ომის განახლება გარდაუვალია?! - თვის ბოლოს ირანთან სამი ამერიკული ავიამზიდი საბრძოლო მორიგეობაზე დადგება და... - კვირის პალიტრა

ომის განახლება გარდაუვალია?! - თვის ბოლოს ირანთან სამი ამერიკული ავიამზიდი საბრძოლო მორიგეობაზე დადგება და...

ამ კვირაში ორი თვე სრულდება, რაც ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივი საჰაერო ომი წამოიწყეს ირანის წინააღმდეგ და მისგან მტკივნეული პასუხიც მიიღეს. თუმცა ბოლო სამი კვირა ამ ომში მოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ორკვირიანი ვადის შემდეგ ამერიკულმა მხარემ ცალმხრივად გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ვაშინგტონთან სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებაზე აღარ წავიდა.

რა მოხდება ამ კვირაში, ძნელი სათქმელია, რადგან აიათოლების რეჟიმს არ სურს კოზირის დათმობა - ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის გახსნა, რადგან თეირანისთვის ახლა ყველაზე კარგი დროა, შეცვალოს ისტორიული წესები და ამ სრუტის გავლაში ხარკის აკრეფა დააწესოს, რაც ბუნებრივ სრუტეებზე აქამდე არ ვრცელდებოდა. შესაბამისად, თეირანი გააგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას ირანის არამეგობრული ქვეყნების გემებისთვის.

თავის მხრივ, საზღვაო ბლოკადა გამოცხადებული აქვს აშშ-საც ომანის ყურეში, ოღონდ სწორედ ირანული ნავთობტანკერებისთვის, რომ ირანმა ვერ შეძლოს ნედლი ნავთობის გაყიდვა, ამით ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგოს და აიათოლების რეჟიმს ირანში ურთულესი ეკონომიკური სიტუაცია შეექმნათ.

"ირანს არ სურს ჰორმუზის სრუტის დახურვა, მას მისი გახსნა სურს, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (შესაბამისად, რასაც დაკარგავენ, თუ ის იხურება!). ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტის დახურვა სურთ, რომ მე ის სრულიად ბლოკირებული მაქვს (დაკეტილი!), ამიტომ მათ უბრალოდ "სახის შენარჩუნება" სურთ", - დაწერა ტრამპმა სოცქსელში.

მას მხარს უბამს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი: "აშშ-ის საზღვაო ძალები გააგრძელებენ ირანის პორტების ბლოკადას. რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება. ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა პირდაპირ რეჟიმის შემოსავლების ძირითად წყაროებს ურტყამს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას "ეკონომიკური მრისხანების" გზით, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი", - აღნიშნავს ბესენტი.

ფაქტობრივად, ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ამერიკული მხარე იმისთვის აგრძელებს, რომ ირანმა ვეღარ შეძლოს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის გატანაც კი სპარსეთის ყურიდან. ამასთან, ადრე თუ გვიან, გადაევსება ყველა ნავთობტერმინალი, ხოლო ჭაბურღილების მუდმივი მუშაობის დროებით შეჩერება ნიშნავს მათ დაკარგვას, რადგან იქიდან ნედლი ნავთობის ნაცვლად წყალგარეული და გადამუშავებისთვის უვარგისი ნარევი შეიძლება წამოვიდეს.

არის თუ არა ეს ყველაფერი ტრამპის ახალი სტრატეგია ირანთან ბრძოლაში, როდესაც მასირებულმა საჰაერო დაბომბვებმა სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო და ირანმა კაპიტულაცია კი არ გამოაცხადა, არამედ ძალზე მტკივნეული საპასუხო სარაკეტო დარტყმებით უპასუხა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს?

