"ირანულ მმართველ ელიტაში მყარი ერთიანობაა. ამ ომმა გაცილებით გააძლიერა "გუშაგთა კორპუსის" გავლენა" - კრიზისის ორი სცენარი
21 აპრილს პაკისტანის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის ფონზე ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა, თუმცა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა ძალაში დატოვა. საპასუხოდ თეირანმა უარი თქვა მოლაპარაკების გაგრძელებაზე და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი გაამკაცრა, რაც 22 აპრილს ირანელი სამხედროების მიერ ორი სავაჭრო გემის დაკავებით დაამტკიცა. მოვლენების ესკალაციის პარალელურად, ტრამპმა აშშ-ის საზღვაო ძალებს სრუტეში ნაღმების დამმონტაჟებელი ნებისმიერი გემის განადგურების ბრძანება გასცა, ხოლო ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ ომის განახლებისთვის სრული მზადყოფნა გამოაცხადა და აშშ-ისგან "მწვანე შუქი"“მოითხოვა. ამ მზარდი დაძაბულობის ფონზე, 24 აპრილს, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ავიამზიდი George H.W. Bush-ი შევიდა, ტრამპმა კი ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 კვირით გაახანგრძლივა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები გადავიდა "ნერვების ომისა"“ და ორმხრივი სამხედრო-ეკონომიკური შანტაჟის ფაზაში: ირანი და აშშ ერთმანეთის წინააღმდეგ იდენტურ სტრატეგიას იყენებენ - ბლოკადა ბლოკადის საპასუხოდ. თეირანისთვის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ერთადერთი ქმედითი პასუხია აშშ-ის მიერ ირანული პორტების ბლოკირებასა და აზიის წყლებში ირანული ტანკერების დაკავებაზე. ირანის მიერ გემებიდან მიღებული "გადასახადის" ცენტრალურ ბანკში მიმართვა და სასამართლოს მიერ სავაჭრო გემების "კანონიერ სამიზნეებად" გამოცხადება მიუთითებს, რომ თეირანი სრუტეში მეკობრეობის ლეგალიზებას და მის ეკონომიკურ იარაღად ქცევას ცდილობს. თავის მხრივ, ტრამპის უპრეცედენტოდ ხისტი ბრძანება - "ესროლეთ და გაანადგურეთ",“აჩვენებს, რომ ვაშინგტონი სრუტეზე კონტროლის დათმობას არ აპირებს.
მეორეა მხარეებს შორის ფუნდამენტური უნდობლობა, როდესაც ორივე მხარე მოლაპარაკების ჩაშლას ერთმანეთს აბრალებს. ამას ემატება მესამე ფაქტორი - ასიმეტრიული ომი ტრადიციული სამხედრო ძალის პირისპირ. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის მინისტრის რადიკალური რიტორიკა და კიდევ ერთი მუქარა ირანის "ქვის ხანაში"“ დაბრუნების შესახებ, ამერიკისთვის დამატებითი წნეხია. თუმცა ტრამპის გადაწყვეტილება, 3 კვირით გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ლიბანს შორის, ცხადყოფს ვაშინგტონის სტრატეგიას, რომ აშშ ცდილობს ლოკალური ფრონტების იზოლირებას და "გაგრილებას", რათა მთელი სამხედრო და დიპლომატიური ფოკუსი ირანის ბირთვულ პროგრამაზე უშუალოდ თეირანის შესაკავებლად მიმართოს. მოვლენების განვითარება ცხადყოფს, რომ ამჟამინდელი სტატუს-კვო უკიდურესად მყიფეა და მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პერსპექტივა სრული დიპლომატიური კოლაფსი და რეგიონული სამხედრო ესკალაციაა, რასაც მოჰყვება ჰორმუზის სრუტის სრული პარალიზება, ხოლო ლიბანში განახლებული საომარი მოქმედებები უფრო გააღრმავებს მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისს, გაზრდის კონფლიქტში სხვა რეგიონული მოთამაშეების ჩართვის რისკს. ალტერნატიული, ნაკლებად რადიკალური, მაგრამ ეკონომიკურად დამღლელი გზა სტატუს-კვოს შენარჩუნება და "გამოფიტვის"“ სტრატეგიაა. ყველაზე ოპტიმისტური პერსპექტივა პრაგმატული დეესკალაცია და ფრონტების გამიჯვნაა. რომელი სცენარის მეტი პერსპექტივა არსებობს, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- ტრამპს უნდა ისეთ გარიგებას მიაღწიოს, რომელიც საშუალებას მისცემს მეტ-ნაკლებად ღირსეულად დაასრულოს ომი, რათა მის მოწინააღმდეგეებს არ ჰქონდეთ არგუმენტი, თითქოს ის გამოიქცა. მიდის მუშაობა, რომ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისი გამოიძებნოს - ირანმაც თქვას, რომ გაიმარჯვა და ტრამპმაც, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მარტივი არ არის.
