მიშას შეტევა ოპოზიციაზე ანუ ვინ ვის დაუხრის თავს, ბოლოს და ბოლოს?! - კვირის პალიტრა

მიშას შეტევა ოპოზიციაზე ანუ ვინ ვის დაუხრის თავს, ბოლოს და ბოლოს?!

აი, ხომ გეუბნებოდით?! თქვენი მონა-მორჩილი "კვირის პალიტრის" 9 მარტის ნომერში ("ოპოზიციური ალიანსი" 2 მარტს დაფუძნდა") წერდა: "ოპოზიციურ ალიანსს აქვს კიდევ ერთი "ბომბი" მიხეილ სააკაშვილის სახით. კერძოდ, მიშა ფორმალურად მიესალმა ასეთ გაერთიანებას. თუმცა სააკაშვილს ეს გაერთიანება წარმოუდგენია მის გარშემო - თუ ცენტრში არ იქნება მიშა, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა. გადახედეთ მის ფბ-პოსტებს და მიხვდებით - ლამის დიდგორის ომის მოგებაც თავის თავზე მიიწერა. ჰოდა, სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება, რომ ამ "ოპოზიციური ალიანსის" ცენტრში აღმოჩნდეს, როგორც ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები. შესაძლოა ამ ეტაპზე სწორედ ეს არის "ოპოზიციური ალიანსის" მთავარი გამოწვევა"... ისე აგიხდეთ ყველაფერი.

ვინ ისროლა პირველმა ქვა?!

პირველმა სააკაშვილმა ისროლა, რადგან დაინახა, "ოპოზიციური ალიანსის" პარტიათა ნაწილი არ აპირებდა არათუ მის ლიდერად აღიარებას, არამედ მის რჩევა-დარიგებების მოსმენასაც. არადა, მიშას აქვს ძალიან ნათელი პოლიტიკური ამოცანა - იყოს ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი და თუ თვითონ ლიდერი არ იქნება, ეს გაერთიანება არსებობის ღირსი არ არის.

სააკაშვილი შეტევაზე 18 აპრილს გადავიდა, როდესაც ფბ-პოსტში "ალიანსს" ლამის პირდაპირ უთხრა, რომ მის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ: "ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და ფეისბუკის კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე... გადაიქეცით საერთაშორისო ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებად ან ზოგი ჯიუტად აგრძელებს ერთი და იმავეს გამეორებას - მთავარია ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილი? ივანიშვილის ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი არის ჩემი ყოფილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მომცა 2018 და 2021-შიც, ამიტომ როცა იმავე რეგიონებში ზოგიერთი თქვენგანი მიდის ლოზუნგით "არც მიშა, არც ბიძინა", ბუნებრივად განიცდით სულ კრახს. ასე, მაგალითად, 2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა (გულისხმობდა ნიკა მელიას - ავტ.), რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი", - წერდა სააკაშვილი 18 აპრილს.

"ოპოზიციურმა ალიანსმა" ("ნაცმოძრაობის" გამოკლებით) სააკაშვილს განცხადებით უპასუხა: "პერსონალური თავდასხმები­, როგორა­დაც­ "ალიანსმაც" და საზოგადო­ების მნი­შ­ვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არც ერთ პარტიას არა აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპა­რტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად" - განცხადებას ხელს აწერდნენ "ახალი", "გირჩი“- მეტი თავისუფლებისთვის", "დროა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ევროპული საქართველო", "თავისუფლების მოედანი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ფედერალისტები".

პასუხის პასუხად სააკაშვილმა "ალიანსის" წევრებს შეახსენა, მისი აზრით, თავის დროზე, ვინ ჩაშალა ოპოზიციის ერთობა: „ "2018 წელს, როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილა­ურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე".

