"ეს ქართველი ერის ამაღლების წარწერაც არის, იმიტომ, რომ აქ პირველად არის მოხსენიებული სიტყვა "ქართველი" - როცა ქართული ანბანი ქვაზე „ალაპარაკდა“
საინტერესოა, დაახლოებით რომელ ეპოქაშია შესრულებული ყველაზე ლამაზი ქართული წარწერა, რომელიც მხოლოდ ქვაზე შემორჩა, მართალია, ძალიან ცოტა, თუმცა ისიც ხომ ფაქტია, როცა ქართული ანბანი ქვებზე "ალაპარკდა", სწორედ იმ დღიდან დაიწყო მისი მშვენიერების შემონახვა. ისტორიკოსი გურამ ნანიტაშვილი ამბობს, რომ მისთვის ქართული ანბანის სილამაზე IV-VI საუკუნის წარწერებშია გამოხატული, რასაც მოჰყვა შემდგომ ქართული მწერლობის დაბადება.

- ბატონო გურამ, რომელ ეპოქაში ვწერდით ყველაზე ლამაზად ქართველები?
- ქართული ანბანისადმი სიყვარულის გამოხატვა ყოველთვის იყო ნიშანი საკუთრი იდენტიფაკაციის შენარჩუნებისა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ლამაზად გვეწერა. ჩემთვის ამ სიყვარულის ერთ-ერთი სულისშემძვრელი მაგალითი იმ ძველი თურქეთელი ქართველი ქალების მძივებია, რომლებსაც სხვადასხვა ნივთისაგან ჭრიდნენ, შემდეგ მძივად აასხამდნენ და გულზე იკიდებდნენ. თუმცა რადგანაც ყოველი ჩვენგანის სულს საკუთარი ჰარმონია აქვს, ვიტყოდი, რომ პირადად ჩემი ჰარმონია IV-VI საუკუნეებში შესრულებული ქართული წარწერებია, რომლის პარალელურადაც ჩნდება კიდეც ქართული მწერლობა, თავისი დიდი "შუშანიკის წამებით", რომელიც შედევრია. სხვათა შორის, არა მხოლოდ რწმენისთვის თავდადებით, არამედ ქალის სულიერი ტკივილით, რომელიც ამბობს, ჩემმა მოღალატე ქმარმა სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭნო. აი, ეს მოჰყვა ქართული ანბნის სიყვარულსა და მისი ყოველი ასოს მიმართ რუდუნებით დამოკიდებულებას, რასაც ქვაზე ამოტვიფრულ უძველეს წარწერებში ამოიკითხავთ. თითოეული ქართული ასო-ბგერა დახატულია.
მაგალითად, ყვარელში აღმოჩენილია ნეკრესის I-III საუკუნის წარწერები, სადაც მეომრის საფლავის ქვაზე ამოკაწრულ ანბანშიც უდიდესი შრომაა ჩადებული. აქ წერია, "მე ვარ მეომარი, აზატი, და დაე, ჩემს საფლავს ნურავინ შეეხებაო!"

იყო პერიოდი, როდესაც ყველაზე ძველ ლამაზ ქართულ წარწერებად ბოლნისის სიონის წარწერები მიიჩნეოდა, თუმცა როდესაც პალესტინის ქართული წარწერები აღმოჩნდა, გაირკვა, რომ ზოგიერთი ასევე უმშვენიერესია და გაცილებით ადრეა შესრულებული. მაგალითად, იერუსალიმის მოზაიკური წარწერები, რომელშიც ბაკურ და პეტრე იბერიელები მოიხსენიებიან, 430 წელს არის შესრულებული და თეთრ-მოყვითალო იატაკზე შავი მოზაიკური კენჭებით არის შედგენილი. ითვლება, რომ ამ ეპოქაში მოზაიკური წარწერები ძალზე ძვირი იყო, რაც გამოხატავდა იმ მონასტრის ძლიერებას, რომელსაც იერუსალიმში ქართველები აგებდნენ და მსახურებდნენ. ასეთივე ულამაზესი და საამაყოა იერუსალიმის ქართველი ეპისკოპოსის საფლავის წარწერა, რომელიც დაახლოებით 530 წელს უნდა იყოს შესრულებული: "ესე არს სამარხი იოჰანე ფურტავლისა, ქართველი ეპისკოპოსისა". შემიძლია ხატოვნადაც ვთქვა, რომ ეს ქართველი ერის ამაღლების წარწერაც არის, იმიტომ, რომ აქ პირველად არის მოხსენიებული სიტყვა "ქართველი" და ყველას, ვინც იქ შეაბიჯებდა, წარწერა ამცნობდა, რომ დედამიწაზე არის ქვეყანა საქართველო, რომელიც წმინდა ქალაქში ემსახურება უფალს.
- ახლა საქართველოში არსებულ უძველეს ქართულ კალიგრაფიაზეც ვთქვათ.
- რა თქმა უნდა, ეს ბოლნისის სიონის წარწერებია. დავით ეპისკოპოსის წარწერა ამბობს, ამ ტაძრის მშენებლობა 479 წელს დავიწყე და 15 წლის შემდეგ დავასრულეო; ხოლო ბოლნური ჯვრის წარწერა-შედევრი ქრისტეს ევედრება, უფალო იესო ქრისტე, შეიწყალი ამ ტაძრის ამშენებელიო.
- ამ ეპოქის შემდგომად რომელ წარწერებს გამოარჩევთ?
- ამჯერად ერთს გამოვყოფდი - წალკის ხიდის ბურჯში ჩატანებულ წარწერას, რომელიც ამჟამად წალკის წყალსაცავში ჩაძირულ ტაძარს ეკუთვნის. XIX საუკუნეში, ვანდალებმა ტაძარს ჯერ ქვები გამოაცალეს, მომდევნო წლებში კი წყალში ჩაძირეს. ეს ქვა ამ სანახევროდ დანგრეულ ხიდის ბურჯში დღემდეა შემონახულIIი და შველას ითხოვს. კიდევ არის ერთი წარწერა, რომელიც სევდასთან ერთად მახარებს. ეს არის რუსთავის მუზეუმში დაცული VI საუკუნის თიხის დოქის წარწერა "თეფალე". დოქის პატრონს თეფალე ერქვა და, ალბათ, ამ დოქიდან ასხმდა ქართულ ღვინოს, რომელიც ჩვენს იდენტობას ისევე იცავდა, როგორც ულამაზესი ქართული ანბანი და მისი წარწერები.