ეს ომია! - ეს არ არის ჭიდილი მხოლოდ გოლებისა თუ დიდებისთვის, აქ არის რელიგიაც, პოლიტიკაც და იდენტობაც! - კვირის პალიტრა

ეს ომია! - ეს არ არის ჭიდილი მხოლოდ გოლებისა თუ დიდებისთვის, აქ არის რელიგიაც, პოლიტიკაც და იდენტობაც!

დაპირისპირება "სელტიკსა" და "რეინჯერზს" შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი საფეხბურთო დერბია. მისი ფესვები ღრმად არის გადგმული ქალაქ გლაზგოს რელიგიურ, პოლიტიკურ და სოციალურ დაყოფაში, და ეს ისტორია ჯერ კიდევ 1800-იანი წლების ბოლოს დაიწყო. "სელტიკს", რომელსაც ტრადიციულად კათოლიკე, ირლანდიური წარმოშობის შოტლანდიელები უჭერენ მხარს, უპირისპირდება "რეინჯერზი", რომლის მხარდამჭერებიც ძირითადად პროტესტანტები არიან. ისინი იბრძვიან შოტლანდიური დომინაციისთვის და ისტორიულად ძალიან თანაბარი შედეგები აქვთ - 451 მატჩში "რეინჯერზმა" 172-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო "სელტიკმა" - 171-ჯერ. ეს შეხვედრები ხასიათდება უზარმაზარი ემოციურობით, დაძაბულობით და ხანდახან ძალადობითაც.

გლაზგოს ქუჩები ვერ მშვიდდება - განსაკუთრებით მატჩის დღეს

როდესაც "სელტიკი" და "რეინჯერზი" ხვდებიან, ეს მხოლოდ ფეხბურთი აღარ არის, რაღაც უფრო სიღრმისეული ხდება. ეს იგრძნობა ჰაერში, სიმღერებში, შეძახილებსა და იმ დაძაბულობაში, რომელიც მთელ ქალაქს ავსებს. ეს არ არის დაპირისპირება. ეს ომია. ეს არ არის ჭიდილი მხოლოდ გოლებისა თუ დიდებისთვის. აქ არის რელიგიაც, პოლიტიკაც და იდენტობაც...

დავბრუნდეთ უკან - 1800-იან წლებში. "სელტიკი" დაარსდა 1887 წელს ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების მიერ. მისი მიზანი ღარიბებისთვის ფულის შეგროვება იყო. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ეს რაღაც უფრო დიდი - ღირსებისა და გადარჩენის სიმბოლო იყო.

"რეინჯერზი" უკვე არსებობდა - პროტესტანტული, შოტლანდიური, ამაყი კლუბი­. 1888 წელს ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა და დაძაბულობაც მალევე გაჩნდა. "სელტიკი" წარმოადგენდა მუშათა კლასის კათოლიკეებს, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ, "რეინჯერზი" კი პროტესტანტულ გაერთიანებას, ერთგულებას გვირგვინისა და დროშის მიმართ.

939dfe64-7ad9-4d2d-bf96-c16851fe7193-1777216517.jpg

ორი სამყარო ერთ ქალაქში

1900-იანი წლების დასაწყისში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. "რეინჯერზმა" თითქმის საუკუნის განმავლობაში საკუთარი არაოფიციალური წესით იცხოვრა - გუნდში კათოლიკე ფეხბურთელებს არ იღებდა. "სელტიკი" კი ყველას იმატებდა. ფანებიც ასე დაიყვნენ - სიმღერები, დროშები, ხმაურიანი შეძახილები - ზოგჯერ ძალადობრივი. შემდეგ ძალადობამ მოედნის გარეთ გადაინაცვლა არეულობების, ჩხუბების სახით. ეს უკვე კულტურის საკითხი გახდა. რწმენისაც, ასევე, ტერიტორიის... ერთი მხარე თეთრ-მწვანეს ატარებდა. მეორე - ლურჯს. ბარებიც კი დაყოფი­ლი­ იყო, "რეინჯერზის" ბარში "სელტიკის"­ მაისურით შესვლა პრობლემების შექმნას ნიშნავდა.

ნებისმიერ გლაზგოელს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ - ეს უბრალოდ თამაში არ არის. ეს ცხოვრების ნაწილია.

