სენსაციური ინტერვიუ: "საქართველო საუდის არაბეთზე მდიდარი ქვეყანა გახდება, თუ..." - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: ნავთობისა და გაზის რა მარაგები აქვს ჩვ - კვირის პალიტრა

სენსაციური ინტერვიუ: "საქართველო საუდის არაბეთზე მდიდარი ქვეყანა გახდება, თუ..." - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: ნავთობისა და გაზის რა მარაგები აქვს ჩვენს ქვეყანას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარე ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე. საქართველოში გაზისა და ნავთობის მოპოვების შესახებ წლებია მოლაპარაკებები იმართება, თუმცა საქმე ადგილიდან არ იძვრის. რამდენად რეალურია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩინური ინვესტიციები, ამ საკითხზე ანალიტიკოს სანდრო თვალჭრელიძეს ვესაუბრეთ.

- ასეთი მოლაპარაკება ბევრი მინახავს (ბევრშიც ვმონაწილეობდი), მაგრამ ჯერჯერობით ეს ცარიელ ლაპარაკად რჩება. კარგი იქნება, ეკონომიკის მინისტრმა კარგად იცოდეს საქართველოს ენერგორესურსები. ნავთობისა და გაზის რესურსები საქართველოში ძალიან მწირია, აბსოლუტურად ყველა გეოფიზიკური ველის მოდელი მაქვს და ზუსტად ვიცი ყველას პოტენციური რესურსი და მარაგი. პერსპექტივა ძალიან დიდია საქართველოს შელფზე შავ ზღვაში, იქ ნავთობის პოტენციალი უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანის ნავთობი და გაზია.

თავის დროზე, შევარდნაძის მთავრობამ დადო ხელშეკრულება ცნობილ ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია "ანადარკოსთან", რომელმაც 2000-იანი წლების დამდეგს შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა, რაც შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთში ნავთობის დიდი რაოდენობით არსებობას ადასტურებს (შავი ზღვის შელფში, სავარაუდოდ, 24 მილიარდ ტონაზე მეტი ნავთობის რესურსი და მილიარდობით კუბური მეტრი გაზია). ნავთობის ძიებისას "ანადარკომ" ჩაატარა სამგანზომილებიანი გეოფიზიკური სამუშაოები, შემოჰქონდა საძიებო უზარმაზარი პლატფორმა, რომელიც აკვატორიაში ბურღვის შესაძლებლობას იძლევა (180 თუ 190 მილიონი დოლარი ღირს საძიებო პლატფორმა). იმხანად მოხდა "ვარდების რევოლუცია" და მიხეილ სააკაშვილი ვერ გაურიგდა კომპანიას და მას ლიცენზია გაუუქმა. მან არ მიაქცია ყურადღება, რომ "ანადარკო" მიეკუთვნებოდა მსხვილ კომპანიებს, რომელთა შორის ჯენტლმენური კორპორაციული შეთანხმება მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ერთ კომპანიას დააზარალებ, არც ერთი სხვა კომპანია შენთან საქმეს აღარ დაიჭერს. კომპანიამ მაშინ არ იჩივლა არბიტრაჟში, ვინაიდან სააკაშვილი ბუშის მეგობარი იყო, მაგრამ საქართველო დასაჯეს - ამერიკული კომპანიები აღარ შემოვლენ საქართველოში. ენერგოკომპანია "ბი-პიც" არ შემოდის, იმიტომ, რომ აზერბაიჯანთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თუ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე, ნავთობი და გაზი აღმოაჩინეს, ის იქნება აზერბაიჯანის ბუნებრივი კონკურენტი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საქმე, გაცილებით სხვანაირად წავა ვითარება.

შემდეგ ქართულმა მხარემ სცადა ავსტრიულ კომპანიებთან შეთანხმება, თუმცა მათ არც ტექნოლოგიები ჰქონდათ, არც ფული. მას მერე წავიდა საუბარი ჩინეთთან, რომელიც არაფერს აკეთებს, ყველაფერი ტყუილია და რჩება ლაპარაკი ლაპარაკისთვის, მათ კაპიკი არ ჩაუდვიათ ამ სფეროში.

- რატომ არ იძვრის საქმე ადგილიდან.

