როგორ უყვარდათ საქართველოში...
უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.
სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელს გაცილებით ადრე შევხვდი, სანამ "კვირის პალიტრაში" დავიწყებდი მუშაობას. 1986 წლის ზაფხული იყო. მეგობრები ზაფხულის ხვატს ფუნიკულიორზე გავექეცით, ცნობილ რესტორანში შევედით. გაგვიმართლა და ღია ვერანდაზე მაგიდა გათავისუფლდა. იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, შებინდებულზე უფრო ლამაზი ჩანდა ლამპიონებით განათებული თბილისი. უცებ ნაცნობი ხმა მოგვესმა... აი, ის ლეგენდარული ხმა, ერთიანად რომ წამოგვყარა სახლებიდან 1981 წლის 13 მაისს და "დინამოს" სტადიონზე შეგვკრიბა სრულიად საქართველო. დიახ, ჩვენს მეზობლად კოტე მახარაძე იჯდა და სოფიკო ჭიაურელსა და ტარიელ საყვარელიძეს მისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით რაღაც სახალისოს უამბობდა. ძალაუნებურად მზერაც და ყურადღებაც მათკენ მივმართეთ. ხუმრობა ხომ არ იყო, სამი ვარსკვლავი იქვე, ჩვენს ახლოს ხუმრობდა, იცინოდა და დროს ატარებდა. მერე კოტემ მეგობარს მიმართა, ეს შენთვისაა, სოფიკო, თორემ ჩემთვის ცოფიკოაო. საყვარელიძეს ჩაეცინა და უთხრა, მაგ ცოფიკოზე გიჟდები და რა გინდა, რომ ქნაო? კოტემ თავი დაუქნია, ასეა ესო. და მოულოდნელად დაიწყო ლექსი "უსიყვარულოდ". მთელი ვერანდა გაჩუმდა და კოტეს უსმენდა. მისი ომახიანი ხმა ხან იდუმალი ხდებოდა, ხან ძლიერი...”"მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი",”- დაასრულა კოტემ და ტაშიც გაისმა. სოფიკოს გავხედე, იღიმებოდა.
წლების მერე, როცა ინტერვიუსთვის სახლში ვესტუმრე, ეს ეპიზოდი გავახსენე. გაეცინა, დღემდე ცოფიკოს მეძახისო. წინდაწინ იცოდა, რომ სიყვარულზე უნდა გვესაუბრა. აღტაცებული მიყვებოდა იმ რომანზე, რომელიც "ურიელ აკოსტას" მერე აგიზგიზდა. თუმცა არც პირველი სიყვარული დავიწყებია:
- ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა. მე და გიორგი შენგელაია ბავშვობიდანვე ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენი დედები მეგობრობდნენ. მერე ჩვენც დავმეგობრდით და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა დავქორწინდით. უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა, მაგრამ მართლაც არასოდეს არ უნდა თქვა "არასოდეს". ჩემსა და კოტეს შორის "ურიელის" რეპეტიციების დროს იფეთქა სიყვარულმა. მე თავს ვიკავებდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ ამას, მეორეც, კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა. კოტე ძალიან ნერვიულობდა და გამუდმებით მთხოვდა, რომ ცოლად გავყოლოდი. ერთხელ ჩვენი თეატრის დასი მოსკოვში გაემგზავრა გასტროლებზე. ერთ საღამოს კოტემ მეგობრებთან ერთად მოსკოვის ახლოს ერთ ცნობილ რესტორანში დაგვპატიჟა. ნამდვილი რუსული ზამთარი იყო, -18 გრადუსითა და დიდი თოვლით. შუა ქეიფში გარეთ გამიხმო. გავყევი. ღვინომოკიდებული იყო, აღელვებულმა მითხრა, ახლა ან "ჰოს" მეტყვი, ან თავს მოვიკლავო. ვერ დავიჯერე, ჩემი გულისთვის თუ თავს რამეს აუტეხდა, ამიტომ უდარდელად, ცოტა აგდებულადაც მივუგე, კარგად იყავი-მეთქი. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა. კარგადო, დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. ლამის გული გამიჩერდა, წუთიც არ დავფიქრებულვარ, ვისკუპე და მეც უკან მივყევი. დარბაზში შესვლა რომ დაგვიგვიანდა, მეგობრებმა გამოგვაკითხეს. რესტორნის დარაჯს ჰკითხეს, ხომ არ დაგინახავთ, ქართველები საით წავიდნენო. იმანაც ის ადგილი აჩვენა, სადაც ორი შერეკილი ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ატყდა ერთი ამბავი. მაშველებიც მოიყვანეს და ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს.
