„მილიონდოლარიანი“ დილემა: არის თუ არა ფასების შემცირების შანსი?! - კვირის პალიტრა

„მილიონდოლარიანი“ დილემა: არის თუ არა ფასების შემცირების შანსი?!

პარლამენტში ფასების კომისიამ სამთვიანი მუშაობის შედეგად დაასკვნა, რომ კომისიას "ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა არა აქვს", როგორც თავად ამ კომისიის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ამბობს: "...დროებით კომისიას არა აქვს უცბად ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს, თუ საჭიროა, ვაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება საკონტრაქტო პირობებს, უსამართლო ურთიერთობას მხარეებს შორის და ა.შ., თუმცა ძირითადი დატვირთვა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე".

ირაკლი კობახიძის განცხადებით მთავრობა პროდუქტებსა და მომსახურებაზე არსებული ფასების შესწავლას თვის ბოლომდე დაასრულებს, მიღებულ დასკვნებსა და სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას მომავალი თვის დამდეგს გააცნობს.

რას ნიშნავს ეს განცხადებები და რაც მთავარია, რა შანსია, რომ ფასები შემცირდეს, არსებობს თუ არა ამის რეალური შესაძლებლობა, ამ საკითხებზე ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ვესაუბრებით.

- კომისიის უკანასკნელი განცხადებები გვიჩვენებს, რომ მათგან არ უნდა ველოდოთ რამე განსაკუთრებულ შემოთავაზებას. თავად მათაც აღარ სჯერათ, რომ მათი რეკომენდაციებით შესაძლებელია მაღალი ფასების პრობლემის გადაჭრა. ახლა ამბობენ, რომ მათი საქმე მხოლოდ რეკომენდაციების მომზადებაა. აშკარაა მცდელობა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი მინიმუმამდე დაიყვანონ. ეს ნიშნავს, რომ კომისიას არ სურს იყოს ამ პრობლემის ნაწილი და ცდილობს საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან - "ქართულ ოცნებასა" და უშუალოდ ირაკლი კობახიძესთან დააკავშიროს. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ისეთ ბიუროკრატიულ და ზოგად რეკომენდაციებს, როგორიცაა, მაგალითად, ღირებულებათა ჯაჭვში მოთამაშეებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად ერთიანი სახელშეკრულებო ჩარჩოს მომზადება ან მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები. ამ ყველაფერს, პრინციპში, ისედაც აკეთებდა კონკურენციის სააგენტო, რომელმაც კომისიის მუშაობის პარალელურად მონიტორინგის შუალედური დასკვნაც კი წარმოადგინა.

- რატომ არის ასეთი მაღალი ფასები და როგორ შეიძლება მოგვარდეს?

- ეს ნამდვილად "მილიონდოლარიანი" კითხვაა. დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რის გამოც მოსახლეობისთვის იმპორტირებული პროდუქცია ობიექტურად ძვირია. მეორე ფაქტორი ბიზნესის კეთების მაღალი ხარჯებია - სესხი ძვირია, ბიზნესკლიმატი არასტაბილური, რისკები კი მაღალი. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს "ოცნების" ბოლოდროინდელი, რბილად რომ ვთქვათ, ეგზოტიკური ეკონომიკური პოლიტიკა. ამას ემატება ისიც, რომ პატარა ბაზარი გვაქვს, მცირე მოხმარების პირობებში კი მასშტაბის ეკონომიკის ეფექტი ისე ვერ მოქმედებს, როგორც დიდ სახელმწიფოებში.

ბაზრის სიმცირე პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების ხარჯებზეც. მაგალითად, თურქეთში იმპორტის მასშტაბი 30-40-ჯერ დიდია, რაც ტრანსპორტირებას აიაფებს და იმპორტიორს მოლაპარაკებისას მეტ ძალას აძლევს, საქართველოში კი პირიქითაა. ეს არის მაღალი ფასების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მეორე მიზეზი არაეფექტიანობაა. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ საკმარისად, ისიც კი, რაც იწარმოება, დიდწილად იმპორტირებულ ნედლეულს შეიცავს. შიდა წარმოებას არ გააჩნია იმხელა ძალა, რომ შეიქმნას მსხვილი კომპანიები, რომლებიც პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც შეძლებენ.