სავარაუდოდ, დიახ, თეთრ სახლს სურს სრულიად ჩაკლას ირანის ეკონომიკა ირანული ნავთობის ექსპორტის ბლოკირებით, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება, სწორედ ის დრო, რომლის განმავლობაშიც არც ირანი გაატარებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ნედლ ნავთობსა და დაჭირხნულ ბუნებრივ აირს ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიო ფასები ნავთობპროდუქტებზე კი ისევ ავარდება.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი: ირანს აქვს ნავთობტერმინალები, რომლებშიც, საერთო ჯამში, 90 მლნ ბარელამდე ნედლი ნავთობი ეტევა. ამჟამად ირანი დღე-ღამეში მოიპოვებს 3 მლნ ბარელზე მეტ ნავთობს, ანუ ერთ თვეზე მეტხანს შეუძლია არც შეამციროს და მით უმეტეს, არც შეწყვიტოს ჭაბურღილებიდან ნავთობის ამოტუმბვა, მაგრამ აქვს კი ეს ერთი თვე მარაგში ტრამპს, როდესაც ჰორმუზის სრუტის ორმაგი დაბლოკვის შედეგად ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასები კატასტროფულად ავარდება მისი დიდი დეფიციტის გამო და მილიონობით ამერიკელი მძღოლი-ამომრჩეველი თავის პრეზიდენტს მოსთხოვს, თუ რატომ გახდა ერთი გალონი (3,7 ლიტრი) ბენზინის ფასი (რომელიც დღეს აშშ-ში დაახლოებით 4,39 დოლარი ღირს ანუ ლიტრი 1,16 დოლარი) 7 ან სულაც 10 დოლარი? მაგრამ ტრამპი იხტიბარს არ იტეხს და კვლავ მედიდურად აცხადებს: "იმ ხალხისთვის, რომელიც ფიქ­რო­ბს, რომ ირანთან ომის (საერთოდ, თუ დაარქმევ ამას!) დასრულებაზე "ვნერვიულობ", გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესა­ძლოა ყველაზე მცირე ზეწოლაში მყოფი ადამიანი ვარ ასეთ თანამდებობაზე. მე მთელი დრო მაქვს მსოფლიოში, მაგრამ ირანს არა - დრო იწურება! ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები განადგურებულია, მათი ლიდერები ჩვენთან აღარ არიან, ბლოკადა მჭიდრო და ძლიერია და ამის შემდეგ ყველაფერი უფრო გაუარესდება მათთვის - დრო მათ მხარეს არაა! შეთანხმება მხოლოდ მაშინ გაფორმდება, როდესაც ეს კარგი იქნება აშშ-ისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და რეალურად დანარჩენი მსოფლიოსთვის".

თუმცა მსოფლიოსთვის კარგი ვერ იქნება ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გაგრძელება, ისევე როგორც ამერიკელებისთვის და სურს თუ არა ამის აღიარება, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლის დასამყარებლად მაინც მოუწევს ირანში საბრძოლო მოქმედებების განახლება, მიუხედავად იმისა, რომ არც ეს იძლევა ამ სრუტეში თავისუფალი და უხიფათო ნაოსნობის აღდგენის სრულ გარანტიას, თუნდაც იქ ირანელების ჩადებული საზღვაო ნაღმების გამო. ჰორმუზის სრუტის სრულ გატრალვას საზღვაო ნაღმებისგან შეიძლება ნახევარი წელიც დასჭირდეს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის "კოღოების ფლოტი" (სწრაფმცურავი შეიარაღებული კატარღები) ამაში ხელს არ შეუშლიან ამერიკისა და ევროპის მტრალავ ხომალდებს, მაგრამ, სანამ სრუტის გატრალვას დაიწყებენ, პენტაგონი ირანის სიახლოვეს სამ ატომურ საავიამზიდო დამრტყმელ ჯგუფს უყრის თავს, რაც აქამდე არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ გაუკეთებია აშშ-ს.

ირანთან საბრძოლო მოქმედების თეატრი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან 10 ათას კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული, რასაც სერიოზული კორექტივები შეაქვს, როდესაც პენტაგონი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და პირად შემადგენლობას გადაისვრის ირანის მოსაზღვრე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

იგივე ითქმის ამერიკული სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე ირანის სანაპიროს სიახლოვეს, არაბეთის ზღვაში, თუმცა ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტის გავლით, უშუალოდ სპარსეთის ყურეში შესვლას ამერიკელი სამხედრო მეზღვაურები ჯერ ვერ ბედავენ და ამ სრუტის გამოსასვლელში, აღმოსავლეთ ნაწილში, დაწყებული აქვთ საზღვაო ბლოკადა. სწორედ ამ საზღვაო ბლოკადის გასაგრძელებლად (და შეიძლება ირანზე ახალი საჰაერო დარტყმების მისაყენებლადაც) ომანის ყურისკენ მიიჩქარის კიდევ ერთი ამერიკული ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, ატომური ავიამზიდ USS George HW Bush (CVN-77)-ის მეთაურობით, მიუხედავად იმისა, რომ ომანის ყურეში მეორე თვეა, მოქმედებს ამერიკული ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი USS Abraham Lincoln (CVN-72)-ის "თამადობით".