მას შემდეგ, რაც ირანმა ომის ყველაზე მძიმე ეტაპს გაუძლო, ტრამპთან მოლაპარაკება გაცილებით იოლია, რადგან ფიქრობენ, კიდევ რა უნდა გვიქნას, რაც უკვე არ გაუკეთებიაო.
არა მგონია, ამერიკა სამოქალაქო ობიექტების - ელექტროსადგურების, ხიდებისა და მსგავსი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე წავიდეს, რადგან ეს მძიმე დარტყმა იქნება მისი პრესტიჟისთვის. ისრაელი მსგავს ქმედებებზე ღაზაში იმიტომ მიდის, რომ მის მოსახლეობას იქაურები ეზიზღება, ამერიკელებს კი ირანი ასეთ დონეზე არ სძულთ. ირანშიც კარგად ხვდებიან ამას და მგონი, ამიტომაც აჭიანურებენ მოლაპარაკებას. მათთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, მით უმეტეს, თავის როლს ლიბანიც ასრულებს. ლიბანს ირანელები ასე ადვილად არ დათმობენ, რადგან იქ "ჰეზბოლა" მათი სერიოზული პროქსიძალაა. მას ბოლომდე არავის გაანადგურებინებენ.
- სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად მედიაში დასახელდა, რომ ირანს არ ჰქონდა ერთიანი პოზიცია. ითქვა ისიც, რომ ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ განხეთქილებაა ირანის პოლიტელიტას, მაგალითად, პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაგერ გალიბაფსა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" შორის. აფერხებს თუ არა ეს მოლაპარაკებას?
- ირანულ მმართველ ელიტაში მყარი ერთიანობაა. ამ ომმა გაცილებით გააძლიერა "გუშაგთა კორპუსის" გავლენა, ვიდრე ადრე იყო. ვინც ზომიერი იყო, ყველა დაბომბვების დროს დაიხოცა. მაგალითად, ლარიჯანი ზომიერ ფრთას ეკუთვნოდა. თავიდან მას არ ეხებოდნენ, თუმცა მერე მოკლეს. ჩემთვის გაუგებარია მისი მკვლელობის მიზეზი, მით უმეტეს, როცა ასე ამაყობდნენ მისით. შესაბამისად, იქ ლარიჯანისთანა ხალხი აღარ დარჩა, მხოლოდ ფანატიკოსები შემორჩნენ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, შიგნით რაიმე უთანხმოება იყოს. ალბათ, ტრამპს ჰგონია ასე - შესაძლოა ისრაელი სპეციალურად ქმნის უთანხმოების ილუზიას, რათა კომპრომისზე არ წავიდნენ... ამიტომაც იწელება მოლაპარაკება.
ტრამპი ამ ეტაპზე ვერ იღებს ისეთ პირობებს, რომლებიც მისთვის მისაღები იქნებოდა და ომის დასრულების საშუალებას მისცემდა. პროცესს ისიც ართულებს, რომ ირანი მას გარკვეულ საკითხებში აღარ ენდობა. ახსოვთ, რომ ამერიკა ერთხელ უკვე გამოვიდა ობამას დროს გაფორმებული შეთანხმებიდან. გარდა ამისა, სანამ მოლაპარაკება დასრულდებოდა, ისრაელი და ამერიკა ირანს თავს დაესხნენ. ამიტომაც ირანი ახლა ასე მარტივად არაფერს დათმობს.
- რეალურად ტრამპს მეტი შანსი აქვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებით დაასრულოს, თუ, რაღაცნაირად მოიგოს ეს ომი და ისე გააგრძელოს მოლაპარაკება?
- მთავარია, რას გულისხმობს ომის მოგება. დავუშვათ, კიდევ გაანადგურეს ირანის სამხედრო ხომალდები ან დაუხოცეს გენერლები, მაგრამ ომი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად წარმოებს, ამას კი, ფაქტია, ვერ აღწევენ. ირანს კვლავ აქვს დიდი მოცულობის გამდიდრებული ურანი. ბალისტიკური რაკეტებიც აქვთ, რადგან ბოლო დღემდე სასტიკად ბომბავდნენ ისრაელს.
