"მიეცით ბავშვებს წამალი" - მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს
“მიეცით ბავშვებს წამალი” - ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.
მშობლების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ბავშვები წამალს არ მიიღებენ.
“ჩვენი პროტესტი დაიწყო ორი წლის წინ. სანამ ქუჩაში გამოვიდოდით, ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა საუბარი. ვცდილობდით კონსტრუქციული გზით დაკმაყოფილებულიყო ჩვენი მოთხოვნა. პირდაპირ ქუჩაში არ გამოვსულვართ, როგორც ეს საზოგადოების ნაწილს ჰგონია.
წამლის შესახებ ინფორმაცია ChatGPT -ით არ მოგვიძებნია. დავდივართ კონფერენციებზე, ევროპის ორგანიზაციებში ვართ გაწევრიანებულები. თითოეული წამალი შესწავლილი გვაქვს თუ როგორ გაიარეს კვლევები” , - აცხადებს დიუშენის სინდრომით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა, თაკო გოგალაძე.