აშშ აძლიერებს ამერიკულ საგემბანო ავიაციას ირანზე მასირებული საჰაერო დარტყმების გასაგრძელებლად და ეს არც არის გასაკვირი, რომ არა ერთი ოპერატიულ-ტექნიკური ნიუანსი - ატომური ავიამზიდი "პრეზიდენტი ბუში", რომლის ესკორტში არიან სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნები USS Donald Cook (DDG-75), USS Mason (DDG-87) და USS Ross (DDG-71), მოკლე საზღვაო მარშრუტის ნაცვლად მთელ აფრიკის კონტინენტს გვერდს უვლის ომანის ყურესთან მისაცურად... ყველა მოკლე საზღვაო გზა, ატლანტის ოკეანიდან რომ ირანის სანაპიროსთან აღმოჩნდე, 1869 წლიდან ანუ სუეცის არხის ამოქმედებიდანაა ცნობილი - ატლანტის ოკეანიდან გემები გიბრალტარის სრუტის გავლით ხვდებიან ხმელთაშუა ზღვაში, გადიან სუეცის არხით წითელ ზღვაში, შემდეგ გადალახავენ ბაბ-ელ-მანდების ვიწრო სრუტეს და შევლენ ადენის ყურეში, რომელიც არაბეთის ზღვაშია, ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილში ომანის ყურეა.

ატომურმა ავიამზიდმა "ბუშმა" ესკორტთან ერთად ყველაზე შორი მარშრუტი აირჩია - ატლანტის ოკეანეში აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილის სანაპიროს სიახლოვეს ცურვა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის "შემოვლა", მადაგასკართან გაცურვა და ინდოეთის ოკეანიდან არაბეთის ზღვის გავლით ომანის ყურემდე მიცურვა.

ამერიკელი სამხედრო მეზღვაურები, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთესად ერკვევიან მსოფლიო ოკეანეებსა და ზღვებში ნაოსნობაში, მაგრამ ასეთი გრძელი საზღვაო მარშრუტის არჩევა და, შესაბამისად, ოპერატიულობის დაკარგვა ორი კვირით მაინც გამოწვეულია ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დეტალით­ - წითელი ზღვიდან ადენის ყურეში გასასვლელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილის სიგანე მხოლოდ 26 კმ-ია და ამ სრუტის ჩრდილოეთით, იემენის სანაპიროზე... "ფლოსტებიანი" ჰუსიტები ცხოვრობენ. მაგრამ "ფლოსტებიანი" ეძახეთ და, ამერიკული ატომური ავიამზიდი თანმხლებ სარაკეტო ხომალდებთან ერთად ვერ ბედავს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გაცურვას და იძულებულია მთელ აფრიკის კონტინენტს შემოუაროს, როგორც ორი საუკუნის წინ დაცურავდნენ, სანამ სუეცის არხს გაჭრიდნენ. თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზები - რაც არ უნდა მრისხანე იყოს 333 მ სიგრძისა და 100 ათასი ტონა წყალწყვის ამერიკული ატომური ავიამზიდი მის გემბანზე ასაფრენად გამზადებული 90-მდე საბრძოლო თვითმფრინავითა და შვეულმფრენით, ის მაინც ადვილად დასაზიანებელი სამიზნე ხდება, როდესაც მტრულად განწყობილი ქვეყნის სანაპიროდან 2-3 ათეულ კმ-ში აღმოჩნდება და ამხელა სამიზნისკენ იემენელ ჰუსიტებს მთელი თავისი საბრძოლო არსენალის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც არცთუ სახუმაროა - თუკი ჰუსიტების ნასროლი ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე-დრონები 1700 კმ-ით დაშორებულ ისრაელამდე აღწევენ, ჰუსიტები 26 კმ-ში მცურავ ამერიკულ ატომურ ავიამზიდს დაინდობენ?

სხვათა შორის, ბოლო ამერიკულმა ატომურმა საავიამზიდო დამრტყმელმა ჯგუფმა, USS Dwight D. Eisenhower (CVN-69)-ის მეთაურობით, ბაბ-ელ-მანდების სრუტე მშვიდობიანად გადალახა 2023 წლის დეკემბერში და მას შემდეგ ის რამდენიმე ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი, რომლებმაც იგივე სცადეს, იემენელი ჰუსიტების თავდასხმების სამიზნე გახდნენ...

ამ თვის ბოლოსთვის ირანის სიახლოვეს საბრძოლო მორიგეობის ზონაში დადგება სამი ამერიკული ატომური ავიამზიდი თანმხლებ სარაკეტო ხომალდებსა და ატომურ წყალქვეშა ნავებთან ერთად: წითელ ზღვაში ავიამზიდი "ფორდი", ომანის ყურეში კი ავიამზიდები "ლინკოლნი" და "ბუში", რაც, სავარაუდოდ, იმის სიგნალი იქნება, რომ აშშ ისრაელთან ერთად განაახლებს ირანზე მასირებულ საჰაერო დარტყმებს.