ვერდენის ბრძოლა - კვირის პალიტრა

ვერდენის ბრძოლა

მსოფლიო ისტორია ბევრ დიდ ბრძოლას იცნობს, თუმცა მათ შორისაც არის გამორჩეულად გრანდიოზული და სისხლისმღვრელი სამხედრო დაპირისპირებები.

ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე, საფრანგეთისა და გერმანიის არმიებს შორის გამართული ვერდენის ბრძოლა (1916 წლის 21 თებერვალი – 18 დეკემბერი), რომელსაც ხშირად ,,ვერდენის ხორცსაკეპსა" და ,,ვერდენის სასაკლაოს" უწოდებენ. ამასთან, ერთად ეს სამხედრო დაპირისპირება ფრანგული არმიის გაუტეხელობის მაგალითია. ინგლისელმა სამხედრო ისტორიკოსმა, გენერალ-მაიორმა ჯულიან თომპსონმა ვერდენი ,,ფრანგთა სტალინგრადად" მონათლა, ხოლო რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, როცა თბილისს რუსული მე-11 წითელი არმია უტევდა, გაისმოდა მოწოდებები, რომ თბილისი გახდებოდა მეორე ვერდენი და მტერი ქალაქში ვერ შემოაღწევდა...

შლიფენის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა გერმანული არმიის მიერ საფრანგეთის ცხრა კვირის განმავლობაში დაპყრობას, პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე ბრძოლებმა პოზიციური ხასიათი მიიღო. ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. მსოფლიო ომის მეორე წელს იტალია სამთა კავშირს გამოეყო და ანტანტის მხარეს გადავიდა. მოკავშირის ჩამოცილებასთან ერთად, გერმანიის სამხედრო-ეკონომიკური რესურსები არ იყო საკმარისი ხანგრძლივი ბრძოლის წარსამართავად. მათ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაესრულებინათ ომი. ამიტომ გერმანულმა სარდლობამ გენერალური შტაბის უფროსის, ერიხ ფონ ფალკენჰაინის მეთაურობით შეიმუშავა საბრძოლო გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანულ არმიას 1916 წლის თებერვალში უნდა შეეტია და ვერდენის გამაგრებულ რაიონში ფრონტის ვიწრო მონაკვეთი უნდა გაერღვია. ის პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 კილომეტრზე მდებარეობდა. ვერდენს ფრანგთა თავდაცვისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მისი დაცემით მოიშლებოდა დასავლეთის ფრონტის ფრანგთა თავდაცვის მთელი სექტორი, აქედან გამომდინარე, გერმანული სარდლობა მიიჩნევდა, რომ წარმატების შემთხვევაში პარიზისკენ გზა გაიხსნებოდა.

რას წარმოადგენდა ვერდენის გამაგრებული რაიონი? იგი შედგებოდა ციხე-ქალაქ ვერდენის წინ მდებარე გამაგრებული პოზიციებისგან. სულ იყო თავდაცვის ოთხი ზღუდე, აქედან პირველი სამი საველე ტიპის, ხოლო მეოთხე, ყველაზე ძლიერი - კარგად გამაგრებული ფორტებისგან შედგებოდა. სულ რაიონი მოიცავდა 20 დიდ ფორტსა და 40-მდე საშუალო სიდიდის საფორტიფიკაციო ნაგებობას. უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფორტები იყო დუომონი (Dოუაუმონტ) და ვო (Vაუხ). თავდაცვის პირველი ხაზი ამ ფორტებისგან 5-7 კილომეტრით იყო დაშორებული. გამაგრებულ რაიონს თითქმის შუაზე კვეთდა მდინარე მაასი და ორ მონაკვეთად ჰყოფდა. აქედან უფრო დიდი მნიშვნელობა მარჯვენა სანაპიროს ჰქონდა. სწორედ ამ მხარეს უტევდნენ უმთავრესად გერმანელები. ფრანგული სარდლობა მიიჩნევდა, რომ გერმანელები მთავარ შეტევას შამპანის მიმართულებით მოაწყობდნენ და ვერდენთან ბრძოლებს მნიშვნელოვანი ხასიათი არ ექნებოდა, ამიტომ ბრძოლის წინ გამაგრებულ რაიონს იცავდა ფრანგთა ცუდად დაკომპლექტებული მესამე არმია. მაასის მარჯვენა სანაპიროზე იდგა ექვსი ფრანგული ქვეითი დივიზია, მარცხენაზე - ორი, ხოლო რეზერვში - ორი ქვეითი დივიზია. ფრანგებს ჰქონდათ 632 საარტილერიო დანადგარი, აქედან 244 მძიმე ქვემეხი. გერმანელები მიიჩნევდნენ, რომ ძლიერი არტილერიისა და გარღვევის ვიწრო მონაკვეთზე ძალთა მაქსიმალური მობილიზებით წარმატებას მიაღწევდნენ. მათ მაქსიმალური შენიღბვით გადაისროლეს ძალები ვერდენისკენ. გერმანულმა სარდლობამ თავის არმიებს უბრძანა, მცირე ოპერაციები ჩაეტარებინათ ფრონტის თავიანთ მონაკვეთებზე, რათა ფრანგებს ვერ ამოეცნოთ, სად ამზადებდა გერმანული არმია მთავარ დარტყმას.

