ამბავი ბლოგერსა და პროპაგანდისტზე ანუ მოხდება თუ არა „დიასახლისების რევოლუცია“ რუსეთში?!
დ ღევანდელი რუსეთი კარგი შესასწავლია პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ-ფსიქიატრიულ ჭრილში. ჩვენი ოკუპანტი მეზობელი კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ რა გვერდითი ეფექტები აქვს ავტორიტარიზმს, იზოლაციონიზმსა და მრავალწლიან პროპაგანდას. უკვე ოდნავ განსხვავებული აზრის გამოჩენას ხელისუფლების მხარდამჭერების ნერვული კონვულსიები მოსდევს, გზა ეხსნებათ გიჟურ იდეებსა თუ ნახევრად ნორმალურ პერსონაჟებს და ყველაფერი აბსურდის თეატრს ემსგავსება.
ამჯერად მოგიყვებით, როგორ შეაზანზარა რუსული პოლიტიკური სივრცე ბლოგერმა ვიქტორია ბონიამ. არა, სოცქსელების ძალა შეუფასებელია...
ვინ არის და რა თქვა ვიქტორია ბონიამ
46 წლის ვიქტორია ბონია თავის დროზე ცნობილი გახდა პროექტ "სახლი 2"-ში მონაწილეობით ("პრაიმჰაუსის" მსგავსი პროექტი). არის რუსეთის ინტერნეტვარსკვლავი, ძირითადად, თავის მოვლის საშუალებებს არეკლამებს და ყიდის. თუმცა უყურადღებოდ არც "გლობალური საკითხები" რჩება.
მაგალითად, სჯერა, დაჩიპვისა და რაღაც მსოფლიო შეთქმულების, რომლის მიზანი პლანეტაზე მოსახლეობის შემცირებაა. არის ცნობილი ანტივაქსერი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის პუტინის მომხრე, მაგრამ ცხოვრობს არა მშობლიურ რუსეთში, არამედ მონაკოში.
რამდენიმე კვირის წინ ბონიამ პუტინისადმი ვიდეომიმართა ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ყველას ეშინია, ამიტომ სიმართლეს არ ეუბნებიან. მან ჩამოთვალა პრობლემები, რომლებსაც, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს უმალავენ: წყალდიდობა დაღესტანში (კრიტიკულ ვითარებაში მოსახლეობა, ფაქტობრივად, უპატრონოდ იყო მიტოვებული), საქონლის მასობრივი დაცემა ნოვოსიბირსკში, ანაპაში ნავთობის ლაქის გაჩენა (სავარაუდოდ, რუსული ტანკერიდან ჩაღვრილმა ნავთობმა ამ ქალაქის სანაპიროებთან ლამის ეკოკატასტროფა გამოიწვია), რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვა და ეკონომიკური პრობლემები. ბონიამ თქვა, რომ პუტინსა და რუსეთის მოსახლეობას შორის დიდი კედელია აღმართული და მას ამ კედლის დანგრევა სურს. იქვე დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მხარს უჭერს და ის ძლიერ პოლიტიკოსად მიაჩნია.
ვიდეომიმართვამ 30 მილიონი ნახვა დააგროვა, რაც წარმოუდგენელი შედეგია.
ეს კრემლშიც შეიმჩნიეს. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიმართვის ავტორის (ვინაობა არ დაუსახელებია) მიერ დასახელებული თემები მართლაც რეზონანსულია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უყურადღებოდ არც ერთი მათგანი არ დარჩება.
საპასუხოდ აცრემლებულმა ბლოგერმა სამადლობელი ვიდეო ჩაწერა და კრემლს მადლობა გადაუხადა, რომ მისი ხმა გაიგონეს. წესით, ამბავი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ...
