გოგი ხუციშვილი: - "დსთ-ში დაბრუნების საკითხი შესაძლოა, გვიან ეტაპზე განვიხილოთ" - კვირის პალიტრა

გოგი ხუციშვილი: - "დსთ-ში დაბრუნების საკითხი შესაძლოა, გვიან ეტაპზე განვიხილოთ"

რამდენიმე დღის წინ ესტონელმა ანალიტიკოსმა ედუარდ ტინიმ საქართველოს ნატოში გაწევრების სურვილს "სულელური გადაწყვეტილება" უწოდა, რადგან მისი აზრით, ამ ნაბიჯს რუსეთთან ურთიერთობის დაპირისპირება მოჰყვა... თავის მხრივ, ქართული მხარის განცხადებას - მზად არის რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს - ჩრდილოელი მეზობელი დუმილით პასუხობს. გარდამავალი პერიოდის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური პროცესების შეფასება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს გოგი ხუციშვილს ვთხოვეთ:

- ამ რთულ, გარდამავალ პერიოდში, მიმაჩნია რომ, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომლის მოგვარება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსს. ამ თემაზე საუბარს სხვანაირი წინაპირობები სჭირდება, თუნდაც ორმხრივი ურთიერთობების სურვილი... რაც შეეხება, დსთ-ში დაბრუნების საკითხს, რომელზეც რუსეთის ოფიციალური პირები "მოგუდულად" ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლო დროს მასმედიაში სხვადასხვა პუბლიცისტების მიერ არის შემოგდებული, ქართული მხარისგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რაც საქართველოს რუსეთის სივრცეს მიაბამს. ამას ნიშნავს, მისი მხრიდან სრული დუმილი. პოლიტიკურ საკითხებს რომ დავანებოთ თავი, თავად რუსული საზოგადოებაა დაინტერესებული ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნით, მაგრამ ამაზეც კი არანაირი პასუხი არ ყოფილა.

- ანუ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ცალმხრივ დათმობაზე წაგვიყვანოს?

- დიახ, ვინაიდან რუსეთი ტერიტორიულად დიდი ქვეყანაა, ის ამით სარგებლობს და ჩვენგან სულ მეტს ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ დაუცველი, განვითარებადი ქვეყანა ვართ. ამიტომ მისი სურვილია, ისევ მის სივრცეში დავბრუნდეთ და ამით დავკმაყოფილდეთ. ხოლო ის უსაფრთხოება, რომელსაც ნატოსგან ველოდებით, რუსეთისგან მოვიპოვოთ. ეს რუსეთის დიდი სურვილია, მაგრამ ჩვენ გვაქვს არჩეული ევროატლანტიკური გზა, რომელსაც არ უნდა გადავუხვიოთ და ახლა თუ ეს შეცდომა დავუშვით და ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა დავკარგეთ, ეს საბედისწერო ნაბიჯი იქნება.

დსთ-ში დაბრუნების საკითხი შესაძლოა, გვიან ეტაპზე განვიხილოთ. მაშინ როდესაც ორმხრივი ურთიერთობები მოგვარებული იქნება, თავდაუსხმელობის გარანტიები იარსებებს, ეკონომიკური კავშირები აღდგენილი იქნება, ამის შემდეგ შეიძლება დავფიქრდეთ, - იქნებ ეს ქვეყანა გვჭირდება და მასთან ახლოს ყოფნა სარგებელს მოგვიტანს. თუმცა, ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მასთან ყოფნა გვინდა თუ არა. მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკიც კი ჩვენთვის წამგებიანია.

- ბოლო დროს მიმდინარე დაკავებებზეც გკითხავთ, რომელსაც უმცირესობა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულს უწოდებს. გამაფრთხილებელი განცხადებები გაისმა დასავლეთიდან რამდენიმე გავლენიანი ლიდერის მხრიდან. რით ახსნით ამას?

- ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამასთან ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა და ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არჩევნების შემდგომ დაიწყო, აუცილებლად დასაწყები იყო. ჩვენ ვიცით კიდევ რამდენიმე ადამიანი, (რომელთა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ), რომელიც აშკარად დამნაშავეა და დასაჭერია, მაგრამ მათ მიმართ გამოძიებას ჯერჯერობით მტკიცებულებები არ აქვს მოგროვებული და ამიტომ არ აკავებენ. დასავლეთში ატეხილი განგაში, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი ხორციელდება, სრულიად უსაფუძვლოა.

- ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ მათზე წინა ხელისუფლების წევრების გავლენა ჯერ კიდევ დიდია?

- რა თქმა უნდა, მათ შორის პოლიტიკურის გარდა, ადმიანური ურთიერთობებიც არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებს კარგი კუთხით იცნობდნენ და მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ მათ უნდა დაუჭირონ მხარი. გარდა ამისა, წინა ხელისუფლების ხელში მყოფი ლობისტური ჯგუფები და კომპანიები მთელი ძალისხმევით ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ და ყველას დაანახვონ, რომ ეს ხელისუფლება ანგარიშსწორებისთვის არის მოსული.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)