ბრძოლის წინ მათ ვერდენთან თავი მოუყარეს მეხუთე არმიის (სარდალი კრონპრინცი ვილჰელმი) ექვს საარმიო კორპუსს (სხვადასხვა მონაცემით, 12-15 ქვეითი დივიზია), 1204 საარტილერიო დანადგარსა (654 მძიმე და 29 ზემძიმე ქვემეხი) და 202 ნაღმსატყორცნს. ზემძიმე ქვემეხებს შორის სიძლიერით გამოირჩეოდა 420 მმ-იანი ქვემეხი "დიდი ბერტა", რომელიც 930-კილოგრამიან ჭურვს 14 კილომეტრის მანძილზე ისროდა და დაცემის ადგილას 8-13 მეტრის დიამეტრისა და 2,5-6 მეტრის სიღრმის ღრმულს აჩენდა. გერმანელთა მეხუთე არმიას საჰაერო დახმარებას უწევდა 147 სადაზვერვო და 21 გამანადგურებელი თვითმფრინავი, ასევე 14 აეროსტატი. მათი ფუნქცია ძირითადად მოწინააღმდეგის პოზიციების დაზვერვასა და არტილერიისთვის მოწინააღმდეგის ზუსტი კოორდინატების მიწოდებაში გამოიხატებოდა. გერმანული სარდლობა ბრძოლის დაწყებას 12 თებერვალს გეგმავდა, მაგრამ თოვლისა და ქარიშხლის გამო ოპერაციის დაწყება გადაიდო.

გერმანელებმა მდინარე მაასის მარჯვენა სანაპიროზე, გარღვევის 8,5-კილომეტრიან მონაკვეთზე, თავი მოუყარეს 6,5 სრულად დაკომპლექტებულ დივიზიას (150 ათასი ჯარისკაცი) ფრანგთა ორი დივიზიის (30 ათასი ჯარისკაცი) წინააღმდეგ. 21 თებერვალს, დილის 7:15 საათზე გერმანული არტილერიის ზალპმა ვერდენის მიდამოები შეაზანზარა. ფრანგული პირველი და მეორე პოზიციების დაბომბვა ცხრა საათს გრძელდებოდა და თითქმის მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. 16:15 საათზე გერმანელი ქვეითები შეტევაზე გადავიდნენ. მათ პირველივე დღესვე შეძლეს ფრანგთა პირველი პოზიციის აღება, ხოლო 25 თებერვალს აიღეს ფორტი დუომონი. ამ ბრძოლებში ფერდში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა იმ დროისთვის 33-ე ქვეითი პოლკის ოფიცერი, შემდეგში ცნობილი ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე შარლ დე გოლი. ფრანგებმა ვერდენისკენ გადაისროლეს გენერალ (შემდეგში მარშალ) ანრი პეტენის მეორე არმია. საინტერესოა თვით მარშალ ანრი პეტენის ცხოვრება. პირველი მსოფლიო ომის გმირი მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ნაცისტებთან დაახლოებულ ვიშის მთავრობას. ომის შემდეგ იგი კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

ფრანგები ზურგიდან ახალი ძალების გადასროლას ფრონტისკენ ბარ-ლე-დიუკისა და ვერდენს შორის არსებული 65-კილომეტრიანი საავტომობილო მაგისტრალით ახერხებდნენ. მხოლოდ 22 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ამ გზით ფრონტზე გადაისროლეს 190 ათასი ჯარისკაცი და 22500 ტონა საბრძოლო მასალა. ფრანგებმა ამ საავტომობილო მაგისტრალს მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო "წმინდა გზა" უწოდეს. ფორტ დუომონის აღების შემდეგ გერმანელები წინსვლას ვეღარ ახერხებდნენ - მათ ამაში ხელს უშლიდა ფრანგთა ახალი ძალების შეუპოვარი წინააღმდეგობა და მდინარე მაასის მარცხენა სანაპიროდან გახსნილი ფრანგული არტილერიის ფლანგური ცეცხლი. გერმანელებმა გადაწყვიტეს, ფრანგთა მარცხენა ფლანგისთვის შეეტიათ და 6 მარტს ფრონტის ამ მონაკვეთზეც გადავიდნენ იერიშზე. მათ მიზანს წარმოადგენდა, აეღოთ მორტ-ჰომისა და #304 სიმაღლე, რაც მხოლოდ ორთვიანი მძიმე ბრძოლების შედეგად შეძლეს.

