“როდესაც თათა უკრავს, ყველაფერი უსიამოვნო ქრება, გულსა და სულში ანგელოზები გალობენ“ - კვირის პალიტრა

“როდესაც თათა უკრავს, ყველაფერი უსიამოვნო ქრება, გულსა და სულში ანგელოზები გალობენ“

საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი…. აი, ის მარშუტები, რომელიც თბილისის კონსერვატორიის სტუდენტის, თათა კვანტალიანისათვის მოგზაურობად იქცა - კონცერტიდან კონცერტამდე. ისე, როგორც ღამის მოწმენდილ ცაზე, მოგზაურობენ ვარსკვლავები, რომელთაც სიამოვნებით ვუმზერთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამხელა შრომას ეწევიან ასეთი გოგონები( ან ბიჭები), რამდენ დროს ატარებენ ინსტრუმენტთთან, რომ თავადაც იქცნენ "ვარსკვლავებად".

მისი სახელი უნდა დავიმახსოვროთ - მუსიკალური საქართველოს ცაზე ახალი ვარსკვლავი იბადება, რომელიც მომავალში კიდევ მეტ აღიარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. თათას ნიჭი ამ დღეებში ათენში გაბრწყინდა, ადგილობრივი მაყურებლის ცრემლისა და სულისშემძვრელი ემოციების ფონზე.

როდესაც თათა უკრავს, ყველაფერი უსიამოვნო ქრება, გულსა და სულში ანგელოზები გალობენ, - აი, რას ამბობს მასზე უცხოელი მაყურებელი. ასეთებად მაშინ იბადებიან, როდესაც დიდი ნიჭს დიდი შრომა ერთვის.

cekmpz1k-1777381891.jpg

- ვინც იცის, რამხელა შრომაა საჭირო პიანისტის აღიარებისათვის. არადა ვიცი, რომ სწორედ ბავშვობიდანვე უკრავდი პატრიარქთან. მას არ გამოეპარებოდა შენი მუსიკის მშვენიერება...

- მე ის მახსოვს, როგორ მიხაროდა პატრიარქთან მისვლა და დაკვრა, როგორი სიხარულით მივდიოდი. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, სწორედ ეს სიხარულია ის, რაც მომენტალურად გავიწყებს ნებისმიერ მძიმე შრომას, რაც პიანისტებს გვჭირდება. და კიდევ ესეც: როდესაც უცხოელ მაყურებელს აინტერესებს შენი ქვეყანა, სად დაიბადა შენი მუსიკა, რომელმაც ისინი შეძრა, ამ დროსაც ყველა სიმძიმე ქრება და ჩნდება სიამაყე და სიხარული. რომ შენი ქვეყნისთვის რაღაც გააკეთე. ჩემი წარმატება ჩემი ცხოვრების სტიმულია. მთელი ბავშვობა ფილმისთვის მუსიკის დამწერაზე ვოცნებობდი და ეს სურვილი მხოლოდ მაშინ შევისრულე, როდესაც წარმატებას მივაღწიე. პროფესიონალიზმი შრომის გარეშე არ ასებობს, ამას გასწავლიან ჯერ ოჯახში და შემდეგ მასწავლებლები. უმართლებს მას, ვისაც პროფესიონალი პედაგოგი და ადამიანი შეხვდება. თბილისის კონსერვატორიაში სწორედ ასეთი პედაგოგები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება არ ფასობს, ეს ხალხი იღებს ყველაფერს, რომ პროფესიონალად გადაგაქციონ. ჩემი პედაგოგის, 80 წლის ბეჟან ნამგალაძის გაკვეთილებზე ლიმიტირებული დროც კი არ არსებობს, გაკვეთილზე შეიძლება თავს დაგაღამდეს კიდეც. კარგად ვიცნობ, მაგრამ მაინც სულ გაოცებული შევყურებ მის ამ ნიჭსა და ენერგიას.

19pxhbou-1777381891.jpg

- დიდი როლი აქვს ოჯახსაც - ნებისმიერს, ვინც წარმატებას მიაღწია და ჩვენი ქვეყნის სახელი ცნობადი გახადა, ჰყავს ოჯახის წევრები, რომელთაც შვილების წარმტებებისთვის პირადიც დათმეს.

- ასეა დედაჩემის შემთხვევაშიც, თუმცა, თავდადებულია არა მხოლოდ ჩემთვის... დედა ხელოვნებათმცოდნეა, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლის და თავისი მოსწავლეებისთვისაც იგივეს აკეთებს, რასაც ჩემთვის. ათენში, კონცერტზე, მისი მოწაფეები ჩემთან ერთად წარსდგნენ და მსმენელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. ათენის გასტროლები მართლაც გამორჩეული იყო. ზოგადად, არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, გერმანიაში ჩემი ვოკალური მონაცემებიც მოვსინჯე და მართლაც აღტაცებული მაყურებელი დავტოვე, მაგრამ ათენი გამორჩეული იყო, დიდი ადამიანის, ავთანდილ მიქაბერიძის დამსახურებით. მან გვიმასპინძლა, კონცერტისთვის ინსტრუმენტი შინიდან მოიტანა, რომ კონცერტი მაღალი დონის ყოფილიყო, როგორიც საქართველოს ეკადრებოდა. იგი ათენში ცხოვრობს, ქართველი მეცნიერია, - ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის, "კავკასიის" დამფუძნებელი და კიდევ უამრავი დიდი საქმის გამკეთებელი. ამავდროულად, საბერძნეთში ჩვენს ახალგაზრდებს პატრონობს და გზას უკვალავს.

- დაე ბევრი გვყავდეს ასეთი... თქვენ კი, კვლავ წარმატებებს გისურვებთ. რითაც არა მხოლოდ საკუთარ თავს, ჩვენს ქვეყანასაც ასახელებთ.

- ძალიან ვცდილობ და მართლაც ბედნიერი ვარ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას წარმოვჩენ.

( სპეციალურად საიტისთვის)