროექტია, რომ ერთიანად მისი წარმოდგენა არ მოხდება, ეტაპობრივად გაჟღერდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მკვეთრად ანტირუსული და ანტიჩინური აღქმა. მისი გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში, ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე და მის შემდეგ გახდება საჯარო. ამ კონტექსტში ივანიშვილს დროის შეზღუდული რესურსი აქვს. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები, მათ შორის მდინარაძის საკითხი, ფართო პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ.

- თქვენი აზრით, რუსი ჯაშუშების დაკავება და ამის გასაჯაროება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილია?

- აღარც კი მეგონა, თუ ასეთ რამეს მოვესწრებოდი. ვფიქრობ, ასეთი ფაქტები გახშირდება. ესეც პოლიტიკური გადატვირთვის ნაწილია და ასევე სიგნალია ამერიკისთვის.

- ალბათ, საგულისხმოა, რომ რუსებმა ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე დატოვეს.

- ე.ი. პროცესები კულუარულად არის შეთანხმებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ტყუილზე აგებულ თამაშთან. ეს ივანიშვილის მოქმედების სტილია: ფრთხილი, წინასწარ გათვლილი ნაბიჯები.

- თუ ივანიშვილი ამერიკელებს რუსებთან შეთანხმებით უგზავნის სიგნალებს, ეს ტყუილზე აგებული თამაში როგორ არ არის?

- მსოფლიო მედიის 75 პროცენტს ამერიკელები აკონტროლებენ, 25 პროცენტს - ევროპელები. რადგან არც რუსეთი რეაგირებს და არც დასავლური მედია აძლევს ამას კრიტიკულ შეფასებას, ე.ი. ორივე მხარისთვის მისაღებია არსებული ფორმატი. ასეთ შემთხვევაში ეს აღიქმება როგორც პირველი ნაბიჯი და არა საბოლოო შედეგი. არ გეგონოთ, რომ აქ მხოლოდ რუსულ-ქართული კომბინაციაა და ამერიკა პასიური დამკვირვებელია. გლობალურად მიმდინარე პროცესები რუსეთის პოზიციების შესუსტების მიმართულებით ვითარდება. პუტინი ცდილობს, რაც შეუძლია შეინარჩუნოს და რაც ვერა, დროულად დათმოს. მოსკოვში კარგად ხვდებიან, რომ მათი რესურსები სუსტდება როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ეს ბუნებრივად აისახება კავკასიაზეც.

- რამდენად იკვეთება ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის საკითხის შესაძლო გააქტიურება?

- ამერიკისთვის პრიორიტეტი პორტის მშენებლობა კი არა, იქიდან ჩინეთის გაძევება იყო და ეს უკვე მოხდა. საქართველო აღმოჩნდა გლობალური გადალაგების პროცესში, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცე სწრაფად იცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას.

დღეს მსოფლიოში პროცესებს მართავენ და ყველაზე გავლენიან ჯგუფად მოიაზრება რუბიო-გრემის დაჯგუფება, ტრამპის ოჯახისა და ებრაული კონგლომერაციის შემდეგ. ვენსს არანაირი პოლიტიკური წონა არა აქვს. რუბიო აკონტროლებს პროცესს, რომლის შედეგადაც ევროპა საქართველოს მიმართ უფრო რბილ და ნაკლებად მკაცრ პოლიტიკურ პოზიციას ინარჩუნებს. ვიღაცას მართლა ხომ არ წარმოუდგენია, რომ ორბანი ამ პროცესების სათავეში დამოუკიდებლად იდგა და ერთპიროვნულად მოქმედებდა? ორბანი მხოლოდ მექანიზმად გამოიყენებოდა და სწორედ მისი მეშვეობით ამუხრუჭებდნენ ევროპულ ხაზს. ამავე კონტექსტში განიხილება უკრაინისთვის ოთხმოცდაათ მილიარდთან დაკავშირებული საკითხის "დამუხრუჭებაც", რაც თითქოს ორბანის გავლით ფორმალურად აისახა, თუმცა რეალურად ევროპულ შიდა გარიგებებს უკავშირდებოდა ზელენსკის მომავალი საპრეზიდენტო ამბიციების დაბალანსების მიზნით. თუ ამ ტრანსფორმაციულ პროცესებში ივანიშვილმა შეცდომები დაუშვა, რუბიომ შეიძლება კვლავ "აუშვას" ევროპული პროცესები, ისე, რომ თავად საერთოდ არ გამოჩნდეს.

ხათუნა ბახტურიძე