ჩვენი ქალები - კვირის პალიტრა

ჩვენი ქალები

ამას წინათ ტელევიზიით ზუგდიდელი გარემოვაჭრეების აქცია ვნახე, - გარევაჭრობის აკრძალვით აღშფოთებული ქალბატონები გამგებლის კაბინეტის შტურმით აღებას ლამობდნენ და არც თუ უშედეგოდ, - ისე ჩანდა, რომ გამგებლის დსაცავად კარში ჩამდგარ პოლიციელებს ჰა და ჰა გადათელვადნენ, გამგებელს ხელში ჩაიგდებდნენ და შავ დღეს აყრიდნენ. იქვე კადრების შესატყვისი განწირული კივილიც ისმოდა. საბედნიეროდ, პოლიციელებმა იმარჯვეს და გამგებელიც გადარჩა. ასე რომ, აქ არაფერი იყო უცხო, - ჩვენ ხომ ასეთი კადრები სხვა დროსაც მრავალი გვინახავს და ძალადობის ძალადობით ჩახშობის მოწმენიც მრავალჯერ ვართ.

ამის მიუხედავად, მაინც ძალზე ძნელია იმ ადამიანების ცქერა, ვისაც აგრესია სახეს უკარგავს. არ მგონია, რაიმეს გადაჭარბებულს ვამბობდე, - მსგავსი აგრესიების დროს რატომღაც ადამიანებს სახეები ისე უმახინჯდებათ, რომ კარგად თუ არ დააკვირდი, შეიძლება ვერც იცნო.

რა იწვევს ამას? ფსიქოლოგიური სტრესი როგორ ამახინჯებს ადამიანს? ალბათ, ძლიერი სტრესი ადამიანს კონტროლსაც აკარგვინებს და სახესაც... აღნიშნულ შემთხვევაში მსგავსი სიძლიერის სტრესი ქალბატონებს გარევაჭრობის აკრძალვამ მიაყენა. ეს ქალბატონები ხომ ხშირად ოჯახში ფულის ერთადერთი შემტანები არიან - სწორედ ამიტომ შეიპყრო ისინი შიშმა, მათთვის გარევაჭრობის აკრძალვა შვილების, ქმრების, დედ-მამის საარსებო ლუკმის დაკარგვას ნიშნავს.

ანუ რა გამოდის? თუ ერთი მხრივ ეს ქალბატონები საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის გაღიზიანებას იწვევენ თავიანი აგრესიით, მეორე მხრივ ისინი გულჩვილები და მოსიყვარულეები არიან თავიანთი ახლობლების - იმათ მიმართ, ვისთვისაც შრომობენ. და არა მხოლოდ, - ფაქტობრივად ისინი მსხვერპლად ეწირებიან ოჯახებს, რადგან ბუნებრივი პირობების მიუხედავად, დარში თუ ავდარში, ყინვასა თუ პაპანაქებაში მზად არიან, ქუჩებში - მტვერსა და ტალახში ისხდნენ და ნაადრევად დაბერებულებმა, გაუხეშებულებმა დღის განმავლობაში 10-14 საათი იმუშაონ. შემდეგ მონური შრომით ნაშოვნი ფული შინ მიიტანონ და აღმოჩნდება, რომ ეს თანხა მათი შვილების ელემენტარულ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან ცხოვრება, რომელმაც მათ ქალის სახე დაუკარგა, თვალსა და ხელს შუა ძვირდება.

ჩვენ შეიძლება ძალიანაც კი გვწყინს, მაგრამ სრულიად ბუნებრივია, ქუჩებსა და ბაზრებში გამწესებული, მტვრისა და მანქანების გამონაბოლქვით ხმაჩახლეჩილი ქალბატონები რატომ არიან ასეთი აგრესიულები. მაშინაც კი, როცა ჩვენ არაფერ შუაში ვართ, უკან ისეთი სიტყვები მოუყოლებიათ, რომ ბრაზი ყელში გაგვჩხერია. მაგალითად: "გაიარე, გაიარე!" "რას მომშტერებიხარ! იდიოტი!" "გამომივიდნენ აქ ჭკუის დამრიგებლები!" "ამას უყურე ერთი, რას ჰგავს, მახინჯი!" და ა. შ. არც ის არის გასაკვირი, თუ "ჩვეულებრივ" - მამაკაცურ გინებასაც გაიგონებ მათი პირიდან. ეს ქალბატონები ხომ მამაკაცებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ ოდესღაც ქალად შექმნა ბუნებამ.

ამ ადამიანების უმეტესობას ქუჩური ლექსიკონი ცხოვრების ტალახში ჯდომამ შეუდგინა, - გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც. ამასთანავე რადგან ყველაფერმა შეჩვევა იცის, ისინი ამ ტალახმა მიიჩვია კიდეც, ვეღარ წარმოუდგენიათ სხვანაირად. უკვე ის აზრიც კი აფრთხობთ, რომ შეიძლება ამ ტალახთან განშორება მოუწიოთ. ვერც გაამტყუნებ, - უკეთესის შეთავაზების პრაქტიკა ხომ ჩვენს სახელმწიფოში აპრობირებული არ არის. ჩვეული გარემო მათთვის იმის გარანტიც არის, რომ ქუჩაში გარევაჭრობის გადასახადი შედარებით მცირეა და დღის ბოლოს იმდენ ფულს არავინ გამოართმევს, შინ ვეღარაფერი წიაღონ. გადახურულ შენობაში ვაჭრობა კი იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო ადგილი გასამმაგებული ფასი ღირს და ეს კიდევ მეტად დააწვებათ მხრებზე.

ეს ყველაფერი დანარჩენ საზოგადოებას ამ ქალბატონებისაგან აშორებს და მათ აგრესიასაც ამძაფრებს. ამ აგრესიის პირისპირ თავადაც სულ ცოტა ხნის წინ, ნავთლუღის ბაზარში ფოტოების გადაღების დროს აღმოვჩნდი, - ღმერთმა იცის, რომ მათ მიმართ ცუდი განზრახვა არ მქონია, - ჟურნალისტს საზოგადოებრივი ცხოვრების ასახვა ევალება და მეც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ხშირად ვიღებ ფოტოებს. თუმცა იმ დღეს ფოტოაპარატის ერთი უმტკივნეულო ჩაჩხაკუნება სულაც არ გამოდგა ჩემთვის უმტკივნეულო, - გაყინული, წვიმისგან გალუმპული ქალბატონები წამომივარდნენ და მათი ფოტოების წაშლა ერთხმად მომთხოვეს, - ასი წელიწადია სურათი არ გადაგვიღია, შენ რატომ გვიღებო!

ცხადია, არ გადაუღიათ, ფოტოს გადაღება ხომ მაშინ სიამოვნებს ქალს, როცა იცის, რომ სურათზე ლამაზი გამოჩნდება და არა მონური შრომისაგან სახეშეცვლილი და გაუბედურებული.

სიმართლე გითხრათ, მეც გული მტკივა ფოტოებზე აღბეჭდილი ასეთი სახეების დანახვაზე, მაგრამ მაინც ვიღებ, - ეს ის ცხოვრებაა, სადაც ჩვენი ქალები მტვერსა და ტალახში სხედან და სახეს ჰკარგავენ. ჩვენ და მათი შვილები კი მათ ვკარგავთ და ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE