ბადრი კვარაცხელია: „ხვიჩა ფეხბურთისთვის  არის დაბადებული!“ - კვირის პალიტრა

ბადრი კვარაცხელია: „ხვიჩა ფეხბურთისთვის  არის დაბადებული!“

ბადრი კვარაცხელიას ზუსტად სამი წლის წინ - 2023 წლის აპრილში ვესაუბრე. იმ დროისათვის, მის შუათანა ვაჟს - ხვიჩა კვარაცხელიას უკვე გადარეული ჰყავდა სრულიად ნეაპოლი, აპენინის მთელი ნახევარკუნძული და საფეხბურთო სამყაროს უდიდესი ნაწილი. უფროსმა კვარაცხელიამ სწორედ იმ ინტერვიუს დროს მითხრა - ხვიჩას ისე უყვარს ფეხბურთი, ვერაფერი შეცვლისო და... მიხარია, რომ ბადრის მაშინდელი სიტყვები დღემდე აქტუალურია! დიახ, თვითონ ხვიჩა არ შეცვლილა, სამაგიეროდ, მისმა პროგრესმა მიაღწია არნახულ მასშტაბებს: "ნაპოლისთან" ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული (ორჯერ) და "სერია ა"-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, "პარი სენ-ჟერმენს" პირველივე წელს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ნანატრი თასი (დანარჩენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ ტიტულებს აღარ ჩამოვთვლი) და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშა ევროპის ჩვენთვის ისტორიულ ჩემპიონატზე, 24 წლის ასაკში დაიმსახურა ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლავური, დასახელდა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის... ბადრი კვარაცხელიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს არაერთ საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ. მათ შორის: ჩემპიონთა ლიგის კარს მომდგარ ნახევარფინალზე, ხვიჩას აგენტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ბრიტანული კლუბების ინტერესზე, დამიანე კვარაცხელიაზე, რომელსაც "კოჭებში" უკვე ეტყობა, რომ აუცილებლად წავა ბაბუის, მამისა და ბიძის კვალზე და სხვ.

- თქვენთან სამი წლის წინ ჩაწერილი ბოლო ინტერვიუს დროს, ხვიჩა ჯერ კიდევ "ნაპოლის" ფეხბურთელი იყო. მას შემდეგ, უამრავი მნიშვნელოვანი რამ მოხდა კვარას საფეხბურთო და პირად ცხოვრებაში:

- ეს სამი წელიწადი, ემოციურად მართლაც ძალიან დატვირთული გამოდგა მისთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის: ხვიჩა დაოჯახდა, გახდა ვაჟიშვილის მამა, ახალ კლუბთან ერთად მოიგო "უეფას ჩემპიონთა ლიგა" და კიდევ არაერთი ტიტული, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა დიდ ტურნირზე... "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით მოპოვებული გუნდური/ინდივიდუალური წარმატებების პარალელურად, იმავე სეზონში იტალიის ჩემპიონიც გახდა...

ცალკე უნდა ვთქვათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რომელმაც ახალი ფურცელი გადაშალა ქართული ფეხბურთის ისტორიაში და პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გერმანიაში ჩვენი ნაკრების ოთხივე მატჩს დავესწარი და რაც იქ ხდებოდა, იმის გადმოცემა ძალიან რთულია... იშვიათია ერთად თავმოყრილი ამდენი ამაყი და ბედნიერი ქართველი, გერმანიის ქალაქების სტადიონებსა და ქუჩებში რომ მოვგროვდით.

ტრიბუნაზე ვიდექი და ევროპის ჩემპიონატის მატჩებში საქართველოს ჰიმნს ვუსმენდი, ჩემი შვილისა და მისი მეგობრების თამაშს ვუყურებდი. ერთდროულად იყო სიამაყე, ნერვიულობა, სიხარული. ვაცნობიერებდი, რომ ხვიჩას ფეხბურთელობა თუნდაც მხოლოდ ასეთი დაუვიწყარი მომენტებისთვის ღირდა!

