"ევროკავშირის ელჩს მოუწევს იმის ახსნა, თუ რას გულისხმობს, როდესაც ჩვენს ქვეყანას წარსულში დაბრუნებით ემუქრება...თვითონვე ბრძანა სამოქალაქო ომი, სიღატაკე..." - დავით მათიკაშვილი
ევროკავშირის ელჩს მოუწევს იმის ახსნა, თუ რას გულისხმობს, როდესაც, პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანას, ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება - მიბრძანდეს ბატონი ჰერჩინსკი და აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართველ საზოგადოებას, რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც ყველამ მოვისმინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით. ჰერჩინსკის განცხადებაში კიდევ ერთხელ იშიფრება, რომ „ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის, იმ ძალებისთვის, ვისაც ჰერჩინსკი წარმოადგენს“.
„ევროკავშირის ელჩს მოუწევს იმის ახსნა, თუ რას გულისხმობს, როდესაც, პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანას, ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება. თვითონვე ბრძანა სამოქალაქო ომი, სიღარიბე, სიღატაკე და ა.შ. თუკი არ მოხდება კონკრეტული მითითებების შესრულება, რაც ბრიუსელიდან მომდინარეობს.
ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან საერთოდ არანაირი კავშირის მქონე განცხადება, რაც პირდაპირი ტექსტით გულისხმობს ქართველი ხალხის მიმართ მუქარას. აქ კიდევ ერთხელ ჩანს და იშიფრება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის, იმ ძალებისთვის, ვისაც ჰერჩინსკი წარმოადგენს. ამიტომაც ხდება მუდმივად ზეწოლა, მუქარა, ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა, კონკრეტულად ამ დიპლომატის მხრიდან მაშინ, როდესაც ეს მუქარა ასე ხაზგასმით გაჟღერდა ჩვენი საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მიბრძანდეს ბატონი ჰერჩინსკი და უთხრას, აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართველ საზოგადოებას, რომელიც სავსებით სამართლიანადაა აღშფოთებული ამ განცხადებით, თუ რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც ყველამ მოვისმინეთ," - განაცხადა მათიკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"