გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: სამთავრობო ცვლილებები ირანის ამბებსა და ორბანის წაგებას უკავშირდება?! - "ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის ორი კანდ - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: სამთავრობო ცვლილებები ირანის ამბებსა და ორბანის წაგებას უკავშირდება?! - "ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის ორი კანდიდატი ეყოლება, რადგან..."

თავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებებია - სიახლეები მედიას მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს წარუდგინა. სპეციალურ ბრიფინგზე მის გვერდით იდგნენ მამუკა მდინარაძე, გელა (გეკა) გელაძე და სულხან თამაზაშვილი. როგორც გაირკვა, სუს-ის ხელმძღვანელობიდან წავიდა ამ თანამდებობაზე 6 წლით დანიშნული მამუკა მდინარაძე, რომლის ადგილზეც კობახიძემ წარადგინა გელა გელაძე, რომელიც მანამდე შს მინისტრი გახლდათ. მას შეცვლის სულხან თამაზაშვილი, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ამ თანამდებობაზე კი წარადგინეს ზურაბ პატარაძე. ის აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე კი იკავებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უკვე ხელმეორედ შეთავაზებულ თანამდებობას. რაც შეეხება მდინარაძეს, ის ინიშნება ვიცე-პრემიერად და ამასთანავე, მთავრობის სტრუქტურას ემატება ახალი პოზიცია: "სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი", რასაც სწორედ მდინარაძე დაიკავებს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობაში ახალი თანამდებობა შეიქმნება, კობახიძის თქმით, უკვე წარადგინეს. "მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით... მინდა მამუკა მდინარაძეს მადლობა გადავუხადო სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის", - განაცხადა კობახიძემ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მდინარაძე აქამდე კობახიძის გუნდის წევრად და ერთ-ერთ ყველაზე ახლო პირად მიიჩნეოდა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს დარტყმა სწორედ ამ გუნდზეა და შესაძლოა შემდეგი კობახიძე იყოს. "ქართულ ოცნებაში"”კი აცხადებენ, რომ ასე არ არის და ეს უსაფუძვლო მითქმა-მოთქმაა. სწორედ ამ საკადრო ცვლილებების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- ეს ბოლო ცვლილებები (არ ვგულისხმობ მხოლოდ მდინარაძის გათავისუფლებას, უფრო საყურადღებოა, ვინ დაინიშნა მის ნაცვლად და რა გადაადგილებები მოხდა), ჩემი აზრით, სისტემური ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების "ხელით მართვის" პრინციპებს უბრუნდება. ბოლო პერიოდში მას ეს "საბელი" გარკვეულწილად დაგრძელებული ჰქონდა, რაც კობახიძის დაჯგუფებას რეალური ძალაუფლების ფლობის ილუზიას უქმნიდა.

ახლა კი, ასე ვთქვათ, "შიდაკონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" პროცესია, როდესაც რეალური ძალაუფლება და პოლიტიკური პროცესი ერთმანეთისგან გამიჯნულია. ბუნებრივია, ამას მოჰყვება კობახიძისა და მისი დაჯგუფების ერთგვარი "სტერილიზაცია". როდესაც არა გაქვს რეალური ძალაუფლება, შენი როლი მხოლოდ მითითებების შემსრულებლის ფუნქციით შემოიფარგლება და მეტი არაფრით. სწორედ ამ მდგომარეობაში აბრუნებს დღეს ივანიშვილი კობახიძეს, რომელსაც "საბელი" მაქსიმალურად დაუმოკლეს და პრაქტიკულად, აღარანაირი შეხება არ გააჩნია რეალურ ძალაუფლებასთან.

ამ დამოკლებული საბლით "ეშაფოტზე აყვანა" და იქ სკამისთვის ფეხის წაკვრა უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ფაქტია, სიტუაცია შემზადებულია - მისი მოშორება ისეთივე უმტკივნეულო იქნება, როგორიც ერთი სატელეფონო ზარი. პრემიერების ასე გაშვება საქართველოში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. როდის მოუნდება ბიძინას ამ სკამისთვის ფეხის წაკვრა, ეს მეორე საკითხია. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის გარშემო განვითარებული რთული მოვლენების საბოლოო გარკვევას.