რაც მთავარია, "ევრო-2024"-ზე ჩვენი გუნდი სტატისტის როლში არ ყოფილა - საქართველოს ნაკრებმა გაალამაზა ევროპის ჩემპიონატი, საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ და მერვედფინალში გავედით. ჩემს მეუღლეს ხვიჩას მაისური ეცვა და როცა გვცნობდნენ, საქართველოსთან წაგების მიუხედავად, პორტუგალიელი გულშემატკივრებიც კი მოდიოდნენ ჩვენთან და გვილოცავდნენ.

- ქართველი გულშემატკივრების ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა კვარას პარიზულ პერსპექტივებს - ლუის ენრიკეს კლუბს საფრანგეთში ტოლ-სწორი კონკურენტები არ ჰყავს, საერთაშორისო ასპარეზზე კი "პარი სენ-ჟერმენი" ვერაფერს მიაღწევს და მოტივაციასთან ერთად, ხვიჩა განვითარების შანსსაც დაკარგავსო. საბედნიეროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა!

- წლევანდელი სეზონიც ადასტურებს, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონი სულაც არ არის "ფერმერების ლიგა" და არც პსჟ-ს აქვს თვალში საცემი უპირატესობა (ინტერვიუ ჩაწერილია 24 აპრილს. - რ.შ.). ხვიჩას არაერთხელ უთქვამს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში რთულია. თუმცა ყველა ის ტიტული (უპირველესად - ჩემპიონთა ლიგის თასი) და გამოხმაურება, რაც ჩემმა შვილმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ დაიმსახურა, თავისთავად პასუხობს კითხვას - სწორი იყო თუ არა პარიზულ კლუბში გადასვლა.

- "საქართველოს ჩემპიონატიდან "ნაპოლიში" გადასვლა ოცნების ასრულებას ჰგავდა, მაგრამ როცა პარიზიდან დამიკავშირდნენ, მაშინ მივხვდი, რომ უკვე სხვა დონის ფეხბურთელი ვიყავი", - თქვა ხვიჩამ. ნეაპოლიდან პარიზში გადაბარგება საკმაოდ სწრაფად მოხდა - იმ დღეებიდან რისი გახსენება შეგიძლიათ?

- პარიზში გადასვლა ფაქტობრივად - ერთ თვეში გადაწყდა. გადაწყვეტილება ხვიჩამ მიიღო. ცხადია - თავის საფეხბურთო აგენტთან და ოჯახთან შეთანხმებით. გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო იყო, თორემ "ნაპოლი" დღემდე ძალიან გვიყვარს. ჩემთვის, უკვე ის იყო უდიდესი ბედნიერება, ხვიჩა დიეგო მარადონას ყოფილ კლუბში რომ თამაშობდა, "სკუდეტო" და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება კი იმ საოცარი სეზონის ფანტასტიკური დაგვირგვინება იყო... "ნაპოლი" ჩვენც გვიყვარს და ხვიჩა ტიფოზებმაც ძალიან შეიყვარეს.

ნეაპოლელი რომ "კვარადონას" შეგარქმევს, ამაზე დიდი დაფასება რა უნდა იყოს?! ეს არის ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, ამ თამაშის ასე ფანატიკურად მოყვარული ხალხი სხვაგან არსად შემხვედრია.

ფეხბურთელის კარიერა ასეთია - დღეს აქ თამაშობ, ხვალ - იქ, მაგრამ ხვიჩასთვის სამხრეთ იტალიის ეს ლამაზი ქალაქი და კლუბი ყოველთვის დარჩება საყვარელ ადგილად, სადაც პირველად ეზიარა ევროპულ ფეხბურთს, დიდ წარმატებას მიაღწია, სადაც ფანატიკურად შეიყვარეს. დამიანეც ხომ "ნაპოლიში" თამაშის პერიოდში დაიბადა...

- მეუღლის და მამის სტატუსმა რა შეცვალა ხვიჩას ცხოვრებაში?

