ოთხი მეწყერსაშიში ადგილი საქართველოში, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟდება - კვირის პალიტრა

ოთხი მეწყერსაშიში ადგილი საქართველოში, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟდება

გარემოს ეროვნული სააგენტო სანავიგაციო და მეტეოროლოგიურ ხელსაწყოებს ყიდულობს.

გადაუდებელი საჭიროების მიზნობრიობით გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 1 400 000 ევროა.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ღონისძიება ითვალისწინებს მყინვარულ ხეობებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებას ონის, მესტიის, ახმეტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გეგმავს:

სოფელი გლოლა (ონი 13 და ონი 14) - არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;

სოფელი ჟაბეში (მესტია 32 და მესტია 20) - არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;

დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი 6 და ყაზბეგი 9) - არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა;

სოფელი დართლო (ახმეტა1) - არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა.

„კლიმატის ცვლილება იწვევს კრიოსფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც განსაკუთრებით აისახება მაღალმთიან რეგიონებში ლანდშაფტების ტრანსფორმაციასა და ბუნებრივი საფრთხეების ზრდაზე. მყინვარების დეგრადაცია და მუდმივად მზრალ ზონებში მიმდინარე პროცესები ხელს უწყობს ფერდობების დესტაბილიზაციას და ზრდის ღვარცოფული და კასკადური სტიქიური მოვლენების განვითარების რისკს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება და თბური ტალღების გახშირება, რაც დამატებით გაამწვავებს აღნიშნულ პროცესებს. შესაბამისად, იზრდება როგორც გლობალურად, ისე საქართველოში სტიქიური საფრთხეების რისკი“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

განაგრძე კითხვა