- ალბათ, იმიტომ, რომ ამ საქმეს არაპროფესიონალები აკეთებენ. მე ამას სხვანაირად გავაკეთებდი: შევეკვრებოდი ე.წ. PSA-ს და სანავთობე საქმიანობაში სტანდარტულ კონტრაქტს გავაფორმებდი (მსოფლიოში ასეთი კონტრაქტები იდება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის…და გულისხმობს ორ რამეს - მოპოვებული ნავთობის წილების განაწილებას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის და საგადასახადო შეღავათებს კომპანიისთვის). ასეთი კონტრაქტები ჩვენც შეგვიდგენია - გავაკეთეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, მასში მეც ვმონაწილეობდი, და ბევრი სხვაც. ერთხანს ბაქოშიც ვმუშაობდი, იქ ასეთი კონტრაქტები სხვა სფეროებშიც დაგვიდვია. ახლა ამ საქმეში დილეტანტები არიან. მე თუ მკითხავთ, თურქეთ­თან ერთად დავდებდი ასეთი ტიპის კონტრაქტს და თურქეთს შემოვატანინებდი საჭირო ტექნოლოგიებს საქართველოში. ჩინეთსაც არა აქვს ასეთი ტექნოლოგიები, უბრალოდ, ამას იმისთვის აკეთებს, რომ საქართველოში სხვა არავინ შემოუშვას. არა მგონია, მარიამ ქვრივიშვილმა კარგად იცოდეს საქართველოს გეოლოგიური სტრუქტურა, სანავთობე აუზები და პროფესიულად PSA (Production Sharing Agreement ) რა ტიპის კონტრაქტებია და როგორ და ვისთან უნდა დაიდოს. ჩინელები კი არა, პირველ რიგში, შემოსაყვანია საერთაშორისო გეოფიზიკური კომპანია "შლუმბერჟე" - ყველაზე კარგი კომპანია სანავთობე საქმეში და გასაკეთებელია ჩვენი (შავი ზღვის) შელფის სამგანზომილებიანი (3D) ნორმალური მოდელი. ესენი აბსოლუტურად არასწორად მოქმედებენ და არც სხვას უსმენენ. ნავთობითაა აყვავებული მთელი აღმოსავლეთი, კატარი გაზით და დანარჩენები - ნავთობით. არსებობს გამონათქვამი - ვინც ფლობს ნავთობს, ის ფლობს მსოფლიოს.

- საქართველოში რომელი ადგილებია ნავთობით მდიდარი, ან რამეს ვიყენებთ?

- ძირითადი არეალია შავი ზღვის შელფური ზონა, სადაც დაახლოებით 24 მილიარდ ტონაზე მეტი ნავთობია. რას უნდა ვიყენებდეთ, გინახავთ ერთი კოშკი შავ ზღვაში? საქართველო არის გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანა. ნავთობით მდიდარია მტკვრის აუზი, ის აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ ვიწროვდება და ზუსტად პროპორციულად ვარდება, იკლებს ნავთობის მარაგი. ნავთობის ძირითადი მარაგები მტკვრის აუზში აზერბაიჯანშია და მერე გადადის კასპიის ზღვაში. შავი ზღვის შელფის ზონაში დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობის პერსპექტივაა. მაგალითად, ჩვენთან აზერბაიჯანის ნავთობის რაოდენობაზე ხუთჯერ მეტი უნდა იყოს, მაგრამ ამას აღმოჩენა სჭირდება.

შავ ზღვაში მეთანის ნაკადი კი არის, მაგრამ პირველ რიგში, სტრუქტურული კვლევებია ჩასატარებელი, თაღური სტრუქტურებია აღმოსაჩენი, თორემ ისე, მოდის მეთანი და გამოიყენონ, თუ შეუძლიათ. საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანაა და ვკარგავთ ჩვენი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - შავ ზღვაში რესურსები ათვისებული თუ იქნება საქართველო ეკონომიკურად ძალიან განვითარდება და საუდის არაბეთზე მდიდარი ქვეყანა გახდება.

"რატომ ვკარგავთ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას"

1. საქართველომ დაკარგა ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობის შესაძლებლობა; 2. საქართველოს ხმელეთზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საბადოს აღმოჩენა შეუძლებელია; 3. ნავთობისა და გაზის რესურსები ძალიან დიდია ჩვენი შელფის ზონაში - განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და ამას სჭირდება ათვისება; 4. მისი ტექნოლოგიები ძალიან რთულია და საჭიროა სპეციალური კვლევების ჩატარება; 5. ამის შესაძლებლობა ჩინეთის ტექნოლოგიას არ გააჩნია; 6. ჩინეთი დებს საქართველოსთან ხელშეკრულებას ნავთობისა და გაზის საბადოების მოპოვებაზე იმიტომ, რომ საქართველოში სხვები არ შემოუშვას; 7. საქართველოს თუ უნდა ნავთობის და გაზის ათვისება, პოტენციალი ძალიან დიდია.