- ახლა გაცილებით მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აქვს. მომქანცველი ვარჯიშისა თუ მატჩის შემდეგ შინ დაბრუნებულს, სახლში დიდი სიყვარული ხვდება! როცა დაოჯახდნენ, ხვიჩა და ნიცა ასაკით პატარები იყვნენ, მაგრამ დღემდე ავსებენ ერთმანეთს, მათი სიყვარული პირველ შვილთან ერთად გრძელდება და მინდა ორივეს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ დამიანე მაჩუქეს! ჩვენმა უფროსმა შვილმა - ნიკამ რამდენიმე წლის წინ გვაგრძნობინა პირველი შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული უდიდესი სიხარული, ახლა, სესილის დამიანეც დაემატა და... როცა ცაცია ფეხი პირველად დაარტყა ბურთს, სიცილით ვთქვი - ახლა უკვე მშვიდად ვარ, კვარაცხელიების საფეხბურთო დინასტიას საიმედო გამგრძელებელი ჰყავს-მეთქი! დამიანე კვარაცხელია აუცილებლად ითამაშებს ფეხბურთს და გახდება მეოთხე თაობის ფეხბურთელი ჩვენს ოჯახში - მამაჩემიც ფეხბურთელი იყო, მეც, ახლა ჩემი შვილები და... ცოტა ხანში - შვილიშვილიც! მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა დამიანეს წავიყვან ვარჯიშზე... წლინახევრის ბავშვს ასე ძალიან უყვარდეს ფეხბურთი, პირველად ვხედავ... პსჟ-ს თამაშის დროს ტელევიზორს არ სცილდება, კლუბის ყველა ფეხბურთელს ცნობს და მათ გვარებს სხაპასხუპით ჩამოთვლის ხოლმე. ბაბუასავით ცაციაა და მარცხენა ფეხს ისე იქნევს, აუცილებლად თავდამსხმელი იქნება! ხვიჩა მეუბნება - შენ რომ გაზარდე, მე დამიანეს იმაზე მაგარ ფეხბურთელად გავზრდიო და... ვნახოთ!

- მთელი საქართველო თანახმა ვართ: ხვიჩას ჯერ თორნიკე კვარაცხელიამ აჯობოს, რამდენიმე წელიწადში კი - დამიანემაც!

- საქართველოს ეროვნული ჰიმნის დროს ბევრჯერ მიფიქრია, რამხელა სიამაყე და სიხარული იქნება, ნაკრებში მოხვედრის პატივი თორნიკემაც რომ დაიმსახუროს და ძმებმა ერთდროულად ითამაშონ-მეთქი?! სამი ძმა არველაძის მამა - იუსტინე (კიჭა) არველაძე უბედნიერესი კაცია - ეროვნულ ნაკრებში მისმა სამივე ვაჟმა ითამაშა და სულ მიკვირს - როცა ეროვნული ჰიმნის დროს ნაკრების მაისურში გამოწყობილ ვაჟებს უყურებდა, ბატონი იუსტინეს გულმა როგორ გაუძლო ამხელა სიხარულს.

badri-kvaracxelia-chempionta-ligis-tasit-1777224678.jpeg

- ჰოდა, სანამ ეროვნულ გუნდში თორნიკესაც ვნახავთ, ისევ თქვენს შუათანა ვაჟს მივუბრუნდეთ -+ ნეაპოლის ქუჩებში ხვიჩას გამოჩენა ენით აღუწერელ აჟიოტაჟს იწვევდა ხოლმე, პარიზი კი გაცილებით დიდი და "ჭრელი" ქალაქია და ალბათ, საფრანგეთის დედაქალაქში გასეირნებას შედარებით თავისუფლად ახერხებს...

- ნეაპოლში ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და ხვიჩა წამში ექცეოდა სიხარულით გადარეული ფანების ალყაში. "თავისუფლად" სეირნობა პარიზის ქუჩებშიც პრობლემაა - ფეხბურთი საფრანგეთის დედაქალაქშიც ძალიან უყვართ და ფეხბურთელებს ყველგან ცნობენ, მაგრამ ამავე დროს, ფრანგი ქომაგი გაცილებით თავშეკავებულია: აუცილებლად გკითხავენ - შეიძლება თუ არა ფოტოს გადაღება, ავტოგრაფის მიღება და სხვ.

- როცა კვარამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, კინაღამ მე გადავხტი მოედანზე და წარმომიდგენია, ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია გექნებოდათ!

- გულზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გადამეტებული ემოცია, ნერვიულობა "აკრძალული" მაქვს და რაც უნდა მოხდეს, ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. როცა ხვიჩამ­ "ინტერს" გაუტანა, ჩვენი ოჯახის ყველა წევრი წამოხტა, სიხარულისგან ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ... მე კი ისე მშვიდად ვიჯექი, პსჟ-ს ფეხბურთელების ოჯახის წევრები გაოგნებული მიყურებდნენ - შვილის გოლი არ გაგიხარდაო?! წინასწარ ვიცოდი, რომ გაიტანდა-მეთქი! არადა, იმ წუთს ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვიყავი - ჩემი შვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა... ფაქტია - გერმანიის სტადიონები იღბლიანია ქართველი ფეხბურთელებისთვის. ევროპის ჩემპიონატის დღეებმა, ქართველებს საოცარი ემოცია, ერთიანობის განცდა გვაჩუქა. არამხოლოდ სპორტში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვჭირდება ასეთი ერთიანობა და ჩვენი მომრევი არავინ იქნება! ის უდიდესი მუხტი, რამაც 2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მთელი ქვეყანა გააერთიანა, არ უნდა დაიკარგოს.

- რადგან ნაკრების წარმატება გავიხსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ეროვნულ გუნდს ახალი კაპიტანი ჰყავს - ხვიჩა კვარაცხელია!

- ეს სტატუსი, ნებისმიერ გუნდში დიდ ნდობას ნიშნავს, ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლავური კი ორმაგი პატივი და პასუხისმგებლობაა. ნაკრების წინამძღოლობა დიდი ტვირთია. მაგალითი უნდა იყო, ლიდერი - არა მხოლოდ მოედანზე, გასახდელშიც. გუნდი უნდა მოგყვებოდეს. ხვიჩამ რომ თქვა - მხოლოდ მე კი არა, ყველა კაპიტნები ვართო, ასეთი მიდგომით, იმ ერთიანობით, რასაც საქართველოს ნაკრებში ვხედავთ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. "ჩავარდნა" ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებსაც აქვთ ხოლმე, მაგრამ მჯერა, რომ შრომით, თავდადებით, ერთიანობით, ეს თაობა ბევრს მიაღწევს. რაც მთავარია, კარგად აცნობიერებენ - ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა, სავიზიტო ბარათი. ხომ ვნახეთ, როგორ უხეშად ეთამაშებოდნენ ლიეტუვის ნაკრების მოთამაშეები ჩვენს ბიჭებს? ამის მიუხედავად, თავი არც ერთ მათგანს დაუზოგავს, ფეხებს არავინ "მოფრთხილებია".

- ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობა არც გვიკვირს - ჯარიმის გარეშე მისი შეჩერება ურთულესი საქმეა. ჰოდა, "დაღვინება" ამაშიც ეტყობა - მსაჯებსა თუ დამნაშავე ფეხბურთელებს ძველებურად აღარ ეპასუხება ხოლმე!

- ემოციური ყოველთვის იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ბოლომდე გააცნობიერა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელს ეგოიზმი არ ეპატიება, ემოციურობისა თუ თავშეუკავებლობის გამო, მოთამაშემ თანაგუნდელები არ უნდა დააღალატოს.

- 22 გოლი 49 სანაკრებო მატჩში - სულ ცოტაც და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის შედეგს (შოთა არველაძე, 26 გოლი) გააუმჯობესებს. ეს იმის მიუხედავად, რომ კლუბშიც და ნაკრებშიც, პირად სტატისტიკაზე წინ, კვარა ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებს!

- მთავარია, ნაკრებმა მოიგოს და რა მნიშვნელობა აქვს, გოლს ვინ გაიტანს? ეგოისტი რომ იყოს, ხვიჩას კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრად მეტი გოლი ექნებოდა, მაგრამ ისეთ დროს აკეთებს ხოლმე გადაცემას, როცა მის ადგილას, ნებისმიერი თავდამსხმელი დაარტყამდა. ეს არის პროფესიონალიზმი და გუნდურობის განცდა.

- თანამედროვე ფეხბურთში წარმატებას უნივერსალური მოთამაშეები აღწევენ, ამ მხრივ, ხვიჩა მართლაც ფასდაუდებელი ფეხბურთელია, მაგრამ... მისი ფინტების, დრიბლინგისა და დარტყმის პატრონი დაცვაში "მოსაცდენად" არ გვემეტება... თვითონ არ სწყდება გული, მოედანზე ბოლომდე თავისუფალი რომ ვერ არის?