სოფიკომ ისიც მიამბო, შეუღლების მერე მეგობრებმა სიმბოლურად დიდი თუჯის ღუზა რომ მიუტანეს საჩუქრად: ბოლოს და ბოლოს, ეგებ შენს ოჯახურ ცხოვრებაში ჩაუშვა ღუზაო. საჩუქარმა გაამართლა, რადგან სოფიკოს მერე კოტეს არავისკენ გაუხედავს - მათ ერთად 30 წელი ბედნიერად იცხოვრეს.
მედეა ბიბილეიშვილი

"ჩემთვის რამაზის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდო იყო და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარულით დამასაჩუქრა", - მითხრა ულამაზესმა მედეამ და დიდხანს მელაპარაკა ამ "ჯილდოზე":
- 24 წლის ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გავხდი. თაყვანისმცემელი ბევრი მყავდა, მაგრამ მათ შორის ერთი იყო გამორჩეული. ერთხელაც უცნობმა მამაკაცმა დამირეკა. რამაზ ვადაჭკორია ვარ, ძალიან მომწონხართ და თქვენი გაცნობა მინდაო. ცივად მივუგე, ჩემთვის სულერთია, ვინ ხართ, ტელეფონით გაცნობა არასერიოზულია-მეთქი. მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მირეკავდა და ერთსა და იმავეს მეუბნებოდა. ესა და ეს ვარ, თქვენი გაცნობა მინდაო. ჩემი პასუხიც არ იცვლებოდა - უარს ვეუბნებოდი. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ყვავილების ულამაზეს თაიგულს მიგზავნიდა. რამაზ ვადაჭკორია ცნობილი ექიმი-ლარინგოლოგი და ქალაქის კოლორიტი გახლდათ. ერთხელ რადიოკომიტეტში უნდა წავსულიყავი ჩაწერაზე. თეატრის წინ ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლე დამხვდა და შეწუხებულმა მითხრა, შენი მეგობარი ცუდადაა და მთხოვა, მედეა მომიყვანეო. ჩაწერა გადავდე და გულგახეთქილი წავედი მეგობართან, იქ კი ჩემი თაყვანისმცემელი რამაზი დამხვდა. გავბრაზდი მასპინძლებზე, მაგრამ ისეთი ლამაზი საღამო გაგვატარებინა ვადაჭკორიამ, რომ წყენამ მალევე გამიარა. მას შემდეგ აღარც დავცილებულვართ. მამას ვუმალავდი ჩვენს ურთიერთობას, რადგან რამაზი ცოლშვილიანი იყო და ვიცოდი, არ მაპატიებდა. არც მე მინდოდა სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერების აგება, მაგრამ როდის იყო დიდი სიყვარული რამეს გეკითხებოდა? ჩვენი სიყვარული ბედისწერასავით იყო. 11 წელი სულ ფორიაქით ვიცხოვრე, სულ მეშინოდა, რამე არ მოსვლოდა, სადმე არ გადაჩეხილიყო. აკი გამართლდა კიდეც ჩემი შიში. რამაზი ავარიაში დაიღუპა. მაშინ ძალიან დიდხანს ვერ გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, აღარც თეატრი მინდოდა, აღარც სიცოცხლე...
