ევროპის ჩემპიონატი 8 მედლით დავასრულეთ - კვირის პალიტრა

ევროპის ჩემპიონატი 8 მედლით დავასრულეთ

აჭარის მთავარ ქალაქში გუშინ დამთავრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტის 45 ქვეყნის 350 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ტურნირი ტრადიციულად უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული (ევროპის ჩემპიონატს, ბათუმმა პირველად 2019 წელს უმასპინძლა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა) და მონაწილეებს დამატებითი მოტივაციაც მისცა მსგავსი ტურნირებისთვის უპრეცედენტო საპრიზო ფონდით (144 000 ევრო).

საქართველოს ნაკრების (მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, მწვრთნელები - გია ცირეკიძე, გიორგი გაბრიჭიძე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა, მწვრთნელი ილია თვალოძე, ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული, ფიზიოთერაპევტი რუსლან ღიბრაძე) განაცხადში 13 სპორტსმენი იყო, რამდენიმე მათგანი ტურნირს ტრავმის მიზეზით გამოეთიშა, საბოლოოდ კი ჩვენმა გუნდმა სამშობლოში გამართული ტურნირი 8 მედლით დაასრულა.

"ბათუმი-2026"-ის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვიანებით დავწერთ, ამჯერად კი, ასპარეზობის ბოლო დღის (26 აპრილი) შედეგებს გაგაცნობთ: ქალებში ორი მედალი "ასწია" ანასტასია გოტფრიდმა (+86 კგ) - ატაცში მან 118 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, აკვრაში 144 კილოგრამით მეოთხე შედეგი აჩვენა და ორჭიდის ჯამში (262 კგ) ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

მძიმე წონაში იასპარეზა მარიამ მურღვლიანმაც. იგი ატაცში 108 კილოგრამით მერვე იყო, აკვრაში130 კილოგრამით - მეათე, ორჭიდის (238 კგ) მე-9 ადგილს დასჯერდა.

ვაჟთა მძიმე წონაში (+110 კგ) ბაქარ თურმანძემ ექვსიდან ხუთი ცდა წარმატებით გამოიყენა, მაგრამ ატაცში 187 კილოგრამით მეოთხე, აკვრაში 219 კილოგრამით მეხუთე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში 406 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგი ასეთია: ზურაბ მსხალაძე (88 კგ) - აკვრაში ოქრო, ორჭიდში - ვერცხლი; გოდერძი ბერდელიძე (60 კგ) - ატაცში ოქრო; რამინ შამილიშვილი (60 კგ) - ატაცში ბრინჯაო; არჩილ მალაყმაძე (79 კგ) - აკვრაში ბრინჯაო; მანუჩარ გოგოხია (88 კგ) - ატაცში ბრინჯაო; ანასტასია ჰოტფრიდი (+86 კგ) - ატაცში ვერცხლი, ორჭიდში - ბრინჯაო.

რატი შელეგია

(სპეციალურად საიტისთვის)