არის თუ არა ქართული არმია მზად თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის?! - თავდაცვის ძალების 35-წლიანი გზა - კვირის პალიტრა

არის თუ არა ქართული არმია მზად თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის?! - თავდაცვის ძალების 35-წლიანი გზა

35 წელი - ქართული არმია მოწიფულ ასაკში გადავიდა...

დღეს, 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნიდან 35 წელი აღინიშნება...

მაშინ,1991 წლის 30 აპრილს, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ქართულ ჯარს სხვა სახელი ერქვა - 1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე განხორციელდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა განკარგულება, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო - სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

2019 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელი შეეცვალა და ეწოდა საქართველოს თავდაცვითი ძალები.

საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა — გენერალური შტაბი. საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან. თავდაცვის ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.

677550425-27492951896973166-8599383983871384749-n-1777546689.jpg
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

ეს ყველაფერი ოფიციალურად, არაოფიციალურად კი, ამ სტატიის ავტორის (რომელმაც 1992-დან 2002 წლამდე, 10 წელი ოფიცრის რანგში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან ჯარებში) სუბიექტური მოსაზრებაა, 35 წელს შესრულებულ ქართულ არმიაზე...

„დაბადებისთანავე“ ქართული ჯარი - შეიარაღებული საძმოები და უბნის რაზმები, რომელსაც ერთიან შეიარაღებულ ძალებს ვერანაირად ვერ დაარქმევდი, ჯერ ძმათამკვლელ შეიარაღებულ დაპირისპირებაში აღმოჩნდა ჩათრეული, თბილისის ომში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში, რომლის პარალელურად, ცხინვალთან უწევდა ადგილობრივ სეპარატისტებთან გამკლავება, საიდანაც პირდაპირ გადაერთო აფხაზეთის სრულმასშტაბიან ომში, ისე, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ნორმალურად ვერ იყნოსეს ყაზარმის სუნი და ვერ გაიარეს ის ელემენტარული, რამდენიმეთვიანი საწყისი სამხედრო მომზადება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჯარისკაცი ბრძოლის ველზე გაუშვა, არადა, ეს მომზადება რომ მოსწრებოდა, ბევრი მათგანი გაუფრთხილებლობისა და უცოდინარობის გამო აღარ დაიღუპებოდა ფრონტის ხაზზე...

და ასეთი მცირე სამხედრო მომზადებით, მწირი საბრძოლო აღჭურვილობით და პოლიტიკური თამაშების ფონზე, მაშინდელმა ქართულმა ჯარმა მაინც შეუძლებელი შეძლო და ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა აფხაზეთის ომში, რომლის დაწყებაც და მარცხიც იმდროინდელი პოლიტიკოსების (როგორც ხელისუფლებიდან, ისე - ოპოზიციის ნაწილიდან) კისერზეა, ვიდრე - სამხედროების...

აფხაზეთის ომიდან მძიმე გრძნობებით გამოსული ქართული ჯარის გაპარსვა და ყაზარმებში შეყვანა რთულად, მაგრამ მაინც მოხერხდა. დაიწყო რეგულარული ჯარისთვის დამახასითებელი რუტინული ცხოვრება პოლიგონებითა და საბრძოლო სწავლების ელემენტებით. 1998 წლის მაისში საქართველო მორიგ სამხედრო ავანტურაში გაება, გალის რაიონში, მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის - „მოქალაქეთა კავშირის“ დანაშაულებრივი პროპაგანდისტული ქმედებების გამო, რისთვისაც სისხლი ისევ შინაგანი ჯარებისა და არმიის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დაღვარეს...

ამის შემდეგ იწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ვექტორის მიმართვა დასავლეთისკენ, ნატოში გაწევრების საბოლოო მიზნით.

ქართული არმიის მთელი დანაყოფები და შტაბის ოფიცრები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიგონებზე გამართულ სამხედრო სწავლებებში.

საქართველოში იწყება „წვრთნისა და აღჭურვის“ ამერიკული პროგრამაც და ჩნდება დიდი იმედი, რომ ქართული არმია გადადის ნატოს სტანდარტებზე, თუმცა რა იყო ეს სტანდარტი, ყველა თავისებურად ხსნიდა. ზოგს ყაზარმის ტუალეტის კედლის ფერების გერმანული თუ ფრანგული არმიების ანალოგიური დაწესებულების ფერებთან მიმსგავსება მიაჩნდა, „ნატოს სტანდარტზე“ წარმატებულად გადასვლის უტყუარ ფაქტად...

„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით გადამზადებული პირველი ქართული ბატალიონების დანაყოფები 2003 წლიდან იგზავნებიან ერაყში, სამშვიდო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად და ჩნდება კიდევ ერთი იმედი, რომ ნატოს წამყვანი ქვეყნების არმიებთან საერთო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილების დაგროვება ქართულ არმიას ძალზე დაეხმარება ძალით დაკარგულის ძალით აღსადგენად ანუ ქვეყნის ტერიტორიის გასამთლიანებლად.

2004 წელს ცხივალის რეგიონში მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება ღვივდება, რომელიც,ლოგიკურად არანაირად არ უნდა აწყობდეს საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელსაც შეეძლო ეცადა ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაეწყო, თუნდაც ჯერ ცხინვალთან და საერთო,ორივე მხარისთვის მომგებიანი ეკონომიკური მიზნები დაესახა, მაგრამ ამის სანაცვლოდ იხურება ერგნეთის ბაზრობა (რომელიც მართლაც იყო კონტრაბანდული საქონლის ბუდე, მაგრამ მისი დახურვის შემდეგ იმავე კონტრაბანდაზე კონტროლი ხომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანის პირად დაქვემდებარებაში გადავიდა და მთლიანად ქვეყანამ ამით ვერაფერი მოიგო), წყდება ეკონომიკური კავშირი ადგილობრივ ქართველებსა და ოსებს შორის და საქმეში ისევ ქართულ არმიას რევენ...

