წმინდა გიორგი-ქრისტეს ახოვანი მხედარი - კვირის პალიტრა

წმინდა გიორგი-ქრისტეს ახოვანი მხედარი

დღეს გიორგობაა - წმინდა გიორგის ბორბალზე გაკვრის დღე და მისი რამდენიმე თვიანი წამების დასააწყისი. ეს დღესასწაული მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. გადმოცემით,

იგი წმინდა ნინოს დაუწესებია, რომელიც დიდმოწამის ახლო ნათესავი იყო და პირველი ტაძარიც საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე სწორედ მას აუგია.

23 ნოემბერი წმინდა გიორგის გოლგოთის დასაწყისია.

მამა - გერონტიოსი, ღრმადმორწმუნე ქრისტიანი, კაბადოკიელი მესხი, რომელიც რომის არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ქრისტიანთა მორიგი დევნისას რომაელი მხედრიდან ქრისტეს მხედრად იქცა და მის მოწამეთა რიგებს შეუერთდა.

დედა-პოლიტრონია, წარმოშობით პალესტინელი, რომელსაც საგვარეულო მამული ქალაქ ლიდის მახლობლად ჰქონდა. ასევე ღრმადმორწმუნე ქრისტიანი დაქვრივების შემდეგ კაბადოკიიდან პალესტინაში დაბრუნდა და შვილსაც ქრისტეს სიყვარულსა და სასოებას შეაგონებდა.

თავად გიორგი - ულამაზესი და უმამაცესი ჭაბუკი, რომაელთა ჯარის მხედართმთავარი, იმპერატორის, დიოკლეტიანეს, პირადი მცველი და მისი რჩეული, სასურველი სასიძო და მემკვიდრე რომის საიმპერატორო ტახტზე.

თავიდან იმპერატორი არათუ სდევნიდა ქრისტიანებს, მათ საკუთარი სალოცავის აგების უფლებაც კი მისცა. მაგრამ მერე... მერე თავისი ცნობილი დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ნება, დაუსჯელად გაენადგურებინა ქრისტიანები. მისი ბრძანებითვე მისცეს ცეცხლს სწორედ მისივე ნებართვით აშენებული ქრისტიანული ტაძარი და მასში მყოფი მლოცველებიც შიგ გამოწვეს. მთელი იმპერია ქრისტიანთა დევნის საშინელმა ტალღამ მოიცვა. და სწორედ მაშინ, როდესაც მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ამ საშინელ განსაცდელს და უარყო ქრისტე, წმინდა გიორგიმ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და იმპერატორის წინაშე წარსდგა, რათა ახოვნად ეღიარებინა ჯვარცმული მაცხოვარი.

სახელი რომ ჰკითხეს, მიუგო: "ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი." შეაგონებდნენ, უარი ეთქვა ქრისტიანის საპატიო წოდებაზე და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის, მაგრამ გიორგი კადნიერად ამხელდა მათ უგუნურებას და სთხოვდა, ეღიარებინათ ჭეშმარიტი ღმერთი.

ამ კადნიერებამ უზომოდ განარისხა დიოკლეტიანე და გიორგის ხეზე დაკიდება და ლახვრით გამოფატვრა ბრძანა, მაგრამ, როგორც კი იარაღს მიაკარებდნენ, ცეცხლში ნაწრთობი რკინა მაშინვე რბილდებოდა და იდრიკებოდა. და იმპერატორმა ბრძანა, გიორგი საპყრობილეში წაეყვანათ და მკერდზე ლოდი დაედოთ, ხოლო მისი სამაგალითო დასჯა მეორე დღისათვის გადადო.

