მიხეილი მასზე ბევრად უფროსი გახლდათ, მაგრამ როცა ცოლობაზე წინადადება მიიღო, არც დაფიქრებულა... - დიდი მწერლის ერთადერთი სიყვარული
"სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება", - ასე ამთავრებს "არსენა მარაბდელს" მიხეილ ჯავახიშვილი. მართლაც ასეა. ოდესღაც ყველაზე ჩამორჩენილი მხარის, ძველად ბორჩალოდ წოდებული (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ორი მივარდნილი და მივიწყებული სოფელი წერაქვი და სიონი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, რადგან იქ დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა და გაიზარდა.
მიხეილი 1880 წლის 8 ნოემბერს დაიბადა სოფელ წერაქვში. მოგვიანებით ოჯახი მეზობელ სოფელში, სიონში გადასულა საცხოვრებლად. მიხეილი თავის გვარზე წერდა: "ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს ქართლში კაცი შემოკვდომია. იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკიშვილი აუღია. შემდეგ ბორჩალოში რომ გადმოვედით, ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით, პაპაჩემი ადამა იყო და ამიტომაც გავხდით ადამაშვილები. მოგვიანებით მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩემი გვარი".
მიხეილი ჯერ წინამძღვრიანთკარში, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სწავლობდა. ყირიმში სწავლა ვერ დაასრულა ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. მიხეილი მარტოდმარტო დარჩა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფის ადამიანი გამოდგა. დარდს თავი არ მისცა, არ მოეშვა და სწავლა-განათლებას დაეწაფა. ამიერიდან მას მარტოს უნდა გაეკაფა ცხოვრების რთული გზა. ადვილად და უწვალებლად არაფერი მოსვლია. მისი ყველაზე საყვარელი საქმე კი წერა იყო.
მალე მწერლობის გზას დაადგა და პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებისთანავე მოიხვეჭა სახელი. 1903 წელს მისი პირველი მოთხრობა "ჩანჩურა" გამოქვეყნდა. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში.

სამშობლოს მონატრებამ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლება არ მისცა. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. ცოტა ხანში დააპატიმრეს, გადაასახლეს და 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა.
მიხეილმა და ლუბა ჯაჭვაძემ ერთმანეთი ვლადიკავკავში გაიცნეს და 1912 წლის 1-ელ აპრილს იქორწინეს. თავად ლუბა მიხეილთან შეხვედრას ასე იხსენებს: "1912 წლის 13-14 იანვარი იყო ძველი სტილით. ეს თარიღი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარია, რადგან აქედან დაიწყო გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. 1911 წლის ივნისს დავამთავრე ვლადიკავკავის ოლღას სახელობის გიმნაზია. მინდოდა სწავლის გაგრძელება მოსკოვში, მაგრამ არ მოხერხდა, ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა. მოსკოვში გამგზავრების იმედით ვლადიკავკავს კარგა ხნით შემოვრჩი. ალბათ, ესეც ბედი იყო... ახალი წელი ახლოვდებოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ახალი წლის ღამეს გვემკითხავა, გაგვეგო, ვის რა გველოდა. მე ჭიქაში ჩავასხი წყალი და შიგ ბეჭედი ჩავდე. დიდხანს ვიყურებოდი და მერე თანდათან მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ შუშაბანდი, კარები, მერე კი კაცი პროფილში, შავი წვერი ჰქონდა და სადღაც შორს იყურებოდა. ეს იყო და ეს. ამაზე ბევრი ვიცინეთ და ამით გათავდა ჩემი მკითხაობა".
როცა ლუბა ჯაჭვაძემ მომავალი მეუღლე გაიცნო, მაშინვე თვალწინ დაუდგა ის სურათი, რაც ახალი წლის ღამეს, მკითხაობის დროს ბეჭედში დაინახა. ლუბას სიკვდილამდე უკვირდა ეს და ქალიშვილებთან, ქეთევანსა და რუსუდანთან, ხშირად იხსენებდა მკითხაობის ამბავს. პირველად მან მიხეილი სწორედ იმ შუშაბანდში დაინახა და იცნო ის წვერიანი კაცი, ბეჭედში რომ გამოისახა.
ლუბა ჯაჭვაძე ძალიან ლამაზი გოგო იყო. მიხეილი მასზე ბევრად უფროსი გახლდათ, მაგრამ როცა ცოლობაზე წინადადება მიიღო, არც დაფიქრებულა, თანხმობა უთხრა. ქორწინების შემდეგ როსტოვში წავიდნენ, სადაც მიხეილი გადასახლების ვადას იხდიდა. მიხეილი დიდი პატივისცემით, ფაქიზად და სიყვარულით ექცეოდა ლუბას. მწერალს არასოდეს დაუმალავს, რომ ლუბა მისი ერთადერთი სიყვარული იყო. ცოლის აზრს ანგარიშს უწევდა და აფასებდა. შვილებს ერთხელაც არ ახსოვდათ, მამას დედისთვის ხმა აეწია და რაიმე უხეშად ეთქვა.