პატარა დემეს და ბატკნის - ელიზაბარას მეგობრობა - ფერადი ბავშვობა სოფლად
სოციალურ ქსელში დიდი პოლულარობით სარგებლობს პატარა დემე, რომელიც თავის ბატკანს - ელიზბარს დიდი სიყვარულით ემეგობრება. მირზაანიდან გვესაუბრება პატარა დემეს დედა - ანა მესტვირიშვილი..
_ ყველაფერი ასე დაიწყო: დემეს აჩუქეს ეს პატარა ბატკანი იმ მიზნით, რომ თავის დაბადების დღეს, 9 მაისს აღნიშნავდა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ დამეგობრდნენ დემე და ელიზბარა და რა თქმა უნდა, აღარავინ ფიქრობდა ბატკნის დაკვლით დემეს დაბადების დღის ადნიშვნას. პირიქით, ელიზბარას მეგობარად მეორე ბატკანი მოვუყვანეთ, ახლა მარტო აღარ არის, იცხოვრებენ ერთად დიდხანს და ბედნიერად... მანამდე დემეს ემეგობრებოდა. ერთად დადიოდნენ სასეირნოთ მინდორში, ტყეში, ერთად თამაშობდნენ ყველგან, ოთახშიც კი. ამასობაში ელიზბარა ჩვენს კატასაც დაუმეგობრდა. ყველაზე მეტად კი ის ბოთლი შეუყვარდა, რომლითაც დემე რძეს აჭმევს.

- გვიამბეთ თქვენი და თქვენი მეუღლის შესახებ, სოფელთან ბავშვობიდანვე გაქვთ კავშირი?
- ახმეტაში დავიბადე, ნაწილობრივ, სოფელში გავიზარდე, ნაწილობრივ - ქალაქში. სკოლა და უნივერსიტეტი თბილისში დავამთავრე. მეუღლესაც მსგავსი ისტორია აქვს, რაღაც პერიოდი თბილისში იარა სკოლაში, რაღაც პერიოდი სოფლად. ანუ სოფელი უცხო არ ყოფილა ჩვენთვის. დიდი ლავსთორი არ გვქონია, უნივერსიტეტში (თსუ) გავიცანით ერთმანეთი და მოგვიანებით დავახლოვდით, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. ოჯახის შექმნის შემდეგ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ კორონა დაიწყო და პანდემიის დროს გადავწყვიტეთ მირზაანნში წამოსვლა. ორსულად ვიყავი და ბავშვის სოფელში გაზრდა ვამჯობინეთ.
- სოფელში სახლი გქონდათ?
- დიახ, მეუღლის მშობლები აქ ცხოვრობენ, აქ ჰქონდა მეუღლეს სახლი, კარი, აქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები... დღეს ერთად ვცხოვრობთ ყველანი. ვამუშავებთ მიწებს, მოგვყავს ქერი, ხორბალი, მზესუმზირა, ვუვლით ვენახს და პატარა ბაღჩაც გვაქვს. ცოტ-ცოტა ყველაფერი მოგვყავს, ნატურალური პროდუქტი რომ მივირთვათ. გვყავს ცხოველები, ძირითადად, ბავშვის ცხოველებთან საურთიერთოდ. გვყავს ძროხა, ხბო, ღორები, სეზონურად გოჭები, კურდღლები, ქათმები, ერთი ბატი და რაც მთავარია, ორი ძაღლი და ერთი კატა. სეზონურად კატების და ძაღლებია რაოდენობა ხან ათსაც აღწევს და მერე გვიწევს გაჩუქება.

- სოფლის მეურნეობაში თქვენც ხართ ჩართული?
- რამდენადაც შეგვიძლია, ყველა თავისებურად ვართ ჩართული. დღესაც მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი ვენახში ვიყავით. ვაზს ამ დროს გასხვლა სჭირდება... გამაგრება, განახლება... ასევე, ვამუშავებთ ყანებს. ამჟამად შეწამვლა, სასუქის დაყრაა საჭირო, რასაც ძირითადად მეუღლე უძღვება, მაგრამ ჩვენც, მე და ჩვენი ვაჟიც ვეხმარებით. როცა ყანაში თაგვი მრავლდება, მის წამალს ვშლით, მოსავლის აღების დროს მივდივართ და ყანებს ვამოწმებთ. საქონელს და ბაღჩას, ძირითადად, მამათილი უვლის. ჩვენც ვეხმარებით, განსაკუთრებით - დემე. პაპასთან ერთად თესავს კარტოფილს, შემდეგ იღებს... ბოსტნეულსაც უვლის, რწყავს და ა. შ.... უფროსებს ცხოველების და ფრინველების მოვლაშიც ეხმარება, მათ დაპურებაში, კვერცხების მოგროვება კი განსაკუთრებით უყვარს.

