რეიდები ახალგორელების სახლებში - კვირის პალიტრა

რეიდები ახალგორელების სახლებში

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ოსური ე.წ. კა-გე-ბეს თანამშრომლებმა ოჯახებში რეიდები დაიწყეს. ახალგორელების თქმით, ბოლო კვირებია მათი სახლების მოულოდნელი ჩხრეკა გახშირდა. ჩხრეკისა და დაკითხვის შემდეგ ყველას ართმევენ მობილურებს. როგორც ამბობენ, კა-გე-ბე უმეტესად იმ ოჯახებში შედის, საიდანაც ერთი წევრი მაინც "საქართველოში დადის", ამიტომაც მიზანი მათი დაშინებაა. ჩხრეკას ესწრებიან ცხინვალიდან ჩასული პირებიც.

"ოფიციალურ მოტივად დასახელებულია კრიმინალთან ბრძოლა, იარაღის ან ნარკოტიკული საშუალებების ძებნა, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო კვირებში უფრო გახშირდა ჩხრეკა და დაკითხვები, როგორც ჩანს, მოსახლეობაზე ზეწოლის რაღაც ახალი მეთოდია... გამორიცხული არ არის, რომ "კვალს" ეძებენ, ეს ადამიანები ხომ არ "ჯაშუშობენ" და რაიმე ინფორმაციას ხომ არ აწვდიან ქართულ სპეცსამსახურებს,…თუმცა ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკის ნაწილია, რათა გააკონტროლონ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი, მით უმეტეს ახალგორი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა ქართველია", - ამბობს უჩა ნანუაშვილი, ა/ო "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი.

აპრილის დამდეგს ოსური "კა-გე-ბე" შევიდა ოჯახში, სადაც მამაკაცი უმუშევარია და ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა ახალგორში. გაჩხრიკეს მისი ბინა, სარდაფი და ეზო, შემდეგ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი. რას ემსახურებოდა ეს რეიდი, ოფიციალური განმარტება არავის გაუკეთებია.

ერთი კვირის წინ კი გაჩხრიკეს სახლი, რომლის პატრონი ოსი მამაკაცია და ის არ გადმოდის ხოლმე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისი მეუღლე დროდადრო "კვეთს საზღვარს". ამ ოჯახიდანაც წაიღეს მობილური ტელეფონები და საცხოვრებელი დეტალურად დაათვალიერეს.

მსგავს შემთხვევაზე ჰყვება კიდევ ერთი ახალგორელი. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვები ბავშვთა სახლში იზრდებიან. ამ ჩხრეკამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახის ერთი წევრი თბილისში იყო. მათ უთხრეს, რომ იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების ძებნის მოტივით ტარდებოდა ჩხრეკა. ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკისას მობილური ტელეფონები მათაც ჩამოართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ გაჩხრიკეს ამ ოჯახის ნათესავის სახლიც, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფელშია.

ახალგორელების თქმით, ასეთი რამ ადრეც ყოფილა, თუმცა ამჟამად უფრო მასობრივი ხასიათი აქვს, თანაც ჩხრეკას ცხინვალიდან ჩასული პირებიც ესწრებიან და ეს ახალგორელებს აფრთხობს.

სწორედ მათზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი". ორგანიზაციის თქმით, ჩხრეკები ორდერის გარეშე ტარდება და არ არის დაკავშირებული კონკრეტული საქმის გამოძიებასთან. ამ გარემოების მიუხედავად, მოსახლეობა შიშის გამო წინააღმდეგობას არ უწევს.

"ჩხრეკებით რომ რამე ეპოვათ, არ დაფიქსირებულა, თუმცა ოჯახებში შესვლა ისევ გრძელდება"

უჩა ნანუაშვილი: - ადრეც იყო რამდენიმე შემთხვევა ახალგორში, როცა სახლებში გასაჩხრეკად შევიდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამას უფრო მასობრივი ხასიათი აქვს. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, სურთ ტოტალური კონტროლი დაამყარონ, გააკონტროლონ ყველა ის პირი, ვინც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის და თითქოს ამით უნდათ რაღაც კავშირები და კვალი დაადგინონ მათ და საქართველოს ხელისუფლებას შორის. არა მხოლოდ ახალგორში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვა ნაწილშიც ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა ახალგორში ძალიან გახშირდა, მით უმეტეს, მობილურების ჩამორთმევის მომენტები დაფიქსირდა. ეს პრობლემებს უქმნის ქართველ მოსახლეობას. მობილური ტელეფონები მათთვის ერთადერთი საშუალებაა ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, მათ შორის ვიდეოკავშირის გზით.

ჩხრეკებით რომ რამე ეპოვათ, არ დაფიქსირებულა, თუმცა ოჯახებში შესვლა ისევ გრძელდება.

ოფიციალური მოტივი ვითომ კრიმინალთან ბრძოლაა, თუმცა უფრო კონტროლსა და დაშინებას ემსახურება. გასულ წელს ქართველ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს დააბრალეს ჯაშუშობა, დააკავეს და შემდეგ თბილისში გამოაძევეს. ახლაც ვითომ სხვა "ჯაშუშებს" ეძებენ.

