“შიშით გვიყურებენ, ჰგონიათ, ჩვენს ხელებს ქართულ ქორეოგრაფიაში ვაფათურებთ - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის დანატოვარს ისე ვერავინ გაუფრთხილდება, როგორც მე და ჩემი ძმა“
Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივ გადაცემას „სახალხო ინტერვიუს“ ცოტა ხნის წინ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ აკადემიური დასის მთავარი პროდიუსერი და გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა და ამ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდების ელექტრონული ვერსია გასულ კვირას Ambebi.ge-მ შემოგთავაზათ.
„სახალხო ინტერვიუს“ ფორმატში მან კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, რასაც ახლა გთავაზობთ.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- თქვენი აზრით, სიახლის რატომ ეშინიათ ადამიანების უმრავლესობას?
- ვთვლი, რომ სიახლის გარეშე წინსვლა არ იქნება. მაგრამ ისე ხდება, რომ არა მარტო ხელოვნებაში (ცეკვა, არქიტექტურა, მოდა) საერთოდ ადამიანი ყველაფერს ფრთხილად უყურებს. გავიმეორებ ნინო რამიშვილის სიტყვებს, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აფორიზმია. ამას სულ ამბობდა - „ჩვენი ანსამბლი არ არის ცეკვის მუზეუმი, ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულ ვითარდება და იცვლება“. თვითონაც მუდმივად ავითარებდა, ყოველ წელს სიახლე შემოჰქონდა. მაგალითად, „ხევსურული დუეტის“ წინა ნაწილი სწორედ ნინო რამიშვილის დროს მოიხსნა და არა ჩემი და ილიკოს დროს.
“სუხიშვილების“ დამფუძნებლები - ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
იმ ხალხისაც მესმის, ვისაც სიახლის ეშინია, რომ ჰგონიათ, სიახლის შემოტანით რაიმე ქართული დაიკარგება, რომ ეს ყველაფერი ქართულ ცეკვას აფუჭებს. არ მგონია, ასე იყოს. ქართული ქორეოგრაფია შეიქმნა მაშინ, როცა შეიქმნა ჩვენი ანსამბლი. რა თქმა უნდა, მანამდე იყო ცეკვები, ილეთები, მაგრამ რასაც ნამდვილი შოუ ჰქვია, ცეკვების ნაზავი, მათგან ნახევარზე მეტი ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მოიგონეს. ¾ პროგრამის მათი ავტორობით შეიქმნა. „ცეკვა ქართული“ მათ არ მოუგონიათ, მაგრამ „სამაია,“ „ხანჯლური,“ „ხევსურული ფარიკაობა,“ „ძველი თბილისის სურათები,“ „ქალთა ცეკვა ნარნარი“ - რომელი ერთი ჩამოვთვალო, ძირითადად, გამოყენებული ილეთებით, სულ მათ ფანტაზიის ნაყოფი იყო. იმ ილეთებს „საშენ მასალას“ უწოდებდნენ, რომელზეც ახალ ქორეოგრაფიას აშენებდნენ. ზუსტად იმავეს ვაკეთებთ მე და ილიკო, მათ საქმეს ვაგრძელებთ. ვიყენებთ ეროვნულ, ნაციონალურ ილეთებს და მათგან ახალი ცეკვები იქმნება. რაც თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია ქართული სულისკვეთებით, ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით და ეროვნულობით.