- პატარა დემეს მოსწონს სოფლად ცხოვრება?
- დიახ, ვერ წარმოუდგენია ქალაქში ცხოვრება. თბილისშიც გვაქვს ბინა, მაგრამ რომ ჩავდივართ გამოქცევაზეა. ერთ დღეზე მეტს ვერ ძლებს. პატარა რომ იყო პირდაპირ გადიოდა სადარბაზოში, ვერ აღიქვამდა რომ მხოლოდ ოთახში უნდა ყოფილიყო. ზაფხულში, მხოლოდ ღამის ძილისთვის შემოდის სახლში, დანარჩენ დროს სულ გარეთ ატარებს, შუადღეს ჰამაკში სძინავს.

- ზამთარში როგორ ერთობა?
- როცა თოვს, მშვენივრად ერთობა, გორაზე ციგით სრიალებს, გორაობს, დარბის... წელს ბაკურიანიდან თხილამურები წამოვიღეთ და სოფელში, სანამ თოვლი დადნებოდა, სრიალი მოასწრო... ცოტა მაღლაა ჩვენი სოფელი, შედარებით გრილა და ზამთარში ნალექიც მეტია. ახლომახლო სოფლებში თუ თოვლი არ არის, აქ კარგა ხანი დებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ფიროსმანის სოფელში ცხოვრობდეთ?
- ფიროსმანის სოფელში ცხოვრება დიდი პატივია ჩემთვის. ყოველდღე გავდივართ სასეირნოდ, ბუნებაში საოცარი ხედებია, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას, ისეთი ფერები იხატება, სულ ვფიქრობ, ამას რომ უყურებდა ფიროსმანი, ალბათ მაგიტომ გახდა მხატვარი-მეთქი. მეც და დემესაც ხშირად გაგვჩენია ხატვის სურვილი და დაგვიხატავს ბუნებაში... რაც შეეხება, თუ რას ნიშნავს ბავშვის სოფლად გაზრდა, ჩვენთვის ეს დიდი პრივილეგიაა. ვფიქრობთ, რომ ამაზე კარგს ჩვენ შვილს ვერაფერს გავუკეთებთ. ხშირად გვიფიქრია იქნებ სკოლის გამო გადავსულიყავით თბილისში, განათლების და შესაძლებლობების მხრივ თითქოს პრიორიტეტულია, მაგრამ მივხვდით, რომ ამაზე დიდ განათლებას ვერ მიიღებს და ვერ ისწავლის ამაზე მეტს, რასაც აქ ბუნებასთან და ცხოველებთან ურთიერთობით სწავლობს. ბავშვის აღზრდა ცოტა რთულია, მაინც სხვა მენტალიტეტია აქ, სხვა შეხედულებები. თანამედროვე მშობლებს აღზრდის სხვა მეთოდები გვაქვს, მაგრამ აქვე შეიძლება შვილში რესურსი მშობელმა ჩადო, შენ ასწავლო, მასთან ითამაშო და არ იყო მთლად ბაღის, ან სკოლის იმედად.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული სოფლად?
- მარტოობა უცხო გარემოში რთული აღმოჩნდა. არავინ მყავდა... აქ მოსახლეობაც ძალიან ცოტაა... მეგობრების არ ყოლა, გამზიარებლის გარეშე ცხოვრება რთულია... ამაშიც სოფელი და ბუნება დამეხმარა. მივხვდი, რომ მშვენიერი მეგობარი შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებაში გასეირნება, მზის ჩასვლის ყურება, ან ზაფხულში კალიები. სოფელში ცხოვრება არ გამჭირვებია, რადგან უცხო არ იყო ჩემთვის, მაგრამ თავისებურად რთულია... კარგი ამინდების დროს კარგია, მაგრამ წვიმის დროს ტალახში სიარული არც ისე კომფორტულია. ლამაზი და ფერადი დღეების უკან ხშირად ნაცრიფერი, ნისლიანი და ტალახიანი დღეებია, რომელიც არც ისე მიმზიდველია, თუ რა თქმა უნდა, ბუხართან მოკელათებული არ ზიხარ პიტნის ჩაით და წიგნით ხელში
მანანა გაბრიჭიძე
(სპეციალურად საიტისთვის)