რამაზი საოცრად რომანტიკული და ბობოქარი ადამიანი იყო, მასში თითქოს რამდენიმე პიროვნება ცხოვრობდა. ის ჩემთვის შექსპირის გმირების ერთიან სახეს წარმოადგენდა: მარად შეყვარებული მერკუციოც გახლდათ, სულ რომ ეთაყვანება ქალს, უსაზღვროდ შეყვარებული რომეოც და ეჭვიანი ოტელოც. როგორც კი გავრცელდა ჩვენი სიყვარულის ამბავი, ყველა თაყვანისმცემელი ჩამომცილდა, რადგან რამაზს მთელი ქალაქი პატივს სცემდა. ბოლოს რამაზი გაშორდა ცოლს და დავქორწინდით. ჩემს არც ერთ სპექტაკლს არ აცდენდა, როგორი დაღლილიც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ახერხებდა თეატრში მოსვლას. ზოგჯერ ეჭვიანობდა და ამის გამო ვებუტებოდი ხოლმე. ისეთ სიურპრიზს მომიწყობდა, წყენა მავიწყდებოდა. ერთხელ სპექტაკლის "წმინდანები ჯოჯოხეთში" დამთავრების შემდეგ სცენაზე ახალაფეთქებული ვარდისფერკვირტებიანი ატმის ხე (ფესვებიანად) მომართვა. ყველა აღფრთოვანდა, დიდმა ვერიკომ კი თქვა, უამრავი თაიგული და საჩუქარი მოურთმევიათ ჩემთვის, მაგრამ ასეთი ლამაზი და ორიგინალური არაო. "ჩემი ქალაქის ვარსკვლავის" გადაღებისას ორსულად ვიყავი. რამაზს არასოდეს დაუშლია ჩემთვის არც ფილმებში გადაღება და არც გასტროლებზე წასვლა, მაგრამ ორსულად რომ ვიყავი, ეშინოდა, რამე არ მომსვლოდა და ყოველდღე დამყვებოდა გადაღებაზე. მალე შეგვეძინა თამარი. საოცრად თბილი და მოსიყვარულე მამა იყო, მაგრამ ერთხელ წამოსცდა, ვგიჟდები ჩემს გოგოზე, მაგრამ შენ უფრო მეტად მიყვარხარო, რაზეც წყენით ვუპასუხე, აბა, რას ამბობ, დედა ხომ ამას არასოდეს იტყვის-მეთქი. რა ვქნა, ვერ მოგატყუებო. რამაზმა საგურამოში ნაკვეთი იყიდა, სახლიც ააშენა, აუზიც გვქონდა და საბილიარდოც, ეზოს ბოლოში კი დიდი ადგილი გამოყო და იქაურობა ნამდვილ გურულ სოფელს დაამსგავსა ნალიით, ფაცხით, ჭითა და თონით. ორი ტალავერი გვქონდა ეზოში, სადაც ზაფხულობით დიდი სუფრა იშლებოდა მეგობრებისთვის. საიდანღაც გაიგო, რომ ვარდის ერთ ულამაზეს ჯიშს "მედეა" ჰქვია, და იმდენი ქნა, მისი ძირი კისლოვოდსკიდან სპეციალურად ჩამოატანინა. ვარდს ფორთოხლისფერი დაჰკრავდა, მართლა ძალიან ლამაზი იყო. მოშორებით დარგო. ვუსაყვედურე, ჩემი სახელობის ვარდი განცალკევებით რატომ გაქვს-მეთქი. მიპასუხა, იმიტომ, რომ შენსავით განსხვავებული და ულამაზესიაო. თბილისში მშობლებთან ვცხოვრობდი, რამაზიც, რა თქმა უნდა, ჩვენთან იყო. ერთხელ გვიან დაბრუნდა შინ და ქვემოდან დაიწყო ძახილი. მე უკვე ვიწექი, მამა გავიდა აივანზე და უთხრა, მედეას სძინავს, შენც ამოდი და დაისვენეო. ნასვამი იყო და მაგიტომ შეჰბედა სიმამრს, ბატონო დავით, მედეა ცოლად იმიტომ მოვიყვანე, რომ უზომოდ მიყვარდა, თქვენ კი ჩემთან ყოფნას უშლიდით, ახლა ცოლია და მინდა ამ ლამაზ ღამეს მასთან ერთად ვისეირნოო. მამა უსიტყვოდ გამოტრიალდა და გამაღვიძა, რამაზი გელოდება ქვემოთო. ბუზღუნით ავდექი და ჩავედი. მართლაც საოცრად ლამაზი ღამე იყო. თოვდა, ვეებერთელა ფიფქებით ბარდნიდა. ვსეირნობდით დათოვლილ თბილისში და ასე გვეგონა, ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით: მე, რამაზი და თოვლი.