მესამე ფაქტორი ბიზნესებისთვის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობაა. გაყიდვების შემცირებას ბიზნესი ფასების ზრდით აკომპენსირებს, რათა ფიქსირებული ხარჯები დაფაროს. როდესაც მთელი ბაზარი ასე იქცევა, ფასები ყველგან იზრდება.

ამ ყველაფერს დაემატა და კიდევ დაემატება ის, რომ საწვავზე ფასების ზრდა გარე ფაქტორების გამო კიდევ უფრო გააძვირებს პროდუქციას. ფასები კი არ შემცირდება, არამედ უფრო გაიზრდება, დაპირება ფასების კლებაზე კი შეუსრულებელი დარჩება.

კომისიის მუშაობისას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა - საცალო ვაჭრობის ქსელებმა საჯაროდ აღიარეს, რომ ისინი ფასებით გარკვეულწილად მანიპულირებენ. აქციების კამპანიები, პირველ რიგში, მეტი კლიენტის მოსაზიდად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ პირველადი მოხმარების ყოველდღიურ პროდუქტებზე ფასი ხშირად იმაზე დაბალია, ვიდრე რეალურად უნდა იყოს. ეს პროდუქცია "სატყუარას" როლს ასრულებს, რათა მიიზიდოს მომხმარებელი ობიექტში. ამიტომ ხშირად მაღალი ფასების განცდა მხოლოდ აღქმის დონეზე გვაქვს. სინამდვილეში, რომ არა გამყიდველების მანიპულაცია, ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება უფრო ძვირი ყოფილიყო, ზოგი კი - უფრო იაფი.

კიდევ ერთი ფაქტორი არის ორი ფასის არსებობა - საწყისი ფასისა და ფასდაკლებული ფასის. ჩვენ მხოლოდ საწყის ფასს ვუყურებთ და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ აქციებს. როგორც აღმოჩნდა, პროდუქციის დიდი ნაწილი რეალურად ფასდაკლებით იყიდება, ეს კი გაყიდვების განსაკუთრებულ მოდელზე მეტყველებს - თავდაპირველი მაღალი ფასი გამყიდველს მარკეტინგში ეხმარება. იმისთვის, რომ მომხმარებელს, პირობითად, 70%-იანი ფასდაკლება აჩვენოს და პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახადოს, ის საწყის ფასს ხელოვნურად ზრდის.

200 გრამი კარაქი შეიძლება 15 ლარი ღირდეს, მაგრამ მას ამ ფასად არავინ ყიდულობს, ყველა ელოდება, მინიმუმ, 50%-იან ფასდაკლებას და ყიდულობს 7,50 ლარად. თუმცა ჩვენს მეხსიერებაში მაინც ეს 15 ლარი ილექება, როგორც პროდუქტის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ რეალური ტრანზაქცია სულ სხვა ფასად ხდება.

- ხშირად ამბობენ, რომ მაღალ ფასს ადგილობრივი წარმოების სიმცირე განაპირობებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მაგრამ ფაქტია, ის, რაც გვაქვს, მაინც შემოტანილზე ძვირია და თან მაშინ, როდესაც ის ადგილობრივი გადასახადებისგან გათავისუფლებულია.

- სოფლის მეურნეობაში ორი მთავარი პრობლემა გვაქვს: პირველი - სექტორი არაეფექტიანია, ფერმერს წარმოება ძვირი უჯდება. მიზეზი ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის ნაკლებობა, ასევე მენეჯმენტის დაბალი ხარისხია. მთელმა მსოფლიომ ისწავლა, რომ მომგებიანი სოფლის მეურნეობა მასშტაბზეა დამოკიდებული, საქართველოში კი, პირიქით, პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ბევრმა ფერმერმა მცირე ტერიტორიაზე ცოტა პროდუქცია აწარმოოს. მსოფლიო გამოცდილებით, ეს მიდგომა არაეფექტიანია, ის ფერმერს ვერ გაამდიდრებს და მას მუდმივად მძიმე მდგომარეობაში ტოვებს.