გადმოცემის თანახმად, სწორედ გიორგის საწამებლად შექმნეს სპეციალური იარაღი, რომელიც ბასრი დანებით იყო აღჭურვილი და ნაწილებად ჭრიდა პყრობილს. ნაწამები ადამიანი ტკივილისაგან გონებას კარგავდა, მისი სხეული კი სწრაფად იცლებოდა სისხლისაგან. წმინდა გიორგი სწორედ ამ ბორბალზე დააკრეს. თავიდან ხმამაღლა მადლობდა და განადიდებდა უფალს, ხოლო შემდეგ გულში განაგრძობდა ლოცვას. დადუმებული რომ იხილეს, იფიქრეს, მოკვდაო და მიატოვეს მისი ბორბალზე გაკრული დანაკუწებული სხეული. მაგრამ უცებ გაისმა ხმა: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" და ზეციდან გადმოსულმა ანგელოზმა საკრველთაგან განათავისუფლა სრულიად გამთელებული სხეულით. წმინდა გიორგი არსად გაქცეულა-პირდაპირ დიოკლეტიანესთან მივიდა, რათა ეჩვენებინა, რამდენად ძლიერია მისი ღმერთი; რომ ჭეშმარიტი რწმენა ჭეშმარიტ სიცოცხლეს აძლევს ადამიანს. ამ სასწაულის მხილველმა იმპერატორის ორმა მხედართმთავარმა, თავიანთ ოჯახებთან ერთად, აღიარა ქრისტე, მაგრამ გონებადაბნელებულმა იმპერატორმა ეს ყველაფერი მზაკვრულ ძალებს მიაწერა, აღმსარებლების სიკვდილით დასჯა ბრძანა, ხოლო წმინდა გიორგი კირით სავსე მხურვალე ორმოში ჩააგდებინა. სამი დღის შემდეგ მისი ძვლების გამოსაკრეფად მივიდნენ, მაგრამ წმინდანი თავისი ფეხით გამოვიდა და ხმამაღლა განადიდებდა უფალს. იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა და აღიარა ქრისტე, რომელმაც საკვირველ ჰყო ძალი თვისი წმიდათა შორის თვისთა. მაშინ ლურსმნებიანი რკინის ჩექმები ჩააცვეს გიორგის. გავარვარებული რკინა ფეხებს უწვავდა მოწამეს, ლურსმნები კიდევ უფრო აუტანელ ტკივილს აყენებდა და სიარული ვეღარ შეძლო გიორგიმ. და, როდესაც ძალით მიმოათრევდნენ, შეჰღაღადა უფალს: "ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: "სადა არს ღმერთი იგი მისი!" ლოცვის დასრულებისთანავე მოესმა ხმა: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" და მყისიერად განიკურნა წამებული. ამ სასწაულმა კვლავაც უამრავი ადამიანი მოაქცია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად განარისხა დიოკლეტიანე და ახლა გამათრახება ბრძანა ურჩისა საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული მათრახებით. მერე, მწარედ გვემულს, სასწაულის აღსრულება მოსთხოვეს-საფლავთან მიიყვანეს და, მიცვალებული მკვდრეთით აღადგინეო, უთხრეს. იცოდა, რომ სასწაულს ნათესავი ურწმუნო და მემრუშე ეძიებს, მაგრამ გარს შემოჯარული უამრავი ადამიანის გონს მოსაყვანად ილოცა და... საფლავის კარი განაღო მკვდრეთით აღმდგარმა.

მაშინ საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ იქაც დაუღალავად ქადაგებდა ქრისტეს. ხალხი ქრთამს აძლევდა მის მცველებს, რომ მისი ნახვა შეძლებოდათ. იქაც უამრავი სასწაული აღასრულა, უამრავი ადამიანი მოაქცია-მთელი საპყრობილე ქრისტეს ტაძრად აქცია.

რადგან წამებით ვერაფერს გახდნენ, ახლა დაპირებებით მოისურვეს მისი შეცდენა. იმპერატორმა სიმდიდრე და პატივი აღუთქვა, უკეთუ კერპს შესწირავდა მსხვერპლს, ხოლო თავად "სთხოვდა", შეენდო, ამდენი ტანჯვა რომ მიაყენა. გიორგიც დასთანხმდა, რაკიღა შეინანე, წამოდი, შევწიროთ მსხვერპლი აპოლონსო. საკერპოში შესულმა გიორგიმ ჯვარი გადასახა ბომონს და ყველა კერპი ერთბაშად დაიმსხვრა. კვლავ უამრავმა ადამიანმა აღიარა ხმამაღლა გიორგის ძლევამოსილი ღმერთი, მათ შორის, დიოკლეტიანეს ცოლმაც, რომის იმპერიის დედოფალმა. და იმპერატორმა ბრძანა, დედოფალიცა და გიორგიც ქალაქგარეთ გაეყვანათ და თავი მოეკვეთათ. სიკვდილის წინ ილოცა გიორგიმ, თავისი ჯალათებისათვის შენდობა და სულიერი განათლება გამოითხოვა. ასევე, შესთხოვა უფალს: "მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუკი ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან... უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი... რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმინდე ბიწიერებისაგან. " როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა, ზეციურ სასუფეველში მოუწოდა და აღუთქვა: "ვინც შენს სახელს მოიხსენიებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან!"

და წმინდა გიორგიმ მორჩილად მიუშვირა ქედი ჯალათის მახვილს. ეს მოხდა 303 წლის 23 აპრილს (ახალი სტილით, 6 მაისს), დილის 7 საათზე.

23 ნოემბერი წმინდა გიორგის ჯვარზე გაკვრისა და რამდენიმე თვიანი გოლგოთის დასაწისია. და ეს დღესასწაული მართლმადიდებლური ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ალბათ, იმიტომ რომ ასეთი მრავალსაუკუნოვანი გოლგოთა სწორედ ჩვენ გამოგვივლია ქრისტესათვის ქრისტესაკენ სავალ გზაზე. და, ნაწილ-ნაწილ დაჩეხილი ჩვენი მიწა-წყლის შემხედვარენი, თუკი არ დავკარგავთ სასოებასა და რწმენას, ჩვენც მოვისმენთ: "ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ!"

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად სატისათვის)