უნგრეთი იყო პირველი სიმპტომი იმისა, რომ კობახიძე მოსაშორებელია, რადგან ის ერთადერთი აქტივი, რაც მას გააჩნდა - ვიქტორ ორბანთან პირადი ურთიერთობა - უკვე ამოწურულია. ირანი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქ, ფაქტობრივად, დღეს მომავალი მსოფლიო წესრიგის კონფიგურაცია წყდება. ბიძინამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ქვეყანას აშენებს: აგრძელებს სვლას რუსულ იმპერიაში რეინტეგრაციისთვის, თუ გადადის ეგრეთ წოდებულ "აზერბაიჯანულ მოდელზე". პირდაპირ გეტყვით და ცივ წყალს გადაგასხამთ: ბიძინას ხელში დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება არ გვიწერია.

მათ აქვთ არჩევანი ორ მოდელს შორის: პირველი - რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია (რისთვისაც ბოლო პერიოდში ყველაფერი კეთდებოდა); მეორე - გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი დასუსტებულია, დისტანციის დაჭერა და ქვეყნის აწყობა აზერბაიჯანის მოდელზე. სწორედ ამ დილემის წინაშე დგას დღეს ივანიშვილი. თუ აზერბაიჯანულ გზას აირჩევს, მაშინ ეს კობახიძე-პაპუაშვილები და რუსული იმპერიული მენტალობის მატრიცაზე მომუშავე პირები, ბუნებრივია, უნდა ჩამოშორდნენ პროცესებს. მათი ჩანაცვლება მოხდება შედარებით ზომიერი კადრებით, რომლებიც ავტორიტარიზმზე კი დათანხმდებიან, მაგრამ ეს არ იქნება რუსეთში ინტეგრირებული ავტორიტარიზმი. უფრო იქნება ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არ არის, მაგრამ გარკვეულწილად შენარჩუნებულია საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

- თქვენ ახსენეთ, მნიშვნელოვანია, ვინ ინიშნებიან საკადრო ცვლილებებისას თანამდებობებზეო, ერთ-ერთი მათგანია სულხან თამაზაშვილი, რომელიც შს მინისტრად დააწინაურეს. ის ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა და შსს-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ვრცელდება ხმები, რომ ის შეიძლება პრემიერიც კი გახდეს. არსებობს თუ არა ასეთი შანსი?

- არა, არა მგონია. ბიძინამ, ფაქტობრივად, ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბა. თამაზაშვილიც და გელაძეც არიან პროფესიონალები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არ შედიან. ისინი უბრალო შემსრულებლები არიან, დავალება-შესრულების პრინციპით მუშაობენ და არ გააჩნიათ პოლიტიკური ამბიციები, განსხვავებით კობახიძის გუნდისგან. ივანიშვილმა კომფორტი შეიქმნა - მოიყვანა ხალხი, რომლებიც დავალების შემთხვევაში ძალიან მარტივად "შეჭამენ" კობახიძეს.

ამ შემთხვევაში ოჯახურ კავშირებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, პოლიტიკურად არაამბიციური კადრი. რაც შეეხება პრემიერობას, ბიძინას, ალბათ, ორი კანდიდატი ეყოლება:

ერთი რუსული გზისთვის და მეორე - აზერბაიჯანული მოდელისთვის. პრემიერს მინიმუმ ენების ცოდნა და საგარეო მოლაპარაკებების წარმოება მოეთხოვება. გავრცელებული ხმებით განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

რაც შეეხება მდინარაძეს, ჩემთვის ის ყოველთვის იყო ქართული პოლიტიკის ასინეთა - ჭორიკანა აი, ტრუსკავეციდან დაწყებული, გახსოვთ ხომ, ჰოდა, შესაბამისად, მე მგონია, ისე მივიდა სუს-ში და ისე წამოვიდა, დღესაც არ იცის კარგად, რა ორგანიზაციაში მუშაობდა. ალბათ, კულუარებში დასცინოდნენ კიდეც; რა თქმა უნდა, პირში ეპირფერებოდნენ, მაგრამ ზურგს უკან მასზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა.

რუსეთში იყვნენ ასეთი "საქორწილო გენერლები" - ასეთი მოდა იყო, ქორწილებში აუცილებლად უნდა დაეპატიჟებინათ გენერალი ბევრი ჩინ-მედლით; რადგან მოქმედი გენერლები ამაზე არ თანხმდებოდნენ, მიჰყავდათ თვითმარქვია გენერლები, მთავარი იყო დაეფიქსირებინათ, რომ სტუმრად გენერალი ჰყავდათ. აი, სწორედ ასეთი ფიგურაა მდინარაძე - ქართული პოლიტიკის "საქორწილო გენერალი". მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, რომ ზეინფორმირებულია, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს, არც ბიძინა.

წაიკითხე ვრცლად