"საბოლოო ჯამში, ლიდერად არაღიარებულ მანიპულატორ ნარცისს, მისივე მფრინავი მაიმუნები ანადგურებენ" - ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?! - კვირის პალიტრა

"საბოლოო ჯამში, ლიდერად არაღიარებულ მანიპულატორ ნარცისს, მისივე მფრინავი მაიმუნები ანადგურებენ" - ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?!

"მანიპულატორ ნარცისებში უარყოფა იწვევს არა უბრალოდ გულისტკენას, არამედ ბრაზს და განრისხებას. თითქოს ამცირებ, რომ არ მოგწონს, თითქოს ამცირებ, რომ ლიდერად არ აღიარებ. რამე ობიექტური ბრალი კი არ მიგიძღვის - რამე კი არ დაგიშავებია, არა - უბრალოდ არ აღიარე და ამით მის გრანდიოზულ, მაგრამ საოცრად მყიფე თვითშეფასებას დაარტყი", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

„რატომ არ გიყვარვარ“! „რატომ არ მოგწონვარ“ - აი ამ პრეტენზიით გიმართავს ის ტანტრუმს და გეჩხუბება, რომ შენ ხარ უმადური, რომ შენ მას უღალატე, შენ ვერ ხვდები, რომ მისი ფეხის ფრჩხილის ღირსიც კი არ ხარ, რომ შენ მარტო დარჩები. მერე “დაგანამუსებს” რომ ამდენი სიკეთე გაგიკეთა და შენ ცუდად ექცევი - ანუ ლიდერად რომ არ აღიარებ, ცუდად ექცევი - ასე ხედავს.მერე გასლაითინგს, ანუ რეალობის გადაკეთებას შეუდგება - რომ შენ გაიგე არასწორად, შენ მოიგონე, ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, სინამდვილეში სულ სხვა რამე მოხდა.

თუ ვერ გაჭრეს, მანიპულატორი ნარცისები კიდევ უფრო შორს მიდიან - ობიექტური ზიანის მოყენებას ცდილობენ - გაქენსელებენ, ჭორებს გივრცელებენ, რომ რეპუტაცია გაგიფუჭონ, შენი სახელის დისკრედიტაცია მოახდინონ.ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მის განსაკუთრებულობას, მის ლიდერობას არ აღიარებ - არ მოგწონს უბრალოდ.

მანიპულატორი ნარცისები შენზე ზეწოლისთვის სხვა ადამიანებს იყენებენ, ამ ადამიანებს ჟარგონზე მფრინავი მაიმუნები ჰქვიათ. ისინი ნარცისის ვერსიას იმეორებენ როგორც ფაქტს - ისინიც გიმტკიცებენ, რომ შენ უმადური ხარ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც არ მოგწონს და შენს ლიდერად არ თვლი. გაწვებიან რომ დათმო, გთხოვენ რომ არ გაამწვავო, არ მიაქციო კაცო ყურადღება - მაგრამ რეალურად გეუბნებიან რომ შენ დათმო - “შენ უფრო ჭკვიანი ხარ და უნდა დაუთმო”. გივრცელებენ რომ შენ ხარ კონფლიქტური, არასტაბილური, დაუნდობელი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ლიდერად არ აღიარებ და გინდა თავი გაგანებოს. - არ გრცხვენია? ამდენი გააკეთა შენთვის, ცოტა ემპათია არ გაწყენდა - გიბურღავენ ტვინს.

უფრო რაფინირებულები ცდილობენ თავი ობიექტურად წარმოადგინონ - არა, ახლა მე ორივე მხარეს ვხედავ, განა არ ვხედავ - მაგრამ სინამვილეში შენგან ითხოვენ დათმობას და მის ქცევას არ ეხებიან. ცდილობენ შენს იზოლაციას - იმისთვის, რომ მარტო დაგტოვონ და შენივე აზრებში დაგაეჭვონ.

კარგი ამბავი ისაა, რომ მანიპულატორი ნარცისი და მის მფრინავ მაიმუნთა კოჰორტა ყველას ვერ ერევა. ვიღაცეები მალევე შიფრავენ და ძვრას ვერ უშვება - ვერ აღწევს მათ აღიარებას. ეს ჯიუტი ადამიანები განაპირობებენ, რომ საბოლოო ჯამში - ლიდერად არაღიარებულ მანიპულატორ ნარცისს, მისივე მფრინავი მაიმუნები ანადგურებენ. ახლა ამის მომსწრენი ვართ - ვისაც პოლიტიკური კერპი და მისი სასტიკი დაცემა გაინტერესებთ, შეგიძლიათ დააკვირდეთ დუჟმორეულ ტროლებს, რომლებიც რამდენიმე პროფილით ერთდროულად გიტევენ, კერპის აღიარებას გთხოვენ და ამით მხოლოდ და მხოლოდ მის უძლურებას და ვადაგასულობას ადასტურებენ", - წერს ჩერგოლეიშვილი.