ირანი ამერიკასთან ომისთვის ათწლეულებია ემზადება. შესაბამისად, მისი სტრატეგია გაცილებით ღრმაა და იმაზე მეტ სათადარიგო გეგმას მოიცავს, ვიდრე აქამდე ვინმეს ეგონა. მართალია, ისრაელის დაზვერვამ იმ დონეზე იმუშავა, რომ ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ადგილსამყოფელი დაადგინა და მათი ლიკვიდაცია მოახდინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირანს იმაზე გაცილებით მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე ვარაუდობდნენ.
- ისრაელმა განაცხადა, ამერიკამ უფლება მოგვცეს და ირანს "ქვის ხანაში" დავაბრუნებთო...
- ვერავინ დააბრუნებს ირანს ქვის ხანაში, ისრაელს ძალიან მცირე ტერიტორია აქვს და თითოეული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ვარდება მის ტერიტორიაზე, დიდი ზიანის მომტანია, ირანს კი უზარმაზარი ტერიტორია აქვს და უფრო გადარჩება.
ირანი მოლაპარაკებისთვის არ ჩქარობს. იციან, რომ ეს ტაქტიკა ახლა მუშაობს, ამიტომაც მაქსიმალურად გაიყვანენ დროს. სხვათა შორის, მოლაპარაკებები ობამასთანაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაშინაც კი, როცა ირანი მას გაცილებით მეტად ენდობოდა, ვიდრე ტრამპს. ირანს რამდენი გენერალი თუ რელიგიური ლიდერიც არ უნდა მოუკლან, მათი რესურსი მაინც დიდია.
- რა შანსია, რომ ევროპამ შეცვალოს ირანთან დაკავშირებული პოლიტიკა?
- რა უნდა შეცვალოს? ირანული რაკეტა ევროპასაც მისწვდება. ევროპა ასე მარტივად სანქციებს არ მოხსნის, ამისთვის ირანიც უნდა წავიდეს დათმობაზე. ჯობდა, ამერიკა ირანთან მორიგებულიყო, პარტნიორად ეღიარებინა და რუსეთის თუ ჩინეთის გავლენისთვის გამოეცალა. ირანს დიდი ამბიციები აქვს, ისრაელს კი ეს არ აწყობდა. ისრაელის გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ისეთი მოცემულობაა, რომელსაც უკვე თავად ამერიკელებიც ვეღარ უარყოფენ. ამიტომაც ვხედავთ დაუსრულებელ თამაშს...
- სამშვიდობო მოლაპარაკების რა პერსპექტივა არსებობს?
- მოვლენათა განვითარების ორი სცენარია: პირველი, ობამას დროინდელ გარიგებაში დაბრუნება, რაც ისრაელს არ გააბედნიერებს. მეორე სცენარი კი ომის გაგრძელებაა, სადაც რთული სათქმელია, რა მოხდება. მგონია, ირანი ამ ომით კი დაზარალდება, მაგრამ ისრაელი უფრო მეტად დაზარალდება. მართალია, ორივე მხარე იბრძვის, მაგრამ ისრაელში ცათამბჯენებში ცხოვრობენ და ბიზნესსაქმიანობასაც აგრძელებენ, ირანს კი ახლა დასაკარგი ნაკლებად აქვს და მისი ტერიტორიაც გაცილებით დიდია. ერთი მხრივ, გვაქვს დიპლომატიური შეთანხმება, რომელიც რეგიონულ მოკავშირეებთან ურთიერთობას ძაბავს, მეორე მხრივ კი სამხედრო ესკალაცია, რომლის ფასიც, ტექნოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, ისრაელისთვის შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს.
გამოდის, ამ ჩიხიდან გამოსავალი არა ცალსახა გამარჯვებაში, არამედ ისეთი მყიფე ბალანსის პოვნაშია, რომელიც მხარეებს სახის შენარჩუნებისა და დიდი კატასტროფის თავიდან არიდების საშუალებას მისცემს. თუმცა, სანამ მხარეები ერთმანეთის გამძლეობასა და პოლიტიკურ ნებას ასე რადიკალურად ცდიან, სამშვიდობო პერსპექტივა მაინც გაურკვეველი და შორეული ჩანს.
რუსა მაჩაიძე