დიდი კავკასიური ალიანსი?! - შეძლებენ თუ არა თბილისის, ბაქო და ერევანი ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას: მამუკა არეშიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

დიდი კავკასიური ალიანსი?! - შეძლებენ თუ არა თბილისი, ბაქო და ერევანი ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას: მამუკა არეშიძის ანალიზი

რა საფრთხეებია დღეს რეგიონში და შესაძლებელია თუ არა კავკასიის ქვეყნების ერთიანი პლატფორმის შექმნა, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ხშირად საუბრობთ კავკასიის ქვეყნების გაერთიანებაზე, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ძალიან რთული შეკითხვაა... წესით, ამაზე სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ, ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც პრაქტიკულად ჩვენთან არ არის. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პლატფორმა, მშვიდობაზე ორიენტირებული, შეიძლება იყოს კულტურული, რომელიც კავკასიურ იდენტობაზეა ორიენტირებული, ან შეიძლება იყოს ეკონომიკური, რომელიც უფრო საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთიანი ეკონომიკური გზავნილით გამოვა. მთავარია ინიციატივა!

ის, რომ საქართველო კავკასიის ცენტრია, ისტორიული მოცემულობაა და საჭიროა ასეთი ინიციატივები, ეს უნდა ითქვას ჩვენს მეზობლებთან ერთად...

- მეზობლები ამაზე წამოვლენ?

- დღევანდელ ვითარებაში სხვა გამოსავალი არა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი უფრო ძლიერია, ენერგორესურსებით თვითკმარი ქვეყანაა და ამასთან, შექმნა საინტერესო დიპლომატიური ფორმატი - ერთდროულად თამაშობს რამდენიმე ფრონტზე... აზერბაიჯანი არის თურქული სამყაროს შექმნის ერთ-ერთი ლოკომოტივიც, თურქეთთან ერთად. მოგეხსენებათ, თურქული სამყარო დიდი თურანის იდეის პროექტია, რომელსაც თავის დროზე ბრიტანელებმა ჩაუყარეს საფუძველი და გულისხმობს ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯან-თურქეთის ერთობას, ერთიან სისტემაში გაწევრებას. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბებაზეც იყო ლაპარაკი, თუმცა­ ჯერ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, მაგრამ ლაპარაკი დაიწყო... ანუ აზერბაიჯანს აქვს არჩევანი, სომხეთს და საქართველოს კი, პრაქტიკულად - არა... კრიტიკოსები იტყვიან, რომ ჩვენ დასავლეთზე სრული ორიენტირება გვმართებს. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ორიენტაცია ჩვენი დაცულობის ხარისხს არ ამაღლებს. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, როდესაც დასავლეთი, რასაკვირველია, ცდილობს, როგორც ბევრი ეცადა 2008 წელს, რომ საქართველო არ მოხვედრილიყო იმაში, რაშიც მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ არა მარტო შემოიფარგლა "მორიდებული ნაბიჯებით", არამედ ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტთან გადატვირთვის პოლიტიკაც წამოიწყო.

მე საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივასაც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. შეიძლება დადგეს ეს დრო 5, 10 წლის მერე, მაგრამ არა ახლო მომავალში. ბუნებრივია, დაიბადება კითხვა, თუ აინტერესებს რეგიონი დასავლეთს, რატომ არ შეიძლება აქ თავისი სამხედრო წარმომადგენლობა შექმნას და საქართველო გახდეს ნატოს ან ევროკავშირის წევრიო. იმიტომ, რომ დასავლეთისთვის ეს უზარმაზარი გამო­წვევაა, დაკავშირებული რუსეთის აგრესიასთან. ჩვენ ვხედავთ, უკრაინის შემთხვევაშიც ხშირად დასავლეთი ვერ ახერხებს ერთიანი პოზიციით გამოსვლას... ამიტომ ვსაუბრობ ასეთი ტიპის პლატფორმებზე, სხვა შემთხვევაში პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნების თამაშში ხურდა ფულის როლს ასრულებს.

- შუა დერეფანზეც ვისაუბროთ?