შემდეგ პოსტში სააკაშვილმა ოპოზიციას­ ის შეცდომები ჩამოუთვალა, რაც, მისი აზრით, დაუშვეს: "დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის "ქოცებისთვის" დათმობა... დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა, რომ სწორედ "ქოცური" კაპიტულანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს. განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე, რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს, მას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთგარჩევებით. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ასევე მცდარია ფაქტობრივად შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: "აბა, რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა". იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ - მავნებლობაა".

ანუ სააკაშვილმა ოპოზიციას ის საკითხები ჩამოუთვალა, რომელთა შესახებ მეტ-ნაკლებად ობიექტური ექსპერტები ლამის ყოველდღიურად საუბრობენ. თუმცა­ ისმის კითხვა - სად იყო სააკაშვილი აქამდე?!

სანამ მტყუან-მართლის გარჩევაზე გადავიდოდეთ, მანამდე გადავავლოთ თვალი ქრონოლოგიას, რა ურთიერთობა იყო სააკაშვილსა და "ოპოზიციური ალიანსის" ლიდერებს შორის.

default-1777215368.jpg

დიდი დაშლა ანუ "გირჩიდან" "დროამდე"

"ოპოზიციური ალიანსში" შემავალი პარტიები (ედპ-სა და "თავისუფლების მოედნის" გამოკლებით) თავის დროზე იყო ერთი დიდი "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილით სათავეში.

პირველი მერცხალი იყო ზურა "გირჩი"­ ჯაფარიძე, რომელმაც პალიკო კუბლაშვილთან, გოგა ხაჩიძესა და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 2015 წელს დატოვა "ნაცმოძრაობა" და დააფუძნა პარტია "გირჩი". მაშინ "ნაცმოძრაობის" სპიკერები ამბო­ბდნენ, რომ ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი იდგა. თავად სააკაშვილთან ჯაფარიძეს ნელთბილი ურთიერთობა აქვს. სიმართლე რომ ითქვას, ბოლო პერიოდში გული უფრო მიშასკენ მიუწევს. თავის მხრივ, ეს "გირჩი" 2020 წელს დაიშალა "გირჩი-მეტ თავისუფლებად"“(ლიდერი ზურა ჯაფარიძე) და "გირჩად"“(ლიდერი იაგო ხვიჩია).

მეორე მერცხალი იყო გიორგი ვაშაძე. მან "ნაცმოძრაობა" 2016 წელს დატოვა და თავისი პარტია დააფუძნა. თუმცა ამ პარტი­ით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ალიანსი შექმნა "ნაცმოძრაობასთან", არჩევნების შემდეგ კი დატოვა. ამას სააკაშვილსა და ვაშაძეს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა (მიშამ ვაშაძე ლამის ივანიშვილის მოსყიდულად გამოაცხადა). თუმცა ვაშაძისთვის ამას ხელი არ შეუშლია, თავისი პარტიით "ნაცმოძრაობასთან" ისევ ალიანსი შეექმნა და შემდეგ ისევ დაეტოვებინაა.

ყველაზე მტკივნეული დარტყმა "ნაცმოძრაობამ" 2017 წელს მიიღო. პარტიას გამოეყო ლიდერთა დიდი ჯგუფი (გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე და ა.შ). მათ დააფუძნეს პარტია "ევროპული საქართველო". 2020 წელს "ევროპული საქართველო" დატოვა ელენე ხოშტარიამ და დააფუძნა პარტია "დროა". 2021 წელს "ევროპულ საქართველოში" უფრო დიდი განხეთქილება მოხდა. პარტიიდან წავიდნენ გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვები და დააფუძნეს პარტია "ფედერალისტები", "ევროპული საქართველო" კი დარჩათ გიგი წერეთელსა და აკაკი ბობოხიძეს. რაც შეეხება ურთიერთდამოკიდებულებას - რამდენიმე წლის წინ მიშამ ლამის ყველა უბედურება ბოკერიას დააბრალა და მიიღო პასუხიც (სააკაშვილის "აკენწვლა" ბოლო დრომდე ჩერგოლეიშვილის საინტერესო გასართობი იყო). "ევროპული საქართველოს" დაშლის შემდეგ კი ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის სიტყვიერი დუელი გაჩაღდა. ასევე, ბობოხიძე-წერეთლის წყვილიდან პირველი მწვავედ აკრიტიკებდა სააკაშვილს,­ წერეთელი, როგორც ყოველთვის, ზომიერი იყო.

