10 წიგნი, რომელიც მსახიობებმა თბილისის წიგნის ბაზრობაზე წარადგინეს
თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, თეატრისა და კინოს მსახიობებმა ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები წარადგინეს. ორი დღის განმავლობაში "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონის საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა თაობის ცნობილი არტისტები, რომლებიც პროექტის ავტორმა და მსახიობმა ნინო კასრაძემ ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით გააერთიანა.
პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“ 2018 წლიდან უჭერს მხარს კომპანია სილქნეტი, რითაც სულ უფრო მეტ წიგნის მოყვარულს ეძლევა შესაძლებლობა დაინტერესდნენ იმ ლიტერატურით, რასაც ხელოვანები ურჩევენ მკითხველს.
რა წიგნები შეარჩიეს მსახიობებმა წელს:
ნინო კასრაძე - აინე მერმეს „ეუარა“
ეს ქართველი მწერლის და მუსიკოსის (ნატუკა ნაცვლიშვილის) სადებიუტო რომანია. ავტორი ავანგარდულად, არასწორხაზოვანად აღწერს გზას თვითშემეცნებისკენ და ქალის მიმართ კულტურაში არსებულ სტერეოტიპებს.

კახა კინწურაშვილი - ირაკლი ლაითაძის „იყო ასეთი ქვეყანა“
ავტორი მიმართავს დოკუმენტური პროზის ჟანრს. არის თვითმხილველი ყველა იმ მოვლენისა, რომელსაც ასე გულწრფელად ყვება საბჭოთა ყოფაზე.
სანდრო სამხარაძე - ივა ფეზუაშვილის “ედელვაისები”
რომანი სასიყვარულო წერილია, რომლის ადრესატები არიან: ლიტერატურა, სამშობლო და სატრფო. ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა კაცის პერსპექტივიდან გვიყვება.
ანკა ვასაძე - ისააკ ბაშევის ზინგერის “მონა”
მსოფლიო ბესტსელერი პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის რომანია. ავტორი მე-17 საუკუნის პოლონეთს აღწერს: ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრებას, ორი რელიგიის, ორი ხალხის, ორი ტრადიციისა და წეს-ჩვეულებების თანაარსებობის სირთულეებს.
თორნიკე ბზიავა - ჟან პოლ სარტრის „ცხრაკლიტული“
პიესა დაწერილია 1944 წელს და იმავე წელს დაიდგა. სამი პერსონაჟი ჯოჯოხეთში ხვდება და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ცოდვებს, ცდილობენ ჩაკეტილი სივრციდან თავის დაღწევას, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთის ჯალათები არიან.

ანი ტყებუჩავა - სოფიო მორჩილაძე - ცხოვრების დაუმთავრებელი წიგნი
ავტორმა ორი სხვადასხვა ეპოქა გამოიარა და თავის მოგონებებში აღწერს ცხოვრების ყველა ეტაპს. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, რამდენიმე საშუალო სკოლის დირექტორი, პროფესიონალი, რომელიც ცხადად ხედავდა სისტემის დანაშაულსაც და ფარისევლობასაც.
თინა ლაღიძე - ნუცა ღოღობერიძის “ვალსი პეჩორაზე”
მოთხრობები დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით გამოირჩევა და აღწერს უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას.
სოფო ზერაგია - იოკო ოგავას “მეხსიერების პოლიცია”
ალეგორიული რომანი დიქტატორულ რეჟიმებში ადამიანის, მისი მეხსიერების გაქრობის ლიტერატურული სურათია. რომანს ორიგინალში „დამალული კრისტალი“ ჰქვია, რაც იაპონურ მითოლოგიას უკავშირდება, თუმცა, თავად ავტორის თანხმობით ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ახლა უკვე ქართულ ენაზეც მას „მეხსიერების პოლიცია“ ეწოდა.
ანი იმნაძე - კლერ ლესლი ჰოლის “გახლეჩილი მიწა”
ავტორის გამორჩეული თხრობის სტილის წყალობით, რომანში წარსული, აწმყო და მომავლის მოვლენები ოსტატურად იხლართება ერთმანეთში, პასუხგაუცემელი კითხვები მკითხველს ბოლო გვერდამდე არ უნელებს ინტერესს და დააფიქრებს ქალის პერსპექტივით დანახულ მძაფრ და ინტიმურ თემებზე.

ანა ნიკოლაშვილი - ჯენი ერპენბეკის “კაიროსი”
რომანი ერთი ქვეყნის, მისი იდეოლოგიის და ამ იდეოლოგიაში მცხოვრები განწირული საზოგადოების მკაფიო ანალიზს გვთავაზობს. ავტორი მოგვითხრობს ბოლო პერიოდის აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) შესახებ, სადაც ძალაუფლების შენარჩუნებასა და ადამიანების კონტროლზე დაფუძნებული რეჟიმი მძვინვარებს. თუმცა, პოეტური ენით არის აღწერილი სიყვარულის ფაქიზი ისტორია.
სილქნეტისა და პროექტ “მსახიობები ლიტერატურისთვის” მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ფესტივალის დღიურები, რომლებიც მოიცავს გასული წლების 25-მდე ვიდეო ჩანაწერს. აღნიშნული კონტენტი SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია ვიდეოთეკას წიგნების კატეგორიაში. 2026 წლის ჩანაწერებიც უახლოეს მომავალში განთავსდება სილქნეტის პლატფორმებზე.
(R)