"ბურჟუების" წაშლილი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ბურჟუების" წაშლილი ცხოვრება

რომ არა ბოლშევიკების რისხვა, ფოტოზე გამოსახული ქართველი მეცენატების ოჯახი დღეს საყოველთაოდ ცნობილი იქნებოდა. ერის წინაშე უამრავი დამსახურების მიუხედავად, ყარამან დათეშიძის შვილებმა კომუნისტებისგან დაუმსახურებელი სიძულვილი და სასჯელი მოიმკეს. საბედნიეროდ, არქივებს შემოუნახავს მათი კეთილშობილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ცნობების თანახმად, რაჭველი დურგლის ბესარიონ დათეშიძის ვაჟი, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში გაზრდილი ყარამანი, მოგვიანებით მეტყევე გამხდარა და დიდი ქონება დაუგროვებია. ქუთაისში მან საშენი მასალების პირველი წარმოება დააფუძნა და პირველი ხეტყის სახერხი ქარხანა ააშენა, საიდანაც მასალით დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქი მარაგდებოდა.

რაჟდენის გარდა ყარამან დათეშიძეს ჰყავდა ოთხი ვაჟი - ბესარიონი (კონსტანტინე), პარმენი, ივანე და გრიგოლი და ორი ქალიშვილი - ელისაბედი (ლიზა) და თამარი. მამის გარდაცვალებამდე შვილები გერმანიაში სწავლობდნენ. 1909 წელს ევროპიდან ჯერ რაჟდენი ჩამოვიდა შემდეგ - ბესარიონი და ხეტყის ქარხნები ააშენეს. ბიზნესის განვითარებასთან ერთად კი ქართული კულტურის განვითარებაზე ზრუნვაც დაუწყიათ.

რაჟდენ დათეშიძის ქველმოქმედებას ადასტურებს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მარკებიანი და გერბიან ბეჭედდასმული სააქტო ქაღალდი. 1918 წლიდან 1919 წლის 15 მაისის ჩათვლით მან 25 000 ოქროს მანეთი გაიღო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი თბილისის ოპერის თეატრის დასის სარჩენად, რითაც დასი - დაშლას, თეატრი კი დახურვას გადაარჩინა.

1919 წელს, როდესაც გალაკტიონ ტაბიძე გამოჩნდა ლიტერატორთა საზოგადოებაში, რაჟდენს პოეზიის მომავალი მეფის ლექსების პირველი კრებულის გამოსაცემად თანხაც გაუღია და ახალგაზრდა შემოქმედისთვის გვარიანი ჰონორარიც გადაუხდია.

რაჟდენი ცდილობდა, პირველი ყოფილიყო ყველაფერში, რაც მისი ერის კულტურულ წინსვლას წაადგებოდა, ამიტომაც თანამოაზრეებთან ერთად ბანკში საკრედიტო ანგარიში გახსნა და რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული ფილმის - "ქრისტინეს" გადაღებაში დაეხმარა.

1912 წლის 17 ივნისს ქუთაისის ინტელიგენციის წარჩინებული წარმომადგენლების ინიციატივით დაარსებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების გამგეობაში რაჟდენ დათეშიძეც აურჩევიათ, რის შემდეგაც მან საზოგადოებას ოჯახში შემონახული ოქროს და ვერცხლის ძველი მონეტები, XVII საუკუნით დათარიღებული "ვეფხისტყაოსანი", იშვიათი სურათების კოლექცია გადასცა. ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი მეცენატი მუდმივად ეხმარებოდა ეკონომიკურად გაჭირვებულ მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დათეშიძეების ოჯახი, ისევე, როგორც სხვა ქართველი "ბურჟუები", ბოლშევიკებმა აითვალწუნეს. არსებობს ვერსია, რომ რაჟდენი მოკლეს. ქართველი მეცენატი 1926 წელს, ბერლინთან ახლოს, საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. 1937 წელს დააპატიმრეს მისი ძმა გრიგოლი. 1938 წელს ბესარიონიც გაუყენეს გულაგის გზას, სადაც 1942 წელს დახვრიტეს. ქუთაისში, დათეშიძეები არა მხოლოდ გამოასახლეს, არმედ მთელი ქონება ჩამოართვეს. ყარამანის ქვრივი, შვილების ბედით სვეგამწარებული და უსახსროდ დარჩენილი მართა, ცდილობდა, ქონება დაებრუნებინა, თუმცა ამაოდ. საბჭოთა ხელისუფლებამ ოჯახის გაუბედურება არ იკმარა და სცადა, საქართველოს ისტორიიდან ყარამან და რაჟდენ დათეშიძეების ღვაწლი სამუდამოდ წაეშალა...

(სპეციალურად საიტისთვის)