- შუა დერეფანს შეუძლია რეგიონის ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო გზების დატვირთვა, სავაჭრო ურთიერთობების განსაკუთრებული გააქტიურება, მაგრამ, მეორე მხრივ, სერიოზული გამოწვევებია, იმიტომ, რომ შუა დერეფნის ფუნქციონირება მსხვილი მოთამაშეებისთვის მათი წარმომადგენლობების გარეშე შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს შუა დერეფანი წილობრივად მაინც გააკონტროლოს. გაგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი შეიქმნა მაშინ, როდესაც რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მთლიანად დამოკიდებული დასავლეთზე. მიუხედავად ამისა, დასავლეთი იძულებული შეიქნა "ლუკოილი" ჩაერთო ამ პროექტში იმისათვის, რომ რუსეთი დაეწყნარებინა. რუსეთს მაშინ 13% ჰქონდა ენერგეტიკულ პროექტში... ანაკლიის პორტიც რომ არ აშენდა, მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. ძალიან სერიოზული კულუარული დაპირისპირებაა მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ ეს პორტი არ აშენდეს, ან თუ პროექტში ჩაერთო რომელიმე მსხვილი მოთამაშე როგორც დამკვირვებელი ან მომავალი პარტნიორი, ისეთ წინადადებებს წამოაყენებს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ანაკლიის პორტი სერიოზულ კონკურენციას შეუქმნის რუსულ პორტებს. გარდა ამისა, ძალიან გააძლიერებს ჩინეთს და ევროპას მის ბაზარზე დამოკიდებულს გახდის. აქედან გამომდინარე, ამერიკისთვისაც ეს პროექტი მიუღებელია. თუ მიაქცი­ეთ­ ყურადღება, აშშ არა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ აქტიურობს, მისთვის ევროპის მეტისმეტი დამოუკიდებლობაც მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი თითქოს მოკავშირეები არიან, რუსეთისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ჩინეთს დამოუკიდებელი კონტაქტი ჰქონდეს დასავლეთთან... ახლა მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით ყაზახეთისთვის. პრაქტიკულად ღია ბრძოლაა ჩინეთს, რუსეთსა და დასავლეთს შორის ყაზახეთის ტერიტორიაზე და საამისოდ გამოიყენება ფინანსური, უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტები. იბრძვიან იმისთვის, ვინ გააკონტროლებს ცენტრალური აზიის და მათ შორის ყაზახეთის წიაღისეულს, იმ გზებს, რომლებიც ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის.

- როდესაც ალიევი ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი პორტის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა...

- არ ჩაშლილა მოლაპარაკებები. სხვათა შორის, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სწორედ შეარჩია დრო შექმნილ ვითარებაში. ანაკლიაზე არ არის ლაპარაკი. არსებობს შუა დერეფნის პროექტი, რომლის ავტორი ჩინეთის ხელმძღვანელობაა, მაგრამ შუა დერეფანს აქვს თავისი სეგმენტებიც. მაგალითად, აზერბაიჯანი ასეთი მიდგომის დემონსტრირებას ახდენს, ძალიან ფრთხილად, მაგრამ მკაფიოდ, რომ შუა დერეფნის ეს მონაკვეთი, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე გადის, გადავაქციოთ, ასე ვთქვათ, მინი-შუა დერეფნად და რომლის კურატორად თავი აზერბაიჯანს წარმოუდგენია. აქედან გამომდინარეა მისი დაინტერესება ანაკლიის პორტის მშენებლობითაც. რეგიონში აზერბაიჯანის დომინაციასთან დაკავშირებული ეს იდეა ერთგვარ ტესტირებას გადის საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებში, როგორც ჩინურში, რუსულში, ისე დასავლურში. აზერბაიჯანი იქნება, თბილისი თუ სხვა, აკვირდებიან, როგორი რეაქცია იქნება მსოფლიოში. ასეთი ვარიანტი ყველაზე მისაღებია, იმიტომ, რომ მასშტაბი უფრო მცირე, მსხვილი მოთამაშეების წარმომადგენლობა კი უფრო ნაკლები იქნება. მსხვილი მოთამაშეებიდან რომელიმე ვერ აღმოჩნდება დომინაციაში და შეიძლება ეს უფრო ნაკლები ხიფათის შემცველი იყოს.

წაიკითხე ვრცლად