რა უჯდებოდა ბიუჯეტს "პიკის" მაუწყებლობა - კვირის პალიტრა

რა უჯდებოდა ბიუჯეტს "პიკის" მაუწყებლობა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ტელეკომპანია პიკს", რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს - "პიკს" მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს. კომპანიის 60% ოთხი დღის შექმნილ შპს "შვისეას" გადაეცა. სანაცვლოდ, "შვისეა" ვალდებულია, 5 წლის განმავლობაში შპს "ტელეკომპანია პიკის" კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს. "შვისეას" ტელევიზიის 30%, "ტელეკომპანია პიკის" 55%-ის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10 პროცენტი კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15-15 პროცენტი ეკუთვნოდათ. "შვისეას" დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია. ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. საინტერესოა, შეძლებს თუ არა "შვისეა" მესამე არხის - "პიკის" მაუწყებლობის განახლებას, რადგან ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული...

იმ დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც "ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა" მოიპოვა, 2009 წლის 5 ოქტომბრის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალურ დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ საქართველოში შექმნილიყო სპეციალური მაუწყებლობა რუსულ ენაზე - მესამე არხი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "პირველი კავკასიურის" შექმნისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოეყო 7 მილიონი ლარი. შემდეგ, ე.წ. მესამე არხი მართვის უფლებით გადაეცა შპს "ქეი 1"-ს, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ ჯეიმს უილიამ რობერტ პარსონი და ეკატერინე კოტრიკაძე.

"როგორც ირკვევა, შპს "ქეი 1"-სთვის "პირველი კავკასიურის" მართვის უფლებით გადაცემა, განპირობებული იყო მხოლოდ ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ სურვილზე - ემართა "პირველი კავკასიური", რის საფუძველზეც საზოგადოებრივ მაუწყებელს წარედგინა ერთგვერდიანი წინადადება. საქართველოს მთავრობისგან საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა თანხმობა შპს "ქეი 1"-თან გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივ მაუწყებელს შპს "ქეი 1"-სთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ 13 919 490 ლარი უნდა გადაეხადა. ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა გათვალისწინებული იყო ხელფასებსა და სხვა ბენეფიტებზე.

2011 წლის 25 იანვარს "პიკი" პირველად გავიდა სატელევიზიო ეთერში. რამდენიმე დღეში კი შპს "ქეი 1" -მა საზოგადოებრივ მაუწყებელს აცნობა, რომ მაუწყებლობის გაგრძელებისთვის 20 000 000 ლარი სჭირდებოდა. აღნიშნული მოთხოვნა გადამისამართებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მესამე არხის ფუნქციონირებისათვის გამოეყო 15 000 000 ლარი. სულ 2011 წლის განმავლობაში, "პირველი კავკასიურის" ფუნქციონირებისათვის გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 18 420 000 ლარი". - ვკითხულობთ კვლევაში, რომელსაც "ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს. აქვე ვკითხულობთ, რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელს მესამე არხის ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 14 000 000 ლარი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი მე-3 არხის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც გაიმარჯვა შპს "ალანიამ", შემდგომში შპს "ტელეკომპანია პიკმა". აღსანიშნავია, რომ შპს "ალანიას" თავდაპირველი საქმიანობა საერთოდ არ იყო დაკავშირებული სატელევიზიო მომსახურებასთან და მათ გამოცდილება სავაჭრო საქმიანობაში, სააფთიაქო ქსელის შექმნასა და სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჰქონდათ.

გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის მკვლევარი: "როგორც რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, 2011 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით შპს "ტელეკომპანია პიკ"-ის დირექტორი და 55% წილის მფლობელი იყო მამუკა თათოშვილი. ხოლო, 2012 წლის 13 იანვრისთვის (ტელეკომპანია "პიკ"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღეს) შპს "ტელეკომპანია პიკ"-ის დირექტორი გახდა ალექსანდრე ფარულავა, რომელიც მანამდე შპს "ქეი 1"-ის დირექტორის მოადგილე იყო. ამასთან ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა შპს "ქეი 1"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკატერინე კოტრიკაძე. შესაბამისად, მიუხედავად ტენდერის ფარგლებში მესამე არხის მმართველი კომპანიის ცვლილებისა, რეალურად მესამე არხზე შენარჩუნებულ იქნა "ქეი 1"-ის მენეჯმენტი.

ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან აგრეთვე გამოვითხოვეთ შპს "ტელეკომპანია პიკ"-ის მიერ წარდგენილი კვარტალური ანგარიშები. თუმცა, გაირკვა, რომ შპს "ტელეკომპანია პიკი", "ქეი 1"-გან განსხვავებით, არ იყო ვალდებული, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წარედგინა სამუშაოს შესრულების კვარტალური ანგარიშები.

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე შეიცვალა ტელეკომპანია "პიკთან" დაკავშირებული ვითარებაც. 2012 წლის ოქტომბრის თვეში "ტელეკომპანია პიკ"-ის დირექტორის ალექსანდრე ფარულავას სახელზე გაგზავნილ წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შპს "ტელეკომპანია პიკ"-ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებების პირობების სერიოზულ დარღვევებს. ამასთან გიორგი ჭანტურია გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაცია. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შპს "ტელეკომპანია პიკ"-ს შორის არსებული დავა საბოლოოდ დასრულდა 2012 წლის 12 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლითაც შეწყდა "ტელეკომპანია პიკ"-თან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნულის ძირითადი საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ 2013 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მესამე არხისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა.

აღსანიშნავია, რომ პირველი კავკასიურის ფუნქციონირება დამოკიდებული იყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე. შესაბამისად, მე-3 არხის მაუწყებლობის გაგრძელება დამოკიდებულია საქართველოს ახალი მთავრობის კეთილ ნებაზე.

ჯერჯერობით გაურკვეველია "პირველი კავკასიური არხის" მომავალი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ "ტელეკომპანია პიკ"-ის გათავისუფლება კვარტალური ანგარიშების წარდგენისგან აფერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელეკომპანიის საქმიანობის ეფექტურ კონტროლს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის, ისე არასამთავრობო და მედია სექტორის მხრიდან".

(სპეციალურად საიტისთვის)