ცდილობენ სხვებიც დააშინონ, რომ თამარ მეარაყიშვილის მსგავსად არ დაიწყონ ახალგორის პრობლემებზე საუბარი. თამარის "ჯაშუშად" გამოცხადებას დაემთხვა ეს გახშირებული ჩხრეკები და ჩემი ვარაუდით, ეს ერთიანი ჯაჭვია.

გასულ წელსაც დააკავეს ორი კაცი, მათ ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. ერთი მათგანი, ეთნიკურად ოსი, გაათავისუფლეს, ერთი კი, ქართველი, ისევ ციხეშია.

- ჩხრეკისას და დაკითხვისას რას ეუბნებიან მოსახლეობას, აქვთ აქცენტი იმაზე, თბილისში რამდენად ხშირად დადიან და რა მიზნით?

- ჩხრეკისას თითქოს ეძებენ იარაღს ან ნარკოტიკებს, თუმცა რადგან ყველა ამ ოჯახიდან ვიღაც გადმოდის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, დაბრუნების შემდეგ იწყებენ მათ სახლში ჩხრეკას. ეს უკვე გვაძლევს მეტ არგუმენტს ვიფიქროთ, რომ ყველას ეჭვით უყურებენ. კითხვებიც შესაბამისი აქვთ, მაგალითად, რა მიზნით იყვნენ თბილისში. ძირითადად, დადიან ან ნათესავებთან, ან სამკურნალოდ, ან სავაჭროდ -— ქართველებსაც და ოსებსაც თბილისიდან მიაქვთ პროდუქტები ახალგორში.

- ახალგორში პრობლემაა საშვებიც, რაც აქეთ გადმოსვლისთვის სჭირდებათ. 2025 წლის ბოლოს შეწყდა საშვებზე ვადის გაგრძელება და ახალგორელების 80% საბუთის გარეშე დარჩა. თუ შეიცვალა რამე?

- ბოლო დროს საშვების გაცემის პროცედურა გართულებული იყო. თავიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულებს ეკრძალებოდათ საშვების მიღება. შემდეგ ეს რეგულაცია უფრო გამკაცრდა და რიგით თანამშრომლებსაც უარს ეუბნებოდნენ. არადა, ახალგორში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული.

გარდა ამისა, საშვების გაცემისას ამოწმებდნენ პირის ფინანსურ ვალდებულებებსაც, ვისაც კრედიტი ჰქონდა, საშვებს არ აძლევდნენ იმ მოტივით, რომ გამორიცხულიყო რაიონის დატოვება ფინანსური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. თუმცა ბევრმა ისეთმა მიიღო უარი საბუთის მიღებაზე, ვისაც ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნდა. ამ მკაცრ რეგულაციებს ემატება კორუფციაც. იქაურები ამბობენ, რომ ვინც ახალგორის ე.წ. ხელისუფლების ჩინოსნებთანაა დაკავშირებული, ქრთამის გადახდის შემდეგ ახერხებდნენ საშვების მიღებას ყალბი სამედიცინო ცნობების საფუძველზე. საშვების გაცემას პირადად რაიონის ე.წ. პროკურორი და ე.წ. გამგებელი შუამდგომლობენ. ეს შერჩევითი მიდგომები უკმაყოფილებას იწვევდა და ბოლო დღეებში საბიუჯეტო ორგანიზაციების რიგით თანამშრომლებზე გააუქმეს აკრძალვა და მეტ-ნაკლებად დაიწყეს საშვების გაცემა. თუმცა მაინც ძალიან ბევრს ისევ არ აძლევენ. კორუფციული გზით და ნაცნობობით საბუთის მოპოვება ისევ გრძელდება. ამ საშვებით ახალგორელებს თვეში მხოლოდ ბოლო 10 დღე აქვთ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.

- მკურნალობისთვის ხალხის გამოშვებაც პრობლემაა?

- როდესაც მკურნალობასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზეა საუბარი, განსხვავებული მიდგომაა. სამკურნალოდ მოდიან ახალგორელებიც და ცხინვალელებიც. ვისაც სურს ქართული ჯანდაცვის უფასო პროგრამით მკურნალობა, საჭიროა სამედიცინო დოკუმენტაცია, შემდეგ "წითელი ჯვრის" მეშვეობით კომუნიკაცია აქეთ გადმოსასვლელად, მაგრამ არც ეს პროცესია მთლად მარტივი, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც, ასე ვთქვათ, ნაცნობობით მოიპოვეს ყალბი სამედიცინო ცნობა, რომ არაოკუპირებულ მხარეს გადმოსულიყვნენ, სინამდვილეში კი მკურნალობა არ სჭირდებოდათ.

თუმცა თუ მძიმე სიტუაცია არ არის, ბევრი თავს არიდებს ქართული ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, რადგან ასეთ პირებს ეჭვით უყურებენ და ფრთხილობენ, რომ პრობლემა არ შეექმნათ.

ცხინვალში, პრაქტიკულად, ექიმები არა ჰყავთ და სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლებელია. არის შემთხვევებიც, როდესაც ურჩევნიათ წავიდნენ რუსეთში, მეტი გადაიხადონ და მიიღონ სამედიცინო მომსახურება. დინამიკა ასეთია - ერთხანს შემცირებული იყო პროგრამით სარგებლობა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მაინც ბევრმა მიიღო სამედიცინო მომსახურება.

ეკატერინე ბასილაია