რძლისგან დაწუნებული ვიქტორია ბექჰემი
ბექჰემების ოჯახის მიმართ ინტერესი არ წყდება, განსაკუთრებით კი 2026 წლის იანვრიდან, როდესაც ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემების ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა, ინსტაგრამზე ოჯახი საჯაროდ გააკრიტიკა. მან 6-გვერდიანი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აღწერს წყენის მიზეზებს. პოსტში უამრავი ბრალდებაა, მათი დიდი ნაწილი კი ბრუკლინისა და მისი რჩეულის, ნიკოლა პელტცის ქორწილს უკავშირდება... რძალ-დედამთილს შორის უსიამოვნებას, რომელიც მანამდე მხოლოდ მედიის ეჭვი იყო, ბრუკლინმა ნათელი მოჰფინა.
"ქორწილი და საქორწილო კაბა"
ბრუკლინის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ბრალდება დედას უკავშირდება - თითქოს ვიქტორია ბექჰემმა მისი ქორწილის პირველი ცეკვა "ჩაშალა". როგორც ბრუკლინი ამბობს, მარკ ენტონიმ სცენაზე სიძეს უხმო. მას პირველი ცეკვა, წინასწარ დადგმული სცენარით, მეუღლესთან ერთად უნდა ეცეკვა რომანტიკულ სიმღერაზე, მაგრამ ბრუკლინს ნიკოლას ნაცვლად სცენაზე დედა დახვდა. "ცხოვრებაში არასდროს მიგრძნია თავი ასე უხერხულად და დამცირებულად" - ამბობს შერცხვენილი სიძე.
მას შემდეგ, რაც პოსტი გამოქვეყნდა, ინტერნეტი ვიქტორია ბექჰემის საქორწილო ცეკვის პაროდიებით აივსო, უამრავმა ადამიანმა მოითხოვა იქ მყოფ სტუმრებს გაესაჯაროებინათ ქორწილის ცეკვის ვიდეო. ერთ-ერთი სტუმარი ჰყვება: "მარკ ენტონი სცენაზე ცოცხალი შესრულებით გამოჩნდა, რომელიც სიმღერით I Need To Know გაიხსნა. ბრუკლინმა სცენაზე დედა მიიწვია საცეკვაოდ, მათ კი დევიდ ბექჰემი და მათი 10 წლის ქალიშვილი ჰარპერი შეუერთდნენ"...
მეორე ბრალდება დედის მიმართ საქორწილო კაბას უკავშირდება. შვილი დედას ადანაშაულებს ქორწილის ჩაშლის მცდელობაში და წერს, რომ მან "ბოლო წუთს შეწყვიტა ნიკოლას საქორწინო კაბის შეკერვა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა აღფრთოვანებული იყო ამ კაბის დიზაინით". ამის გამო ნიკოლას სასწრაფოდ მოუხდა სხვა კაბის მოძებნა და საბოლოოდ, Valentino-ს კაბა მოირგო. ვიქტორიამ თქვა უარი კაბის შეკერვაზე თუ თავად რძალმა გადაიფიქრა ბოლო მომენტში დედამთილის მიერ შექმნილი კაბის ჩაცმა, ამის შესახებ მედიაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება...

"არ მსურს შერიგება"
"წლებია ჩუმად ვარ, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ წყენა პირად სივრცეში დამეტოვებინა. სამწუხაროდ, სხვა გზა აღარ დამრჩა, გარდა იმისა, რომ სიმართლე საჯაროდ ვთქვა…- არ მსურს ჩემს ოჯახთან შერიგება! მთელი ცხოვრება ჩემი მშობლები აკონტროლებდნენ პრესაში ჩვენი ოჯახის შესახებ ინფორმაციებს, სოციალური ქსელების ფორმალური პოსტები, ოჯახური ღონისძიებები და არაგულწრფელი ურთიერთობები ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ყველაფერზე შეუძლიათ წავიდნენ, რათა მედიაში ლამაზად შეფუთული ტყუილები გაავრცელონ, უმეტესად უდანაშაულო ადამიანებზე და ეს მხოლოდ საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად. მაგრამ მე მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება", - ნათქვამია ბრუნკლინ ბექჰემის პოსტში, რომელიც 2026 წლის იანვარში საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გაავრცელა...