"ნაცმოძრაობის" კიდევ ერთ განაყოფს, "ახალს", ორი ლიდერი ჰყავს - ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ნიკა მელია 2023 წლის იანვრამდე "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე იყო, თუმცა სააკაშვილმა მას შიდა რევოლუცია მოუწყო (ვერ აპატია ის, რომ მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის­ არ იყო მიშაზე და ერთხელ ტელეფო­ნში­ აგინა კიდეც) და ის ლევან ხაბეიშვი­ლით ჩაანაცვლა. თავის მხრივ, ნიკა მელიამ რამდენჯერმე მიანიშნა, რომ დადგება დრო, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება, მათ შორის იმას, თუ როგორ ვაჭრობდა სააკაშვილი "ქართულ ოცნებასთან". ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში კი თქვა, სააკაშვილთან ახლოს ერთ ჰექ­ტარზეც ვერ მნახავთო (სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ მელიას ბოლო პერიოდში ერთი განცხადებაც არ გაუკეთე­ბია, თუნდაც ფორმალურად არ მისალ­მებია "ოპოზიციური ალიანსის" დაფუძნებას). სააკაშვილის ყოფილ მთავარ პროპაგანდისტს, ნიკა გვარამიას, გულში ალბათ, ისევ ისე უყვარს მიშა. თუმცა მიშა დროგამოშვებით მას და მელიას გილაურის მილიონების ამბავს შეახსენებს ხოლმე - ანუ ფაქტობრივად აბრალებს, რომ ივანიშვილმა მათ ფული გადაუხადა ოპოზიციის არგაერთიანებაში.

აი, ასეთი "ვნებები დუღს" და კიდევ კარგად "გაქაჩა"„"ოპოზიციურმა ალიანსმა", რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ფორმალური ერთიანობა მაინც შეინარჩუნა.

ვინ არის მართალი და რა მოხდება მომავალში

წმინდა მექანიკურად რომ წავიკითხოთ მხარეების განცხადებები, რა თქმა უნდა, მიშას პრეტენზიები ოპოზიციურ პარტიებთან სამართლიანია. თუმცა საქმეც ის არის, რომ სააკაშვილს ეს პრეტენზიები (ასე იქცევა ოპოზიცია ბოლო 6 წლის განმავლობაში) ახლა "გაახსენდა", როდესაც იგრძნო, რომ არ აპირებდნენ მის ერთპიროვნულ ლიდერად აღიარებას. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება. "ოპოზიციური ალიანსის" ერთობა რომ შენარჩუნდეს, ან პარტიებმა თავი უნდა დაუხარონ მიშას და აღიარონ ის "აიათოლად", ან სააკაშვილი უნდა "გატყდეს" და შეეგუოს არალიდერობას. ეს სააკაშვილისგან წარმოუდგენელია, ისევე როგორც ის, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა ან მელიამ მუხლი მოიყარონ მიშას წინაშე.

სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობა" დატოვებს "ალიანსს" და შესაძლოა ზოგიერთი პარტიაც თან წაიყოლოს; ან შეიძლება არც წაიყოლოს და აქეთ იქნება მიშაზე გაბრაზებული შეთხელებული "ოპოზიციური ალიანსი" და იქით კოლეგა-ოპოზიციონერებზე ჩასაფრებული "ნაცმოძრაობა". და გასრულდება ზღაპარი მორიგი ოპოზიციური ერთობისა...

გიორგი კვიტაშვილი