“საუკეთესოებო“ - გიორგი გიგაშვილმა და ლიზა ბათიაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, Carnegie Hall-ში კონცერტი გამართეს - კვირის პალიტრა

“საუკეთესოებო“ - გიორგი გიგაშვილმა და ლიზა ბათიაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, Carnegie Hall-ში კონცერტი გამართეს

ქართული კლასიკური მუსიკისთვის განსაკუთრებული დღეა - გიორგი გიგაშვილმა და ლიზა ბათიაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, Carnegie Hall-ში კონცერტი გამართეს.

ნიუ-იორკის ლეგენდარული საკონცერტო დარბაზი ათწლეულებია მსოფლიო კლასიკური მუსიკის ელიტას მასპინძლობს. სწორედ ამ სცენაზე გამოვიდნენ ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და ახალგაზრდა, უკვე საერთაშორისო აღიარების პიანისტი გიორგი გიგაშვილი.

კონცერტი Zankel Hall-ში გაიმართა, სადაც კამერული მუსიკის საღამოები განსაკუთრებული ინტიმურობითა და მაღალი მუსიკალური ხარისხით გამოირჩევა.

რატომ არის ეს სცენა განსაკუთრებული?

Carnegie Hall არ არის უბრალოდ საკონცერტო სივრცე - ეს არის ადგილი, სადაც გამოდიან მხოლოდ მსოფლიო დონის არტისტები. აქ სცენაზე დგომა ნიშნავს, რომ მუსიკოსი უკვე გლობალურ კულტურულ რუკაზე მყარად არის დამკვიდრებული.

ლიზა ბათიაშვილი, რომელიც უკვე წლებია მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და სცენებზე მოღვაწეობს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი მუსიკოსია, ხოლო გიორგი გიგაშვილი ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პიანისტად მიიჩნევა, რომელსაც საერთაშორისო კონკურსებსა და ტურნეებში დიდი წარმატება აქვს.

„საუკეთესოებო“ — სოციალურ ქსელებში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ მოვლენას

“მუსიკოსებს - გიორგი გიგაშვილს (რომელიც გარდა უნიკალური პიანიატობისა, ყოველთვის მაოცებს მისი სამართლიანი და სწორი მოქალაქეობრივი პოზიციით) და ლიზა ბათიაშვილს... - სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რამხელა სიამაყის შეგრძნება იყო მათი შეუადერებლი შესრულება, სავსე დარბაზი და გრანდიოზული აპლოდისმენტები. დასასრულს ერთ ბისს მოყვა მეორე, მეორეს მესამე და ბისზე შესრულებული ვაჟა აზარაშვილის და გია ყანჩელის ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი ნაწარმოებები, რისი მოსმენის შემდეგაც გული აუცილებლად აგიჩუყდებოდათ.გილოცავთ! მადლობა ამ სიამივნებისთვის და შეგრძნებებისთვის!“ - წერს ნოდიკო ტატიშვილი.