ჩუმი ქართული ტრაგედია - „ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში ნარკოტიკებისთვის ქუჩაში მათხოვრობს“
დღეს შესაძლოა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს უფრო დიდი ტრაგედია, როგორიც ნარკოტიკის მოხმარების გამო ახალგაზრდების მოულოდნელი გარდაცვალებაა. სამწუხაროდ იზრდება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები. სახელმწიფოებრივი გულგრილობის თუ სხვა მიზეზების გამო, არ არსებობს ნარკოტიკის გამო უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქეების სტატისტიკა. თუმცა სპეციალური სამსახურების თვალწინ ნელ-ნელა მატულობს ის დრამა, რომელიც ემიგრაციიდან ნარკომომხმარებელი ახალგაზრდების ჩამოსვენებით არის გამოწვეული, რაც მძიმედ მოქმედებს იმ ემიგრანტებზე, რომლებიც საქართველოს საელჩო გადმოსვენების განკარგულებამდე გარდაცვლილს პატრონობენ. მათ შორის არის საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, სტუდენტი თემო მაჩიტიძეც. მისი მონათხრობი ამ თემაზე არა მხოლოდ ტკივილს ასახავს, არამედ იმაზეც დაგვაფიქრებს, თუ რამდენად არის გასათვალისწინებელი ემიგრაციაში გამგზავრების წინ ადამიანის ცხოვრების წესი, მისი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი და ასევე ის გარემო, სადაც მას დასაქმებამდე და დამკვიდრებამდე მოუწევს ცხოვრება.
- ვინც უცხოეთში განათლებისა და მუშაობისათვის მოდის, საბედნიეროდ, მათ ეს სენი არ ემართებათ. ემიგრაციაში ნარკოტიკი ბევრად იაფია, ვიდრე საქართველოში. სწორედ ეს ხელმისაწვდომობა, ნარკოტიკის უფასოდ ან მიზერულ ფასად შოვნაა ემიგრაციაში ნარკოდამოკიდებულების ჩამოსვლის მთავარი მიზეზი. არსებობენ ისეთებიც, ვისაც საქართველოში ნარკოტიკი არ ჰქონია მიღებული და ემიგრაციაში შეეჩვია, იმიტომ, რომ ნარკოტიკი მარტივად ჩაუვარდა ხელში. ასეთი შემთხვევა არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა.
საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსული ბიჭი საფრანგეთში მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახსაც პატიოსნად ეხმარებოდა, მაგრამ ერთ დღეს გასინჯა ის ნარკოტიკი, რომელსაც ის ბიჭები მოიხმარდნენ, ვისთანაც ცხოვრობდა. ვერ გეტყვით, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ამ "გასინჯვამ" ბიჭი კომაში ჩააგდო.
მართალია, შეშინებულმა "მეგობრებმა" გამოაფხიზლეს, მაგრამ მერე მარტო დატოვეს და ეიფორიაში მყოფმა ნარკოტიკი ისევ გასინჯა და გარდაიცვალა. წამოიდგინეთ, რა კოშმარში ჩააგდებდა ეს მის ოჯახს საქართველოში. ემიგრაციაში ხომ სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკისა და მშრომელი ადამიანი გამოუშვეს. ამ დროს გარდაცვლილის ახლობლებთან ურთიერთობა უმძიმესია. თუმცა, როდესაც შენი თანამემამულე მიცვალებული საპატრონოა, მზად უნდა იყო ამ ტვირთის ასაღებად. შესაძლოა ქართველები ყოველთვის ერთიანები არ ვიყოთ, მაგრამ როდესაც ემიგრაციაში გაჭირვებაში მყოფი ქართველის პატრონობას ეხება საქმე, უკან არავინ იხევს.
- ემიგრაციაში ნარკოტიკი იაფია, მაგრამ იაფი უფასოს ხომ არ ნიშნავს.
