"კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია" - მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია" - მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მთიულეთში, კერძოდ სოფელ გვიდაქეში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი ბუჩუკური. ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა.

“მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო.

ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ბ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ გ.ბ.-ს სასიკვდილო დაზიანება 1991 წელს დაბადებულმა ლ.ზ.-მ. მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული ლ.ზ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტი სუფრაზე დაწყებულა. სოფელი გვიდაქე სოფელ ქვეშეთის თემის შემადგენლობაში შედის. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გაგვეგო მომხდარზე, მაგრამ მერის წარმომადგენელმა გიორგი ნაზღაიძემ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ ადგილობრივს. ის ადასტურებს, რომ მოკლული 47 წლის გიორგი ბუჩუკურია, რომელიც ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გიორგი მშობლიურ კუთხეში დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა და სწორედ იქ დატრიალდა ეს უმძიმესი ტრაგედია.

“სოფელ გვიდაქეში არის წმინდა გიორგის ქაშვეთის საყდარი, ქაშვეთობას იკრიბებიან ადგილობრივები, მთელმა მთიულეთმა იცის ეს დღესასწაული რომ აღინიშნება და სხვებიც მოდიან ხოლმე, მაგრამ ძირითადად ჩვენი გვარის წარმომადგენლები, ბუჩუკურები. იქ არის ჩვენი საგვარეულოს სალოცავები. ხატობა და ქაშვეთობა აღინიშნება კვირაცხოვლობის მომდევნო შაბათ-კვირას. შაბaთს ხატობა, კვირას ქაშვეთობა. გვიდაქე არის მეწყერსაშიში სოფელი, ამიტომ დატოვა სოფელი მოსახლეობამ, ეკომიგრანტები არიან, ამ დღესასწაულზე ისინი ამოდიან სალოცავში და იკრიბებიან გვარის წარმომადგენლები ქალები და კაცებიც. ასევე ცალკე არის კაცების სალოცავიც, სადაც მარტო მამაკაცები იკრიბებიან. მერე სუფრა იშლება და აღნიშნავენ ერთად ადგილობრივები ამ დღეს. სწორედ ეს დღე აღინიშნებოდა გუშინ, იქ ყოფილა ჩამოსული გიორგი ბუჩუკური და მისი ძმაც, რომელიც ასევე დაჭრილია.

ზუსტად მომხდარის დეტალები არავინ იცის, ვინც ბოლომდე დარჩა იქ, ისინი ყველა დაკითხვაზეა, ამიტომ ჯერჯერობით უშუალოდ ფაქტის თვითმხილველებს ვერ გავესაუბრე. ვიცით ის, რომ კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ადრე ნასამართლევი ყოფილა, თურმე სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ურევდა სიტუაციას და ამიტომ მისთვის გიორგის შენიშვნა მიუცია. გიორგი ყოფილა სუფრის თამადა. ეტყობა ეს შენიშვნა არ მიიღო და იუკადრისა მან, იქვე უთქვამს, როგორ მაკადრე შენიშვნაო, იმასაც ამბობენ, მერე მას დაურეკავს ვიღაცეებთანო. სხვებიც მოუყვანია, ჩასაფრება მოუწო და მოხდა ეს მძიმე ფაქტი. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. სოფლის თავში სადღაც დააგდო თურმე მოკლულის ცხედარი დამნაშავემ, მას თურმე დიდხანს ეძებდნენ და გვიან იპოვეს მოკლული. ეტყობა იქ მყოფებიდან ვიღაცამ მოახერხა 112-ში დარეკვა, მოვიდა პოლიცია და სასწრაფო. თურმე დიდხანს ეძებდნენ გიორგის, დაჭრილია გიორგის ძმაც, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. კიდევ სხვებიც არიან დაჭრილები... ძალიან დადებითად შემიძლია დავახასიათო გოგა ბუჩუკური. ყველა განიცდის მომხდარს, ვინც მას იცნობდა. ძმები ბუჩუკურები სამხედროები არიან, წლებია ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, კიდევ ჰყავთ ერთი ძმა, პოლკოვნიკია. თვითონ გიორგი ავღანეთის მისიაშიც ნამყოფი ბიჭი იყო. ძალიან კაცთმოყვარე და კარგი ადამიანი. მთელი სოფელი განიცდის. ყველას გვერდში ედგა, სოფლიდან ვინც სასწავლებლად ჩადიოდა თბილისში, ყველას ეხმარებოდა როგორც შეეძლოო. თვითონ რუსთავში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. ერთი შვილი დარჩა.

სამხედროები იყვნენ ძმები, ფიზიკურადაც მომზადებულები და ეტყობა ამიტომ მოუწყო დამნაშავემ მათ ჩასაფრება და გაუსწორდა ცივი იარაღით. ამბობენ, რომ ვიღაცეები დასახმარებლად მოყვანილი ჰყავდაო. ყველაფერი გაირკვევა, გამოძიება მიდის. დღეს დილას გიორგის მეგობრები ჩამოსულან და სამხედროებს წაუსვენებიათ გიორგის ცხედარი. რუსთავშია გადასვენებული, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. დაჭრილია გიორგის ძმა, მას ყბის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული ხადას ხეობიდან ყოფილა, ხადიდან გადასახლებულები ყოფილან სოფელ არაგვისპირში. ახლა მიდის ყველას დაკითხვა, ვინც იმ სუფრაზე იყო და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ძალიან განვცდი მომხდარს და ვუსამძიმრებ ოჯახს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გიორგი ბუჩუკურის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ, ფაქტზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)