პროპაგანდისტების შეტევა ბლოგერზე და "გაგიჟებული" სოლოვიოვი
პესკოვის ნელთბილი კომენტარის მიუხედავად, პროპაგანდისტები შეტევაზე გადავიდნენ. კერძოდ, "ზეტ-ბლოგერმა" იური პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ბონიას განცხადება დიდი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანი რუსეთში სიტუაციის არევაა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა კი თქვა, რომ ბონია დუბაის ესკორტის თანამშრომელი ეგონა. ცოტა ხნით შევჩერდებით მილონოვის პერსონაზე, რომელიც დიდ პატივშია რუსულ ტელემედიაშიც და დუმაშიც. მხოლოდ მის ბოლო ინიციატივებზე გეტყვით: აეკრძალოთ რუს ქალებს დასავლეთში მოგზაურობა, ხოლო ვინც დუბაიში წავა, ის დაბრუნების შემდეგ ერთკვირიან კარანტინში მოთავსდეს. რაღაც მითურ "რჩეულობაზე" დაფუძნებული ავტორიტარული სისტემა მსგავსი პერსონაჟებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის...
თუმცა მონაკოში მცხოვრებ რუს ბლოგერს მთავარი დარტყმა ასევე მთავარმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა მიაყენა. კერძოდ, მან ბონიას განცხადება სპეცოპერაციად შეაფასა, თავად ბლოგერს კი "ნათრევი ბ...ი" და ზელენსკის ჩანერგილი აგენტი უწოდა. სოლოვიოვმა პირდაპირი ეთერით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას, სამართლებრივი შეფასება მისცენ ბონიას ქმედებას და საერთოდაც, დაინტერესდნენ, რატომ არა აქვს აქამდე ბლოგერს "უცხოეთის აგენტის" სტატუსი.
პასუხის პასუხი ანუ მე შენ გიჩივლებ!
საპასუხო ვიდეომიმართვაში ვიქტორია ბონიამ განაცხადა, რომ კოლექტიურ სარჩელს ამზადებს სოლოვიოვისა და მილონოვის წინააღმდეგ. "დღეს ბევრს საუბრობენ ტრადიციულ ღირებულებებზე. ნუთუ ტრადიციული ღირებულებებია ის, რომ ფედერალურ არხებზე მამაკაცები ქალებს შეურაცხყოფენ". მან მოუწოდა ქალებს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, შეუერთდნენ კოლექტიურ სარჩელს. მოგვიანებით, ბონიამ თქვა, რომ შესაძლოა სარჩელი არ შეეტანა, თუ სოლოვიოვი პირდაპირი ეთერიდან ბოდიშს მოიხდიდა.
ჰოდა, აქ ატყდა ამბავი.
ბონიას მხარდაჭერა რიგითმა ადამიანებმა გამოუცხადეს _ სოლოვიოვს ლამის ყველა რუსი ქალის წყევლა-კრულვა დაატყდა თავს. ბლოგერს მხარდაჭერა გამოუცხადეს მამაკაცებმაც, მათ შორის, ფრონტზე მყოფებმაც. კოლექტიურ სარჩელს შეუერთდა რამდენიმე ცნობილი სახეც. ბონიას მხარდაჭერა ქსენია სობჩაკმაც გამოუცხადა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში საჩივარი შეიტანა. ბლოგერს ეს არ მოეწონა, რადგან მას და სობჩაკს ძველი მტრობა აქვთ. როგორც ბონიამ თქვა, სობჩაკი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს და მისი მხარდაჭერა არ სჭირდება.
ვლადიმირ სოლოვიოვმა კი ბოდიშის მოხდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ბონიასთვის შეურაცხყოფა კი არ მიუყენებია, არამედ დაახასიათა. მისი განცხადებით, მან ნეიროქსელების მეშვეობით შეამოწმა ბონიას განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ბლოგერის დაწერილი არ არის.
საპასუხოდ, ბონიამ სოლოვიოვს ხალხის მტერი უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ტელეეკრანებიდან გააქრეს. "თქვენ არა გაქვთ უფლება, იყოთ ხალხის ხმა", _ თქვა ბონიამ.
