როგორ იცვლება ტაქსის მძღოლების ყოველდღიურობა - კვირის პალიტრა

როგორ იცვლება ტაქსის მძღოლების ყოველდღიურობა

2026 წლის დამდეგს საქართველოში ბენზინის ფასების საგრძნობმა ზრდამ ტაქსის მძღოლებს საქართველოს დიდ ქალაქებში პრობლემები შეუქმნა. არსებული ვითარების შესახებ ტაქსის ფედერაციის ხელმძღვანელს ზურა აგლაძეს ვესაუბრეთ.

- ბენზინის გაძვირება გლობალური პრობლემაა და მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საქართველოში, ევროპასთან შედარებით, საწვავის ფასები შედარებით დაბალია. არსებული ვითარება, ძირითადად, გლობალური პროცესებით, მათ შორის ომებით გამოწვეულ ფორსმაჟორულ მდგომარეობას უკავშირდება. ნავთობის რესურსი მსოფლიოში საკმარისია, თუმცა ბაზარზე ფასს განსაზღვრავს საერთო სიტუაცია. ჯერჯერობით, მიწოდების ჯაჭვი საქართველოში არ არის შეწყვეტილი და საწვავი ქვეყანაში შემოდის, შესაბამისად, კრიტიკული მდგომარეობა არ არის.

- თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია Yandex Go და Bolt-ის ტარიფები მძღოლებისთვის?

- ორივე კომპანია უცხოურია და ბაზარზე მოქმედებს იმ წესებით, რასაც კონკურენციის ნაკლებობა აძლევს საშუალებას. ფაქტობრივად, მათ ძლიერი კონკურენტი არა ჰყავთ. მსგავსი პლატფორმის შექმნის ცდები იყო, თუმცა კომპანიები უკვე დამკვიდრებული იყვნენ და მომხმარებელთა დიდი ბაზა ჰქონდათ. ასევე ვერ მოხერხდა საკმარისი ინვესტიციის მოძიება.

ბიზნესში ფასის რეგულირების მთავარი მექანიზმი კონკურენციაა - თუ ბაზარზე გაჩნდება ძლიერი ალტერნატივა, ეს ავტომატურად იმოქმედებს როგორც ტარიფებზე, ასევე მძღოლების პირობებზე.

- საჭიროა თუ არა ტაქსების სფეროში­ რეგულაციების გამკაცრება?

- რეგულაციების ინიციატორები თავად სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ჩართულობით შეიქმნა ტაქსის ფედერაცია, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაციისა და სატრანსპორტო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად. ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო რეფორმები. თუმცა ოპერატორი კომპანიების სრულად გაკონტროლება რთულია, რადგან საქართველო თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედებს და საერთაშორისო შეთანხმებები ზღუდავს უცხოური კომპანიების რეგულირების შესაძლებლობას.

- უცხოელი მძღოლებისთვის შეზღუდვების დაწესება დაეხმარა თუ არა ქართველ მძღოლებს?

- თუ უცხოელი მძღოლი აკმაყოფილებს­ კანონმდებლობით დადგენილ მოთხ­ოვნებს და აქვს სამუშაო უფლება, მისი საქმიანობა მისაღებია. თუმცა ხშირად პრობლემა ის არის, რომ ბევრმა არ იცის სახელმწიფო ენა, ხოლო ინგლისურით კომუნიკაცია ხშირად რთულია. ეს მომხმარებლისთვის დისკომფორტს ქმნის. ასევე არსებობს კითხვები ქცევის სტანდარტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვები გამართლებულია, თუმცა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისთვის ეს არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

ქვეყანაში დასაქმება ისედაც რთულია და ადგილობრივ მძღოლებს დამატებითი კონკურენცია პრობლემებს უქმნის.

- რა განსხვავებაა საკუთარი და ნაქირავები მანქანით მომუშავე მძღოლებს შორის?

- ტაქსის აპლიკაციები თავდაპირველად ამერიკაში, მათ შორის Uber-ის მოდელზე განვითარდა, სადაც მძღოლები საკუთარი ავტომობილით მუშაობდნენ და მომსახურებაც შედარებით იაფი იყო. მოგვიანებით ამ პლატფორმებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ბაზარი და კონკურენცია გაუწიეს ტრადიციულ ტაქსის სერვისებს.

- რამდენის გამომუშავება შეუძლია ტაქსის მძღოლს თვეში?

- ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, რადგან შემოსავალი დამოკიდებულია სამუშაო ინტენსივობაზე, ავტომობილსა და მიმართულებებზე. თუმცა არსებული ტარიფების პირობებში კარგი დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში დღიურმა შემოსავალმა შეიძლება 200 ლარსაც მიაღწიოს. ამ თანხას უნდა გამოაკლდეს საწვავის ხარჯი, აპლიკაციის საკომისიო და სხვა დანახარჯები, რის შემდეგაც სუფთა შემოსავალი მნიშვნელოვნად მცირდება.

კესარია ხოსიტაშვილი