როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლესთან დავის პერიოდში ქონება არ დავკარგოთ - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლესთან დავის პერიოდში ქონება არ დავკარგოთ

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს? ქართველია, მაგრამ აქვს რუსეთის მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს შეჩერებული.

- სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში შეძენის საკითხი მკაცრად არის რეგულირებული და დამოკიდებულია პირის მოქალაქეობრივ სტატუსზე. "საქართველოს კონსტიტუციისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" მოქმედი წესების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ეკრძალებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში მიღება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მაგალითად, როგორიცაა მემკვიდრეობა. ვინაიდან პირს საქართველოს მოქალაქეობა შეჩერებული ან დაკარგული აქვს, სამართლებრივი თვალსაზრისით აღარ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ის მიიჩნევა უცხო ქვეყნის მოქალაქედ და შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო მიწის პირდაპირ საკუთრებაში შეძენა არ შეუძლია.

ვიმყოფები არაოფიციალურ ქორწინებაში 20 წელზე მეტია. გვყავს შვილები. ვიყიდეთ ბინა სესხით, ბინა გაფორმდა მეუღლის სახელზე და წლებია სესხს მე ვიხდი. მე ვარ დარეგისტრირებული თანამსესხებლად. მეუღლე უარს ამბობს, რომ თანამესაკუთრედ დამარეგისტრიროს. რა შეიძლება გავაკეთო?

- ვინაიდან თქვენ არა ხართ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ესე იგი, იმყოფებით სამოქალაქო ქორწინებაში. რაც ავტომატურად არ გაძლევთ შესაძლებლობას ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავთ, გყავთ საერთო შვილები და ბინა შეძენილია ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში. ეს გარემოება არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენ შესაძლოა გქონდეთ ამ ქონების წილის მოთხოვნის უფლება, თუ დაამტკიცებთ, რომ მის შეძენაში რეალურად მონაწილეობდით ფინანსურად, ან არსებითად მონაწილეობდით სესხის დაფარვაში. თქვენი აღწერით, თქვენ წლების განმავლობაში იხდით სესხს და ამასთან ხართ აღნიშნული როგორც თანამსესხებელი. ეს ფაქტი სამართლებრივად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ ადასტურებს თქვენს ვალდებულებით მონაწილეობას ბანკის წინაშე და ამით თქვენი ფინანსური წვლილი ქონების შეძენაშიც დასტურდება. ამდენად, თუ მეუღლე უარს ამბობს თქვენს თანამესაკუთრედ რეგისტრაციაზე, უნდა მიმართოთ სასამართლოს. რადგან თქვენ მიუთითებთ, რომ სესხის გადახდაში მონაწილეობთ, გაქვთ რეალური შესაძლებლობა გახდეთ აღნიშნული ქონების თანამესაკუთრე.

გარდამეცვალა მეუღლე. მყავდა ორი თვის შვილი და მომიწია იმ სახლიდან წამოსვლამ. სახლი, სადაც ვცხოვრობდით, იყო ჩემი ქმრის მშობლის სახელზე, ასევე აქვთ მიწები და ბინა. მთელი ეს ქონება ჩემმა მულმა გადაიფორმა. მე ხელი არ მქონდა მოწერილი ქმართან, მაგრამ ბავშვი არის მამის გვარზე. როგორ უნდა მოვიქცე, რომ შვილმა მიიღოს მამამისის წილი?

- მემკვიდრეს შეუძლია მიიღოს მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქონება მემკვიდრეობით. როგორც თქვენ მიუთითებთ, თქვენ ცხოვრობდით მეუღლის მშობლების სახელზე რეგისტრირებულ სახლში, თუმცა კითხვიდან არ ჩანს, მეუღლის მშობლები გარდაცვლილები იყვნენ თქვენი მეუღლის გარდაცვალების მომენტში თუ შემდეგ გარდაიცვალნენ. თუ თქვენი მეუღლე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე - შვილზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). თუმცა გასათვალისწინებელია სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, რომელიც გასულია თქვენს შემთხვევაში და არც ფაქტობრივი ფლობა არ უდგინდება თქვენს შვილს. ასევე არ მიუთითებთ, რის საფუძველზე გადაიფორმა თქვენმა მულმა ქონება. თუ მან ქონება გადაიფორმა მშობლების სიცოცხლეში მათი თანხმობით, აღნიშნულზე მოთხოვნის უფლება არა გაქვთ. თუ თქვენი მეუღლის მშობლები გარდაცვლილები არიან, მაშინ მნიშვნელოვანია არ იყოს გასული სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა, მაგრამ რადგან წერთ, რომ მულმა გაიფორმა, შესაძლოა ეს ვადაც გასული იყოს, ხოლო რადგან თქვენი შვილი ფაქტობრივად არ იყო ამ ქონებას დაუფლებული, ფაქტობრივ ფლობასაც ვერ დაადასტურებთ.

- ქმართან ვაპირებ განქორწინებას, ყველა ქონება მის სახელზეა გაფორმებული: ბინა, მანქანა და სოფლის სახლი. სხვას რომ გადაუფორმოს განქორწინებამდე ქონება, შევძლებ თუ არა თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებიდან წილის მიღებას?

- ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, როგორც წესი, მიიჩნევა მეუღლეთა ერთობლივ ქონებად, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ბინა, ავტომობილი ან სოფლის სახლი ფორმალურად მხოლოდ ქმრის სახელზეა გაფორმებული, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს ამ ქონებაზე უფლება არა აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ქონება შეძენილია თუ არა ქორწინების პერიოდში. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ სასამართლოს და ერთდროულად დააყენოთ ორი მოთხოვნა: განქორწინების მოთხოვნა და ქონების გაყოფის/თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა. გარდა ამისა, კანონი გაძლევთ საშუალებას, მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელია ქონებაზე დაწესდეს განკარგვის აკრძალვა, რათა მეორე მხარემ ვერ შეძლოს მისი გაყიდვა, ჩუქება ან სხვა პირებზე გადაცემა დავის საბოლოოდ დასრულებამდე. ეს მექანიზმი პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იცავს იმას, რომ დავის პერიოდში ქონება არ "დაიღუპოს" და სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდეს ფორმალური და აღუსრულებელი. თუ მაინც მოხდება ისე, რომ ქმარი დავის დაწყებამდე ან მიმდინარეობისას ქონებას გადააფორმებს სხვა პირებზე, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ უკვე განხორციელებული გარიგებების ბათილად ცნობა. ამისთვის სასამართლოში უნდა დაამტკიცოთ, რომ გადაფორმება განხორციელდა თქვენი უფლებების დაზიანების და ქონების გადამალვის მიზნით და იმ პირობებში, როდესაც შემძენმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენის საკითხი, რადგან თუ დადგინდება, რომ შემძენი არ იყო კეთილსინდისიერი, გარიგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი მნიშვნელოვნად ძლიერდება.