პირველ მაისს პეტენი მეორე არმიის სარდლის თანამდებობაზე რობერ ჟორჟ ნიველმა ჩაანაცვლა. 22 მაისს, ახალი სარდლის მეთაურობით ფრანგები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და დუომონი დაიბრუნეს, თუმცა მისი შენარჩუნება მხოლოდ სამი დღით შეძლეს. იმავდროულად, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა გერმანელთა იერიში დუომონის სამხრეთით მდებარე ფორტ ვოზე, რომელიც საბოლოოდ 6 ივნისს დაეცა. გერმანელები ვოს ბოლო შტურმის უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად 150 ათას საარტილერიო ჭურვს ესროდნენ. ფორტის დაცემის შემდეგ გერმანელებმა თავდაცვის ბოლო ზღუდის უკანასკნელ ფორტებს: ტიომონს, ფლორს, სუვილსა და ტავანს შეუტიეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა გერმანელთა შეტევები და ფრანგთა კონტრშეტევები. 24 ივნისს დაეცა ტიომონი და ფლორი, თუმცა დანარჩენი ფორტების აღება გერმანელებმა ვეღარ შეძლეს.

ამავე პერიოდში, პირველ ივლისს ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიწყეს სტრატეგიული ოპერაცია სომასთან, რამაც დაასუსტა გერმანელთა ძალები ვერდენთან. რუსეთის წარმატებული შეტევის შედეგად (ბრუსილოვის გარღვევა, 1916 წლის 4 ივნისი – 13 აგვისტო) მძიმე დღეში ჩავარდა გერმანიის მოკავშირე ავსტრია-უნგრეთი. ივლისსა და აგვისტოში მათ ვერც ერთი ნაბიჯით ვერ შეძლეს წინ წაწევა. 27 აგვისტოს ანტანტის მხარეზე გადავიდა რუმინეთი. სექტემბერში გერმანელთა შეტევები ვერდენთან შეჩერდა, ხოლო ოქტომბრიდან ფრანგები გადავიდნენ კონტრშეტევაზე. გენერალ ნიველის ბრძანებით, კონტრშეტევის წინ ფრანგებმა დიდი ყურადღება დაუთმეს არტილერიის გაძლიერებას, ამისთვის მათ სარკინიგზო ეშელონებზე დააყენეს 400 მმ-იანი ზემძიმე ქვემეხები. ფრანგთა კონტრშეტევა წარმატებული გამოდგა. მათ ოქტომბერსა და ნოემბერში მოწინააღმდეგე დაკავებული ფორტებიდან განდევნეს.

საბოლოო შეტევა ფრანგთა მეორე არმიამ 15 დეკემბერს დაიწყო და გერმანულ ნაწილებს თითქმის 21 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დაახევინა. ბრძოლის უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში (15-18 დეკემბერი) ფრანგებმა ტყვედ აიყვანეს 11387 გერმანელი ჯარისკაცი და ხელთ ჩაიგდეს 115 ქვემეხი. ათთვიან ბრძოლაში სულ 300 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით ამ რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია. მთელი ბრძოლის განმავლობაში გაისროლეს 40 მილიონამდე საარტილერიო ჭურვი, მხარეები აქტიურად იყენებდნენ ქლორის გაზსა და ცეცხლისმფრქვეველებს. იყო მომენტი, როცა ბრძოლა ათი დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ბრძოლაში ჩაბმული დივიზიები ხუთ დღეს არ იცვლებოდნენ. დივიზიების საბრძოლო დანაკარგი ხშირ შემთხვევაში მთელი პირადი შემადგენლობის 70-100%-ს შეადგენდა.

ვერდენის ბრძოლა ფრანგთა ტაქტიკური გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც სტრატეგიული ინიციატივა ანტანტის მხარეზე გადავიდა და დააჩქარა გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური დამარცხება პირველ მსოფლიო ომში.

ვერდენის გმირული ეპოპეა მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი დაპირისპირება, ამასთანავე, სიმბოლო ფრანგთა შეუპოვრობისა და გაუტეხლობისა.

დიმიტრი სილაქაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”