679726866-1467623594243721-3937880102304464841-n-1777546689.jpg
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

2004 წლის ცხინვალის ომმა აჩვენა, რომ ქართული არმიის საბრძოლო მომზადების დონე კი იყო გაზრდილი, მაგრამ არა იმ დონეზე,რომ დიდი საბრძოლო უპირატესობა მოეპოვებინა და შეძლებოდა მცირე დროში საქართველოს ამ პატარა კუთხეში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

ამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ყველაფერი იქამდე იყო მისული, რომ როკის გვირაბს მომდგარი რუსეთის საარმიო დაჯგუფება შეიძლება შემოჭრილიყო ჩვენს ქვეყანაში, ანუ მომხდარიყო ის, რასაც მაინც ვერ ავცდით ოთხი წლის შემდეგ...

2008 წლის აგვისტოს ომი უზარმაზარ გამოცდაც იქცა ქართული არმიისთვის, ისე, როგორც მთელი საქართველოსთვის...

აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა სამწუხაროდ კარგად აჩვენა, რომ არც ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა და არც კოსოვოსა და ერაყში მიღებული სამშვიდობო სამხედრო ოპერაციების გამოცდილება არ კმაროდა იმისთვის, რომ ქართულ არმიას წარმატებით აეღო და შემდეგ ასევე წარმატებით შეენარჩუნები მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი პოზიციები, რომ აღარაფერი ვთქვათ როკის გვირაბიდან გამომავალი ერთადერთ სამანქანო გზის გარანტირებულად ჩახერგვაზე.

ქართული არმია, სამწუხაროდ ვერ შესძლებდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილი აგრესორი რუსეთის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებთან დიდხანს გამკლავებას, ამიტომაც ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ომის რამენაირად თავიდან არიდება, რაც არ გაკეთდა. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება თითქოს განგებ ცეცხლზე ნავთს ასხამდა და საბაბებს აძლევდა იმ კრემლს, რომელიც ისედაც სულ ჩასაფრებულია და საჭირო მომენტს ელოდება მეზობელ ქვეყნებზე თავდასასხმელად.

აგვისტოს ომის ბოლოს მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება -ქ ართული არმიის უკანდახევის, შეიარაღების გადამალვისა და დანაყოფების გაბნევის თაობაზე, რაც რა თქმა უნდა ურთულესი გადაწყვეტილება გახლდათ, მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ამან ქართული არმია შემდგომი დიდი მსხვერპლისგან გადაარჩინა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული ქართული არმიას საქართველოს ტერიტორიაზე 18 წელია აღარ უომია, რაც ძალიან კარგია, თუმცა ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები 2020 წლამდე მაინც მონაწილეობდნენ ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში და იქ თავს დებდნენ, რაც პირველ რიგში საქართველოს ძველი და ახალი პოლიტიკური ხელისუფლების ინტერესში გახლდათ, რადგან მათ მიაჩნდათ,რომ ასეთი „სამხედრო ხარკის“ გაღებით დაჩქარდებოდა საქართველოს მიღება ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსში და ჩვენს ქვეყანას შეიძლება გასჩენდა საიმედო „თავდაცვის ქოლგა“ რუსული „სეტყვისგან“ თავდასაცავად...

მაგრამ ეს იმედი, საბოლოო ჯამში მიამიტური აღმოჩნდა, რადგან არც ევროპა და არც ამერიკა თურმე თავიდანვე არ აპირებდა ქართველების ალიანსში მიღებას, ხოლო მათი ტყუილი შეპირებებით ფრთაშესხმული თბილისი ავღანეთში იმაზე მეტ ქართველ სამხედროს აგზავნიდა ,ვიდრე ბევრი თვით ნატოს წევრი ქვეყანა.

საერთშორისო მისიებში -კოსოვოში,ერაყში,ავღანეთსა და აფრიკაში-მონაწილეობამ, რა თქმა უნდა მისცა დიდი გამოცდილება ქართველ ოფიცრებსა და კაპრალებს, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც გვჭირდებოდა და გვჭირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თუმცა ამ ყველაფერს დღეს უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული...

დღევანდელი საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველწლურ გეგმაზომიერ სამხედრო მომზადების პროგრამას მიჰყვებიან, რომელშიც ნაკლებადაა გამოკვეთილი დასავლეთთან ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერპექტივები, გასაგები პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე.

რამდენად არის მზად ქართული არმია ისეთი თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად, როგორიც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მიმდინარეობს?

ეს კითხვა ჩვენი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს შეიძლება აწუხებდეს, რაზეც ჩვენი სუბიექტური პასუხი ასეთი იქნება - ასეთი ომისთვის საქართველო კი არა, თვით ნატოს არც ერთი ქვეყანა, თვით აშშ-იც კი არ არიან ბოლომდე მზად და ამას ჩვენი პატარა ქვეყნის ასევე მცირერიცხოვანი თავდაცვის ძალებისგანაც მკაცრად ნუ მოვითხოვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყანა უფრო გაბედულად და სწრაფად არ ემზადებოდეს იგივე დრონებსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ან იმავე დრონებით წარმატებული საბრძოლო ოპერაციების განსახორციელებლად, რათა საქართველოს თავდაცვის ძალების რაც შეიძლება მეტი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობა და მით უმეტეს, სიცოცხლე შევინარჩუნოთ...