დაპირისპირებამ პიკს 1970-80-იან წლებში მიაღწია. "რეინჯერზი" კვლავ არ აწერდა ხელს კათოლიკეთა მის რიგებში თამაშზე. მათი ფანები ბრიტანულ სიმბოლიკას იყენებდნენ. "სელტიკი" კი ირლანდიურ ფესვებს აღვივებდა... შემდეგ, 1989 წელს, ყველაფერი შეიცვალა - "რეინჯერზმა" დაიმატა მო ჯონსტონი, კათოლიკე ფეხბურთელი, რომელიც ადრე "სელტიკში" თამა­შობდა. ეს შოკი იყო, რასაც მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, არეულობა, გაჩნდა ღალატის განცდა. მაგრამ ეს ცვლილების დასაწყისი გახდა...

დრო გავიდა, ფეხბურთიც შეიცვალა, თუმცა დაპირისპირება დარჩა. ეს დერბი დღესაც ისეთივე ემოციურია. მას შემდეგ 400-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა - და ყოველი მათგანი მაინც ფეთქებადსაშიშია. პოლიტიკა კვლავ თამაშობს ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში ყველაზე მნიშ­ვნელოვანი "მოთამაშის" როლს. შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე "სელტიკის" ფანები უფრო ხშირად "კის" უჭერდნენ მხარს, "რეინჯერზის" კი - "არას".

e5479c76-2a48-4a3b-8b4a-ccb0e74cffca-1777216516.jpg

დაყოფა არ გამქრალა, შეიცვალა...

სოცქსელები ახალი ბრძოლის ველია. ყოველი გამარჯვება ტრიუმფია, ყოველი მარცხი - კატასტროფა. ისტორიაში მრავალი სკანდალური მომენტია - მაგალითად, 1999 წლის "სირცხვილის თამაში", ან 2011 წლის არეულობები... სტადიონები ივსება - მილიონები უყურებენ. "სელტიკ პარკზე" ისმის You’ll Never Walk Alone ("არასოდეს ივლი მარტო"), "რეინჯერზის" სტადიონ "აიბროქსზე" კი ისმის - Follow Follow ("მოგყვები, მოგყვები"). ბავშვები იზრდებიან არჩევნით - "სელტიკი" თუ "რეინჯერზი".

და ამ სიგიჟეში სილამაზეც არის:

ორი კლუბია, ორი სამყარო, ერთი ისტორია... "ოლდ ფირმი", როგორც ამ დაპირისპირებას უწოდებენ, მარადიულია. რაც არ უნდა შეიცვალოს სამყარო, დაპირისპირება არ ქრება. "ოლდ ფირმი" ნიშნავს შოტლანდიის ორ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბს შორის ისტორიულ მეტოქეობას და იმავდროულად, მათ ერთობლივ კომერციულ გავლენას. ორივე კლუბი გლაზგოშია დაფუძნებული. ისინი თითქოს ერთგვარ "ფირმად" (ბიზნესერ­თე­ულად) აღიქმებიან იმ უზარმაზარი შემოსავლის გამო, რასაც მათი მატჩები ქმნის.

karikatura-1777216517.jpg

"ოლდ ფირმის მატჩი", "ოლდ ფირმის დერბი" ან "ოლდ ფირმის თამაში" ნიშნავს კონკრეტულად იმ შეხვედრას, როცა "სელტიკი" და "რეინჯერზი" ერთმანეთს ეთამაშებიან. ეს ითვლება მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ დაპირისპირებად.

ეს ტერმინი მხოლოდ ფეხბურთს არ აღწერს - ის ასახავს კულტურულ დაყო­ფასაც, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სექტანტიზმთან: "სელტიკი" ისტორიულად ასოცირდება კათოლიკურ/ირლანდიურ-შოტლანდიურ ფესვებთან, ხოლო "რეინჯერზი" - პროტესტანტულ/უნიონისტურ იდენტობასთან.

ტერმინი მოდის 1904 წლის გაზეთის კარიკატურიდან, სადაც გუნდები დაცინვით "ძველ ბიზნესპარტნიორებად" (Patronise The Old Firm) იყვნენ წარმოდგენილი, რადგან ერთად დიდ ფულს შოულობდნენ.

"რეინჯერზისა" და "სელტიკის" მეტოქეობა ყველაზე ხანგრძლივ დაპირისპირებად იქცა სპორტის ისტორიაში. ყოველი მატჩის მოგება ან წაგება პირადულია - ბრძოლა პირველობისთვის - სამუდამო!

ნიკოლოზ თევდორაშვილი