„თუ სააკაშვილის ლიდერობაზე კატეგორიული წინააღმდეგობა გაძლიერდა, მაშინ ალიანსი დაიშლება“ - კვირის პალიტრა

„თუ სააკაშვილის ლიდერობაზე კატეგორიული წინააღმდეგობა გაძლიერდა, მაშინ ალიანსი დაიშლება“

ოპოზიციური ალიანსის ირგვლივ მორიგი პოლიტიკური დაძაბულობა ჩნდება, სადაც ერთ მხარეს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ პარტნიორობაზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხარეს ლიდერობის, წონისა და პოლიტიკური გავლენის საკითხი ისევ ღიად რჩება. თამარ ჩერგოლეიშვილი ალიანსში შემავალი პარტიების თანასწორობის აუცილებლობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ვინც ამ ფორმატს არ ეთანხმება, მას ალიანსში ადგილი არ ექნება, პარალელურად კი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიციური და ლიდერობაზე პრეტენზიების გადახედვისკენ მოუწოდებს და გაერთიანების პროცესს არათანამიმდევრულად აფასებს. თავად მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის რიტორიკას რეალობაზე აცდენილად მიიჩნევს და მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ლიდერობის უნარზე სვამს კითხვებს. სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსა და დაპირისპირებულ ხედვებს შორის იკვეთება ის პოლიტიკური კონტექსტი, რომლის შეფასებასაც ვახტანგ ძაბირაძესთან შევეცდებით.

- ყველაფერი ცხადი იყო თავიდანვე, როდესაც ოპოზიციური ალიანსი შეიქმნა. მისი ბირთვი, ფაქტობრივად, "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობაა". ასე აღიქვამს ამ პროცესს ყველა, ვინც პოლიტიკურ მოვლენებს ობიექტურად აკვირდება. "თავისუფლების მოედნისა" და "ეროვნული დემოკრატების" გამოკლებით, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობით მაინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული. რაც შეეხება "ეროვნულ დემოკრატებს", მათაც კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გარკვეული ფორმით თანამშრომლობა ჰქონდათ ამ პოლიტიკურ ძალასთან. თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ 2024 წლის არჩევნებში "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ევროპული საქართველო", ფაქტობრივად, ერთ ბლოკში მოქმედებდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, გამოდის, ამ ალიანსის ბირთვისთვის სააკაშვილი მიუღებელი არ არის. ამას თავად სააკაშვილიც ხედავს და უჩნდება საფუძველი შეფასებისთვის, რომ რეალურად საქმე გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" ერთგვარ რეანიმაციულ პროცესთან და ერთიანი პოლიტიკური სივრცის ცენტრში თავად უნდა იდგეს.

hq720-1777213880.jpg

- თუმცა, ცხადია, ალიანსის სხვა ძალები მას ლიდერად აღარ აღიქვამენ. ამ ფონზე ხომ არ არის მისი განცხადებები პროვოკაციული და მიმართული იმისკენ, რომ ალიანსი დაიშალოს?

- რეალურად სააკაშვილი ამ ალიანსში მართლაც ყველაზე ძლიერი ლიდერია. 2024 წლის არჩევნების შედეგებიც ამაზე მიუთითებს. ის ხმები, რაც "ნაციონალებმა" მიიღეს, მნიშვნელოვანწილად სააკაშვილის ფაქტორს უკავშირდება. ამიტომ მისი პოზიცია გასაგებია, როცა ხედავს ამ პოლიტიკურ კონფიგურაციას, რატომ უნდა დათმოს ლიდერობა?

- იყო თუ არა იმთავითვე შეცდომა ალიანსის ამგვარად ფორმირება?

- დიახ, გვარამიამ, მელიამ და სხვა ლიდერებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, უნდა სცოდნოდათ, სააკაშვილს ლიდერობის პრეტენზია ექნებოდა და არცთუ უსაფუძვლოდ.

- რამდენად აზარალებს ახლა ეს დაპირისპირება ოპოზიციას და როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ხელისუფლებამ?

- მთელი ეს პროცესი ადასტურებს "ქართული ოცნების" იმ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას ისევ სააკაშვილის დაბრუნება და ერთპიროვნული ლიდერობა სურს. ამას ემატება ისიც, რომ თავად სააკაშვილი ხშირად აკრიტიკებს კოალიციურ მმართველობას და უპირატესობას ავტორიტარულ მმართველობას ანიჭებს, ეს კი ხელისუფლებისთვის დამატებითი პროპაგანდისტული რესურსია, რომ საზოგადოებაში შიში და სკეპტიციზმი გააძლიეროს. მართლაც, თუ კოალიციური ხელისუფლება უნიათოა, მაშინ ავტორიტარიზმი ისედაც გვაქვს და რისთვის უნდა იბრძოლოს ხალხმა?!

- როგორ ხედავთ ამ ალიანსის მომავალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ჩერგოლეიშვილი, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ალიანსში ყველა პარტია თანასწორ პარტნიორად უნდა იყოს აღიარებული და ვინც ამ პრინციპს არ იზიარებს, მას ალიანსში ადგილი არ ექნება?

- თუ ალიანსი არ ყალიბდება ერთიან პოლიტიკურ ძალად, მაშინ ბუნებრივად იბადება კითხვა, რა მოხდება, თუ ხვალ-ზეგ არჩევნები დაინიშნება? შენარჩუნდება ერთიანობა თუ დაიშლება? ეს უკვე პირდაპირ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, რადგან არჩევნების წინ შექმნილი ალიანსი, რომელიც შემდეგ იშლება და მონაწილეები ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, რეალურად სუსტდება და ეფექტსაც კარგავს. უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ალიანსში შემავალი ძალები ჯერ კიდევ არ არიან შეთანხმებული, რა უნდათ, ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება თუ დროებითი შეთანხმება. ამასთან, სააკაშვილმა არ მიიღო ის რეალობა, რომ მის ლიდერობაზე შესაძლოა ვინმემ უარი თქვას. ეს დაპირისპირება, როგორც ჩანს, გაგრძელდება და სააკაშვილის განცხადებებს, დიდი ალბათობით, ხელისუფლება გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შიში გააძლიეროს და მაქსიმალურად შეამციროს 26 მაისის აქციაზე მისულთა რაოდენობა. ხელისუფლება სხვა არგუმენტებსაც მოძებნის და პროპაგანდისტულად შეეცდება პროცესის ისე წარმართვას, რომ საპროტესტო აქციაში რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, ჩემი შეფასებით, პროცესი სწორედ ამ მიმართულებით წავა. თუ სააკაშვილის ლიდერობაზე კატეგორიული წინააღმდეგობა გაძლიერდა, მაშინ ალიანსი, სავარაუდოდ, დაიშლება.

ხათუნა ბახტურიძე