კიმ ჩენ ინს უკრაინელებთან ბრძოლებში 1 144 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაღუპვია, რომელთა ნაწილმა ტყვეობას თავის აფეთქება ამჯობინა
ჩრდილოეთ კორეის სახალხო -დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დიდ დახმარებას უწევს უკრაინის წინააღმდეგ ომში,ეს დიდი ხანია ცნობილია...
რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვი, ათი ათასობით უმართავი რაკეტა, ათობით თვითმავალი საარტილერიო დანადგარი-აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც უკვე მიაწოდა ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინაში საომრად,თუმცა ეს მთავარი არ არის...
2024 წლის 16 დეკემბრის „არსენალის“ ამავე ბლოგში, სტატიაში „კიმ ჩენ ინის ჯარისკაცებმა უკრაინელებს შეუტიეს: პირველი მსხვერპლი - არ ჩერდებოდნენ და არ გაჰყავდათ დაჭრილები“, ვწერდით: „...14 დეკემბერს პირველად დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეის საარმიო დანაყოფის პირველ რეალურ ბრძოლაში ჩართვა, კორეის ომის დამთავრებიდან 71 წლის შემდეგ და თანაც - ჩრდილოეთ კორეიდან თითქმის 7 ათასი კმ-ის დაშორებით...
მოხდა პირველი შეტაკება ჩრდილოკორეელებსა და უკრაინელებს შორის...
რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სუჯის რაიონის სოფელ მალაია ლოკნიასთან შედგა პირველი საბრძოლო შეტაკება ჩრდილოეთკორეელ და უკრაინელ სამხედროებს შორის, რითაც რუსეთ-უკრაინის ომი უკვე იძენს საერთაშორისო მასშტაბებს, რადგან საბრძოლო მოქმედებებში ერთვებიან მესამე ქვეყნის არათუ მოხალისეები, არამედ - რეგულარული არმიის დანაყოფები...
უკრაინული მხარე არ მალავს, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები და ოფიცრები მცირე-მცირე ჯგუფებით გადავიდნენ შეტევაზე და მიუხედავად იმისა, რომ დამიზნებითი ცეცხლით ხდებოდა მათი რიგების შემცირება, ისინი არ ჩერდებოდნენ, არ ახდენდნენ დაჭრილების ევაკუაციას და დაღუპულების ცხედრების გატანას...
ამის დასადასტურებლად უკრაინელები ავრცელებენ სადაზვერვო დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია ერთმანეთის გვერდით დაწყობილი 23 ცხედარი, აფეთქებული ტანკის კორპუსის გვერდით.
ეს არის პირველი საბრძოლო დანაკარგები იმ 11-ათასიანი ჩრდილოეთკორეული სამხედრო კონტინგენტისა, რომელიც კიმ ჩენ ინმა პუტინს დასახმარებლად ორიოდე თვის წინ გაუგზავნა...“
ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები და ოფიცრები 2025 წლის 26 აპრილამდე,სანამ უკრაინულმა საექსპედიციო კორპუსმა რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილი 263 დღიანი ოკუპაციის შემდეგ არ დატოვა,რუსეთის არმიასთან ერთად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მათი საბრძოლო დანაკარგები ძალზე გასაიდუმლოებული რჩებოდა...
და,აი,გუშინ კიმ ჩენ ინმა, რომელსაც საპატიო სტუმრის რანგში მიწვეული ჰყავდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი, ფხენიანში საზეიმოდ გახსნა „საზღვარგარეთის სამხედრო ოპერაციებში საბრძოლო გმირობების მემორიალური მუზეუმი“.
ამ მუზეუმის გახსნას მიძღვნილი ტელერეპორტაჟების ანალიზისას სამხრეთ კორეის დაზვერვამ გამოიტანა დასკვნა, რომ მუზეუმის შავი მარმარილოს კედელზე ამოტვიფრული იყო თითოეულ რიგში 143 სახელი და გვარი, ასეთი კი 8 რიგი იყო ანუ საერთო ჯამში 1 144 იმ ჩრდილოკორეელი სამხედროს ვინაობა ეწერა,რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეიძლება ეს ნაბიჯი პროპაგანდისტულად ჩაუთვალონ,მაგრამ უკრაინის ფრონტიდან დაბრუნებული მისი არმიის პირველი ნაკადის სამხედროებს და მათ შორის დაჭრილებს ის პირადად შეხვდა და დააჯილდოვა,ხოლო დაღუპულების სურათებს და მათ ჭირისუფლებს პატივი მიაგო და არა ისე, როგორც ეს პუტინს აქვს ერთი-ორჯერ გაკეთებული.
თავიდანვე ცნობილი იყო,რომ პუტინის არმიის დასახმარებლად კიმ ჩენ ინმა 11 ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო გააგზავნა და თუკი მათი 10%-ი უკრაინელებთან ბრძოლებში დაიღუპა,მაშინ დაჭრილი ჩრდილოკორეელების რიცხვი არანაკლებ 3 ათასი მაინც უნდა იყოს, რაც საერთო ჯამში იმაზე მიუთითებს,რომ რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციის პერიოდში უკრაინის საექსპედიციო კორპუსს „გულიანად უმუშავია“, მითუმეტეს, რომ მათ სამიზნეს მარტო ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები არ წარმოადგენდნენ, რუს სამხედროებსაც კარგი დღე არ დაადგათ.
ჩრდილოკორეელი სამხედროების პირადი შემადგენლობის დაუბრუნებელ საბრძოლო დანაკარგში ანუ დაღუპულებში,ბევრი ისეთი იყო,რომლებიც გადარჩებოდნენ, მაგრამ მათმა ნაწილმა ტყვედ ჩაბარებას თავის აფეთქება არჩია... მხოლოდ ორად-ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეა ოფიციალურად დაფიქსირებული...
ხელყუმბარებით „ჰარაკირის“ გაკეთება ან ჩრდილოკორეულმა ძლიერმა კომუნისტურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა კიმ ჩენ ინის ჯარისკაცებს ან კიდევ ისინი წინასწარ გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, სამშობლოში მათ ოჯახების წევრებს დიდი პრობლემები გაუჩნდებოდათ...