ეს არის ბოლო 15 წლის არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგი, რის გამოც ქართველი მწარმოებელი იმპორტს კონკურენციას ვერ უწევს. როდესაც ვხედავთ წარწერას "ქართული პროდუქტი", წინასწარ ველით, რომ ის იმპორტირებულზე მინიმუმ ერთ-ნახევარჯერ ძვირი იქნება, იქნება კიტრი, პომიდორი თუ სხვა ხილი. ეს პოლიტიკა მიზანმიმართულად არასწორი იყო - ხელისუფლებას სურდა სოფლად მეტი ადამიანის გული მოეგო სუბსიდიებით, სესხების თანადაფინანსებითა თუ უფასო დიზელით. ამ ეკონომიკურად გაუმართლებელმა ინიციატივებმა შედეგად ის მოიტანა, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ისეთივე არაკონკურენტულია, როგორიც 15 წლის წინ იყო. სწორედ ეს არის მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი. ეს გზა მცდარი იყო. თუმცა არავის სურს იმის აღიარება, რომ გადასახადის გადამხდელების ფული წლების განმავლობაში დიდწილად წყალში გადაიყარა. მეორე მხრივ, სახელმწიფო პროგრამებით ხშირად ფინანსდებოდნენ მმართველ გუნდთან დაახლოებული მსხვილი ჯგუფები, რომლებიც დღეს, მიღებული დიდი ფინანსური სარგებლის გამო, ხელისუფლების მხარდამჭერებად გვევლინებიან.

- გამოსავალი რა არის?

- პირველ რიგში, სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა მოსახლეობის გამდიდრებაზე უნდა იზრუნონ. ეს არის საუკეთესო რეცეპტი იმისთვის, რომ ხალხს ფასები კატასტროფულად ძვირი არ მოეჩვენოს - რაც უფრო მაღალია შემოსავალი, მით უფრო ხელმისაწვდომია პროდუქცია.

მეორე მხრივ, სისტემას გარკვეული გადაწყობა სჭირდება. მაგალითად, შეიძლება შეიზღუდოს არა სუპერმარკეტების რაოდენობა, არამედ მათი ზომა. ქალაქის ცენტრში გვაქვს უზარმაზარი ობიექტები, რომლებიც ხშირად მუზეუმის შთაბეჭდილებას ტოვებს. 30-ივე სახეობის ჩიფსის ერთ ადგილას გამოფენა უფრო მარკეტინგული ხრიკია, ვიდრე რეალური საჭიროება.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი რთულად განსახორციელებელი, მაგრამ საინტერესო გზა იქნებოდა იმპორტიორებისა და საცალო ქსელების კონცენტრაციის ხელშეწყობა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მარკეტების ზომის შეზღუდვით მივაღწევდით იმას, რომ ყველა პროდუქტი ყველა მაღაზიაში ვერ მოხვდებოდა. ეს აიძულებდა იმპორტიორებსა და ქსელებს, ჩამოეყალიბებინათ სტრატეგიული პარტნიორობა და მეტად ეთანამშრომლათ, რაც საბოლოოდ კონკურენციასაც წაახალისებდა. სისტემის ასეთ გადაწყობას სჭირდება ძლიერი მართვა და კომპეტენტური პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამ მასშტაბის რეფორმას გაატარებდა. თუმცა დღევანდელი ხელისუფლება ასეთი ცვლილებებისთვის კომპეტენტურად არ გამოიყურება. ამიტომ ის მცირე ჩარევა, რაზეც ბოლო დროს კომისია საუბრობს - მიწოდების ჯაჭვში მოთამაშეებს შორის ურთიერთობის გაჯანსაღება, შეიძლება სწორი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი იყოს. "ქართული ოცნება", ჩემი აზრით, დღეს არა აქვს კომპეტენცია, რომ ამხელა მასშტაბის ცვლილებებს გაართვას თავი, მაგრამ აქ უკვე პერსონალური თემაა - უნდა აღიაროს ირაკლი კობახიძემ, რომ მისი დაპირება ვერ შესრულდა და მაშინ პასუხიც უნდა აგოს ამაზე.

რუსა მაჩაიძე