- პსჟ-ს წარმატების მთავარი "საიდუმლო" ის არის, რომ გუნდში ბევრია უნივერსალური მონაცემების ფეხბურთელი, რომლებსაც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. როცა ლუის ენრიკე ხედავს, რომ მცველებისთვის დახმარების პარალელურად, ხვიჩას შეტევისთვისაც რჩება ენერგია, რა გასაკვირია, მის შესაძლებლობებს სრულად იყენებდეს?! მთავარი, ხვიჩასთვისაც გუნდის ინტერესებია - გაზრდილია მისი სამოქმედო არეალიც და შესაბამისად, დატვირთვაც. კვარა რომ მხოლოდ წინ იდგეს და დაცვას არ ეხმარებოდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ხიფათს შექმნიდა ბურთის თითოეული მიღებისას?! გაცილებით მეტ დრიბლინგს, ფინტს, გოლს ვნახავდით, მაგრამ... გუნდის მიზნები, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები სხვა რაღაცებს ითხოვს.

- პსჟ-ს პრეზიდენტმაც თქვა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელი ფეხბურთელია და არ იყიდება, მაგრამ... ბოლო დროს, მაინც ხშირად იწერება ინგლისური კლუბების ინტერესზე. გვარწმუნებენ, რომ განსაკუთრებით აქტიურობს ლონდონის "არსენალი", "კვარაცხელიას მხარე" კი მზადაა, შეთავაზება განიხილოსო... ვერ ვხედავ თუნდაც ერთ მიზეზს, რატომ უნდა დატოვოს "კვარამ" პარიზული კლუბი. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ხვიჩა და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი.

- მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.

ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

ხვიჩა თამაშობს ძალიან ძლიერ და წარმატებულ კლუბში, სადაც უყვართ, ენდობიან, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია კლუბში, რომელიც ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი და მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალისტია - რატომ უნდა ფიქრობდეს სხვაგან წასვლაზე?! თუ პარიზულ კლუბს აღარ ექნება თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, წასვლაზე ჩვენც დავფიქრდებით, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს თემა არც კი განიხილება. იმის მიუხედავად, რომ ფრანგულ კლუბში საფრანგეთის ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან უწევს კონკურენცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობაც ხაზგასმით ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა. დიახ, ხშირად იწერება "არსენალისა" თუ სხვა ინგლისური კლუბების ინტერესზე, მაგრამ ჩემი შვილი ასეთ ცნობებს ყურადღებას არ აქცევს. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია, აფასებენ, უყვართ, თამაშობს და კლუბის შეცვლაზე რატომ უნდა იფიქროს?! ხვიჩა ფიქრობს მხოლოდ გუნდის ინტერესებზე და იმაზე, როგორ დაეხმაროს კლუბს, როგორ ასახელოს თავისი სამშობლო...

tornike-zalian-mizandasaxuli-da-shromismoqvare-bichia-qvela-monacemic-akvs-imistvis-rom-ma-1777224678.jpeg

- თუმცა, არიან ისეთებიც, პატრიოტიზმის ნაკლებობას რომ აბრალებენ. და იმასაც ამტკიცებენ - ნაკრებში ბოლომდე არ იხარჯებაო...

- ხვიჩამ ასეთ რაღაცებს ყურადღება რომ მიაქციოს, ფეხბურთს ვერ ითამაშებს! პირიქით - მე მამშვიდებს ხოლმე, გულთან არ მიიტანო, ყურადღება არ მიაქციო, ასეთი შეფასებები კიდევ უფრო მაძლიერებს, მეტ სტიმულს მაძლევსო... თავისი შეხედულების დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, საფუძვლიანი კრიტიკა მისაღებიც არის და საჭიროც, მაგრამ ზოგჯერ, ისეთი აბსურდული ბრალდებები მხვდება, ვერც ვხვდები, რას გულისხმობენ... ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა, შეიძლება შეცდეს კიდეც. ფეხბურთელს ხან გამოგივა უკეთ თამაში, ხან - არა. მაგრამ

დავიჯერო, ვინმე მართლაც ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია შეგნებულად ითამაშოს ცუდად, ან ეროვნულ ნაკრებში "ფეხებს მოუფრთხილდეს"?!

