რა კითხვები გაჩნდა ფართომასშტაბიან ამნისტიაზე - კვირის პალიტრა

რა კითხვები გაჩნდა ფართომასშტაბიან ამნისტიაზე

ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობისგან კონკრეტულ მონაცემებსა და შეფასებებს ელოდება და ამ მხრივ ძირითადი აქცენტი შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებზე კეთდება. ამ ეტაპზე კვლავაც უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად და რამდენს შეუმსუბუქდება სასჯელი.

"ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია არ დაიძაბოს ქვეყანაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პირობას დებს, რომ ამნისტიის შედეგად კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესდება... თუმცა ასეთი განცხადებების კვალდაკვალ აქტუალობას არ კარგავს საზოგადოების უსაფრთხოების თემა და ამ პროცესის დადებითი და უარყოფითი მხარეები საზოგადოების მუდმივი განსჯის საგანია.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარმოდგენილია, თუმცა, პირველ საკომიტეტო მოსმენაზე, კანონპროექტის კენჭისყრა ვერ შედგა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გაუჩნდათ.

აღნიშნულ მოსაზრებებთან შენიშვნები აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც. როგორც ორგანიზაციის იურისტი ლინა ღვინიანიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მათი მოსაზრებები დაფიქსირებულია კომიტეტებში და იმედოვნებენ, რომ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევა.

- ნებისმიერი ამნისტიის მიზანი გარკვეულ პირთა მდგომარეობის შეცვლა, მათთვის დაკისრებული სასჯელის მოხსნა და შეღავათის დაკისრებაა. თუმცა, ნებისმიერი ამნისტიის დროს მნიშვნელოვანია, რამდენად მიზანშეწონილია მისი განხორციელება, არის თუ არა გონივრული მისი გამოცხადება. იმისთვის, რომ ამნისტიის შინაარსი სწორად შეფასდეს, აუცილებელია იმ პირებზე ბევრი ინფორმაცია მოგროვდეს, რაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ არსებობს.

- მაშ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება?

- ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ვერ ვიპოვეთ კანონპროექტის ინიციატორების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათი. არც იმის შესახებ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენ პირს ეხება ამნისტია. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური, მაგრამ არ ვიცით დანაშაულში ბრალდებულთა რა კატეგორიას ეხება. ამასთან, ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ვიცით, რომ ამ დროისთვის 36 ათასზე მეტი ადმიანია პირობითი მსჯავრდებული, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროს ამნისტიის შემდეგ, ანუ ვის შეეხება და ვის არა.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა ამნისტიას თან ახლავს რისკი, რომ არ გამწვავდეს კრიმინოგენული ვითარება, თუმცა მათი შეფასებისთვის უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია უნდა გვქონდეს. რადგან ახლა საკმაოდ მასშტაბური ამნისტია იგეგმება, კანონპროექტის ინიციატორებმა ის მაინც უნდა წარმოადგინონ, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დატოვებს საპყრობილეს და სახელმწიფოს რა მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ დანაშაულის პრევენცია მოახდინოს. ეს გეგმა დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.

- კონკრეტულად რა მუხლით დაკავებულ პატიმრებს შეეხება ამნისტია?

- ეს კიდევ ერთი დეტალია, არ არის დასაბუთებული თუ რა ტიპის დანაშაულებს შეეხო ამნისტია და რა პრინციპით შეარჩიეს ესა თუ ის მუხლი. უბრალოდ, კანონში არის მითითებული მუხლი, რომელსაც ეხება ამნისტია, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის, თუ რამდენ ადამიანზე ახდენს გავლენას და ამ მუხლით რამდენი დატოვებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებას. კითხვას ბადებს კიდევ ერთი ფაქტორი, - ამნისტია შეეხო ისეთი მუხლით ბრალდებულ პატიმრებს, როგორიც არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა... ანუ ძალიან ბევრი ისეთი მუხლია, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ამასთან, როდესაც ამნისტიაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ამ პროცესის შემდგომ ამნისტირებულების რეაბილიტაცია, სამედიცინო პროგრამებში ჩართვა, დასაქმება. ბევრი აღიარებს, რომ ციხეში წამების მსხვერპლი იყო და მას ფსიქორეაბილიტაცია სჭირდება. თუმცა ამაზე პროექტის ინციტოართა განმარტება არ არსებობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)