- ნარკოტიკის ან ძალზე იაფად, ან უფასოდ შოვნის უამრავი გზა არსებობს. ერთ-ერთი სერიოზული წყარო ოფიციალური მედიცინაა, რომლის გაკონტროლება შეუძლებელია. მაგალითად, საფრანგეთში გარკვეული პროცედურების შემდეგ აბსოლუტურად ყველა ემიგრანტი იღებს სახელმწიფო დაზღვევას. ნარკოდამოკიდებულებსაც შეუძლიათ ამ დაზღვევით სარგებლობა, ზოგიერთი კატეგორიის ნარკომომხმარებელს კი ნარკოტიკი უფასოდ ეძლევა. თუმცა არიან ექიმები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფოს სადაზღვევო ხვრელებით და ნებისმიერ ემიგრანტს, ვინც ნარკოტიკს ითხოვს, ნარკოტიკს უფასოდ უნიშნავენ. მახსოვს, ემიგრანტობის პირველ ხანებში ექიმმა ანამნეზის გარეშე, შესვლისთანავე მკითხა, რომელი ნარკოტიკი გინდა გამოგიწეროო? ექიმი პოსტსაბჭოთა მოლდოველი იყო. მას ამისთვის თავად ფრანგებმა უჩივლეს სამჯერ და სამჯერვე იმართლა თავი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბევრი ნარკოდამოკიდებულია და მასობრივად მე მომმართავენ, რადგან რუსულენოვანი ვარო. რა სარგებლობა აქვს მას ამით? ის, რომ ყოველ დაზღვეულზე, ყოველ პაციენტზე სახელმწიფო 80 ევროს უხდის. არსებობს ასევე ნარკოტიკებისთვის ფულის გამომუშავების აპრობირებული მეთოდი - მათხოვრობა. ბევრი ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა ნარკოტიკებისთვის ქუჩაში მათხოვრობს.
- რამდენად ხშირად ხდებიან გოგონები ნარკომომხმარებლები ემიგრაციაში?
- საფრანგეთში ნარკომომხმარებელი იმ გოგონების დიდი ნაწილია, რომელთაც აქ მძიმე დაავადებაზე იმკურნალეს, გამოჯანმრთელდნენ და შემდეგ თავადვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი ნარკომომხმარებლობით. ისინი საერთო საცხოვრებლებში, 10-15 პირთან ერთად ცხოვრობენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ადამიანური ღირსება უკვე დაკარგული აქვთ.
- ნუთუ შეუძლებელია გამოჯანმრთელებულთა ნაწილი მაინც დაბრუნდეს სამშობლოში.
- შეუძლებელი ნამდვილად არ არის და სწორიც იქნებოდა, მით უფრო, რომ ცხოვრება ემიგრაციაშიც გაძვირდა.
- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ნარკომომხმარებლების გადმოსვენება?
- როდესაც დადგენილია, რომ გარდაცვლილი ნარკომომხმარებელი იყო, გადმოსვენების პროცედურა უფრო მარტივია - დაახლოებით ერთ კვირაში არის შესაძლებელი მისი გადმოსვენება, საქართველოს საელჩო გადმოსვენებაში დაახლოებით 10.000 ევროს გაიღებს. თუმცა, თუ დადგენილი არ არის, რომ ადამიანი ნარკოდამოკიდებულია, მაშინ იწყება შესაძლო დანაშაულის მოკვლევის პროცედურები, რაც 45 დღეს გრძელდება და ეს მართლაც უმძიმესი პერიოდია მისი ოჯახისთვის სამშობლოში. ჭირისუფალი ამ დროს იწყებს ფიქრს, რომ შესაძლოა მიცვალებულიც ვერ ნახონ და ვერ დაკრძალონ.
ხშირად ვფიქრობ, რა ეშველება ჩვენს ამ მდგომარეობას. ალბათ, სულ მცირე, უნდა ხმა ავიმაღლოთ და ვიბრძოლოთ, რომ ახალი თაობაც არ აღმოჩნდეს ამ დღეში.