- რამდენჯერმე ფრანგებმაც ხომ დაწერეს - ჩემპიონთა ლიგის მატჩებში უფრო მოტივირებულია, ვიდრე - საფრანგეთის პირველობაზეო. თუმცა, ვინც ბოლო მატჩებში ხვიჩას სტატისტიკას ნახავს, მსგავსი აზრები აღარ გაუჩნდება...

- ვიმეორებ, საფუძვლიანი კრიტიკა აუცილებელია. მაგრამ ადამიანმა ობიექტურობა არ უნდა დაკარგოს. ხვიჩას ფეხბურთი ძალიან უყვარს და ამდენს ამიტომ შრომობს და უძლებს. თანამედროვე ფეხბურთის დატვირთვების გაძლება ურთულესია. მით უმეტეს, კლუბებისთვის, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე "ფრონტზე" უწევთ ბრძოლა. თუ ბოლომდე არ დაიხარჯები, თავდაუზოგავად არ ივარჯიშებ და რეჟიმს არ დაიცავ, ფეხბურთს ვერ ითამაშებ! ახალგაზრდა კაცისთვის ადვილი არ არის ყოველდღე 23:00 საათზე დაძინება, მაგრამ პროფესიული სპორტი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ვიღაც იტყვის ამხელა ხელფასს იღებენ და თავდადებითაც არ ითამაშონო?! მერწმუნეთ, მხოლოდ ფულისთვის ასეთი მონდომებით ვერ ითამაშებ! ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთისთვის არის დაბადებული და ამ თამაშის გამო, სხვა ყველაფერი გვერდით გადადო... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი შვილი რაიმე პრივილეგიით სარგებლობს, ბოლო მაგალითს მოგიყვანთ: ისრაელთან მატჩისთვის ჩამოსული, მხოლოდ 5 წუთით ვნახეთ და აეროპორტიდან პირდაპირ შეკრებაზე გაემგზავრა. ნამატჩევს კიდევ რამდენიმე წუთით ველაპარაკეთ და სულ ეს იყო - სახლში არც მოსულა...

- "ჩელსის" კარში გატანილი გოლი, ხვიჩამ კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა. ვიცი, რომ ილია მეორე თქვენს ოჯახს განსაკუთრებულად უყვარდა...

- ისევე, როგორც მთელ საქართველოს. პატრიარქი ჩვენი ოჯახის მესამე შვილის - თორნიკეს ნათლიაა. თოკო სამჯერ იყო მისული სამების ტაძარში, მაგრამ სამწუხაროდ, პატრიარქის სამძიმარზე შესვლა ვერ მოახერხა... ჩვენთან ერთად წამოსვლა კი ვერ შეძლო - ვარჯიში ჰქონდა. თანაგუნდელებთან ერთად რამდენჯერმე მივიდა, თუმცა შესვლა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს... სიმბოლურია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გარდაცვალებითაც გააერთიანა ქართველი ერი.

- თორნიკე ახსენეთ და საუბრის ბოლოს, რამდენიმე სიტყვა უმცროს ვაჟზეც გვითხარით - სანამ დამიანე წამოიზრდება, ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი კვარაცხელია გვჭირდება!

- საკმაოდ დიდი ტვირთია, გერქვას ხვიჩა კვარაცხელიას ძმა და მუდმივად მას გადარებდნენ... მეც და მაკაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის დიდი წნეხი, რაც "ხვიჩა კვარაცხელიას ძმის" სტატუსს ახლავს, თოკოს თამაშზე არ აისახოს. საბედნიეროდ, ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარე ბიჭია. ყველა მონაცემიც აქვს იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს, დანარჩენი კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თუ შრომას გააგრძელებს და მხოლოდ ფეხბურთზე იქნება კონცენტრირებული, პოტენციალს სრულად გამოავლენს. თორნიკე ბევრს შრომობს და ამიტომაც არის ასაკობრივ ნაკრებში. ყველაზე მეტად სწორედ ის მიხარია, რომ თორნიკე კვარაცხელია პრივილეგიებით არ სარგებლობს და ნაკრებში მხოლოდ იმიტომ იძახებენ, რომ იმსახურებს...