ბრუკლინი თავის პოსტში კიდევ ერთ ინციდენტზე საუბრობს, რომელიც მამის 50 წლის იუბილეს უკავშირდება. პოსტში წერს, რომ ის მამის დაბადების დღეზე ნიკოლასთან ერთად ლონდონში ჩავიდა, ელოდა მამასთან შეხვედრას, მაგრამ დევიდი არ შეხვდა ვაჟს და რძალს. "მან წვეულებამდე ყველა შეხვედრაზე უარი თქვა, თუ ეს არ მოხდებოდა იუბილეზე, ყოველი კუთხიდან კამერებისა და ასი სტუმრის თანდასწრებით". მისივე პოსტში ვკითხულობთ, რომ ბოლოს დევიდს შეხვედრაზე დათანხმდნენ, თუმცა წაუყენეს პირობა, რომ იქ ნიკოლა (რძალი) არ იქნებოდა, რაზეც ბრუკლინი ძალიან განაწყენდა.
პოსტის გავრცელების შემდეგ დაბადების დღის ინციდენტთან დაკავშირებით წყარომ BBC-ს უთხრა, რომ 26 წლის ბრუკლინმა თავად გადაწყვიტა წვეულებაზე არ მისულიყო, თანაც იქ მისი უმცროსი ძმა რომეო იმ ქალთან ერთად იყო მიწვეული, ვისთანაც ბრუკლინს ადრე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ბექჰემების ვაჟი ასევე წერს: "ვიქტორიას არაერთხელ მიუწვევია წარსულში ჩემს ცხოვრებაში არსებული ქალები, ამით ის ჩვენთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობდა".

"ჩვენი მიზანია შვილების დაცვა"
ბექჰემების ოჯახს შვილის ბრალდებებზე პასუხი საჯაროდ არ გაუცია, თუმცა, 21 აპრილს, როდესაც ვიქტორია გადაცემაში "TODAY with Jenna & Sheinelle" მიიწვიეს, დიზაინერმა გასული წელი შეაჯამა და რთული პერიოდებიც გაიხსენა... წამყვანის კითხვას, თუ როგორ გაუმკლავდა "ძალიან საჯარო და გამოწვევებით სავსე წელს", რომელიც მის უფროს შვილთან უთანხმოებას უკავშირდებოდა, ვიქტორიამ უპასუხა: "მე და დევიდი ძალიან ახლოს ვართ, გარშემო საოცარი ადამიანები გვყავს - ძალიან ახლოს ვართ როგორც ჩემს მშობლებთან, ისე დევიდის მშობლებთანაც, ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს... ჩვენ პირველ ადგილზე შვილებს ვაყენებთ. ძალიან გვიყვარს ისინი და ვცდილობთ ყოველთვის დავიცვათ"...
მანამდე, 16 აპრილს, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ვიქტორიამ აღნიშნა: "ყოველთვის ვცდილობდით საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით, ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო შვილების დაცვა და სიყვარული".
უფროსი ვაჟის ბრალდებებზე წყვილს ამ დრომდე პირდაპირი პასუხი არ გაუცია - დევიდ ბექჰემმა 20 იანვარს "Sky News"-თან საუბრისას შვილთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა, მარტში კი ბრუკლინს მშობლებმა დაბადების დღე მიულოცეს. 17 აპრილს ვიქტორიას 52 წელი შეუსრულდა და წვეულება მაიამიში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გამართა. "ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად განაღვლებს, რას ფიქრობენ შენზე სხვები..." - აღნიშნა მან.
ბრიტანეთში ბექჰემები პოპულარობით მხოლოდ სამეფო ოჯახს თუ ჩამოუვარდებიან. როგორ განვითარდება ოჯახური სკანდალი და შეურიგდება თუ არა ბრუკლინი მშობლებს, ჯერ უცნობია, თუმცა მედიის ყურადღება კვლავ ოჯახური განხეთქილებისკენ არის მიმართული.