აქეთ რუსეთის კომპარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი გადაირია. ჩვენაო ამ პრობლემებზე სულ ვსაუბრობთ და მაინცდამაინც სიმპათიურ ბლოგერს უნდა ჩამოეთვალა პრობლემატური საკითხები, რომ დიდი ამბავი ატეხილიყოო? ზიუგანოვი დაიმუქრა კიდეც, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, შემოდგომით რუსეთში ის მოხდება, რაც 1917 წელს მოხდაო.
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი შეთქმულებების თეორიებში "ჩაეფლო". მისი მტკიცებით, ეფ-ეს-ბე ხელისუფლებიდან პუტინის მოშორებას ცდილობს და ბონიას სკანდალი ამ დიდი სპეცოპერაციის მხოლოდ დასაწყისია...
ეს სკანდალი დასავლეთშიც ფართოდ გაშუქდა ("სი-ენ-ენი, "გარდიანი" და ა.შ.). იქ ბონია-სოლოვიოვის დაპირისპირება ისე აღიქვეს, თითქოს რუსეთში საზოგადოება გამოფხიზლებას იწყებს და პოზიტიური ძვრები იქნება. ქალების მასობრივი აღშფოთების ფონზე ლამის "დიასახლისების რევოლუციაც" იწინასწარმეტყველეს.
შეიცვლება თუ არა რაიმე რუსეთში?!
რა თქმა უნდა, გულუბრყვილობაა იმის თქმა, არიქა, რუსეთში ახალი ოპოზიცია იბადებაო. სოლოვიოვი პუტინის მომხრე ბევრ რუსსაც არ უყვარს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ატყუებენ. სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ ამბავს ასეთი აჟიოტაჟი.
რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ნავალნი ვიქტორია ბონია არ იქნება. ჯერ ერთი, ბონიას, ალბათ, "პოლიტიკური ბაგაჟი" არ ეყოფა; მეორეც, ბონია ყოველთვის ხაზს უსვამს, თუ როგორ უყვარს პუტინი და რა დიადია ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი. ბონიას სულელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მან ამ სკანდალის მონეტიზაცია მშვენივრად მოახდინა, რამდენიმე დღეში 500 ათასი ახალი ხელმომწერი დაემატა, გაეზარდა რეკლამის რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავალიც.
რუსეთში მხოლოდ მაშინ შეიცვლება რამე, როდესაც დასრულდება რუსული ტრადიციული მითი "კარგ მეფესა" და "ცუდ დიდგვაროვნებზე". დიახ, რუსეთში ცვლილებები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც უშუალოდ პუტინის ქმედებებში დაეჭვდებიან, როცა მიხვდებიან, რომ კრემლის ბინადარმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ოღონდ სულ სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე საკუთარი მოსახლეობა. თუმცა მოხდება კი ეს უახლოეს მომავალში, საკითხავი, აი, ეს არის.
პ.ს. როგორც ჩანს, სოლოვიოვს ბონია "ეცოტავა" და უფრო მაღალ სიმაღლეებს შეუტია. კერძოდ, მან იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის "ფაშისტი ნაძირალა" და მუსოლინის მიმდევარი უწოდა. საპასუხოდ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც "გაუკვირდა", ჩვენ სოლოვიოვთან რა შუაში ვართო. თუმცა მუსოლინიზე, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სოლოვიოვი უნდა საუბრობდეს. კერძოდ, მან 2013 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი "მუსოლინი. მზის ჩასვლა". ფილმში ის დუჩეზე ცუდად ნამდვილად არ საუბრობდა.
"ვინ იყო ბენიტო მუსოლინი? მშიშარა? არა, ძალიან მამაცი ადამიანი იყო. ნაძირალა, მკვლელი და ანტისემიტი? თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის იტალიელ კომუნისტებს, ის "საშინელი" მეთოდით სჯიდა: აიძულებდა "კასტორკის" (აბუსალათინის ზეთი, რომელიც მუცლის ტკივილსა და დიარეას იწვევს) დალევას".
ესეც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იხლართებიან პროპაგანდისტები ორმაგ, სამმაგ და ათმაგ სტანდარტებში.
გიორგი კვიტაშვილი