"არ მიმაჩნია, რომ ყველგან და ყველასთან ერთად უნდა ვიმღერო"
"ის, რაც ხდებოდა, სამარცხვინო იყო"
"კონცერტის დღეს ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო!"
"იმედია, ეს საშინელი პერიოდი არასოდეს განმეორდება", - მეუბნება მომღერალი მაია ჯაბუა, რომელიც იძულებული იყო, წლების მანძილზე შემოქმედებითი პაუზა გაეკეთებინა.
- იყო უამრავი კონცერტი, სადაც არ შემეძლო მონაწილეობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მთელი კონცერტი გასულა პირდაპირ ეთერში და ჩემი გამოსვლა ამოუჭრიათ. ერთი შემთხვევა მახსენდება: მე და ჩემს გოგონას გვთხოვეს, საქველმოქმედო კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად გაიმართა. მათთან დუეტები უნდა ჩაგვეწერა. ჩავწერეთ სიმღერა ერთ-ერთ გოგონასთან, რომელიც დიდი გაჭირვებით ჩამოვიდა სოფლიდან. კონცერტის დღეს კი ერთ-ერთ ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო! ჩემთვის არ იყო ეს პირველი, მაგრამ ის გოგონა დაიჩაგრა. ეს ბავშვი არ გამოიყვანეს სცენაზე იმის გამო, რომ ჩემთან ერთად მღეროდა. ეს ტელემარათონი იყო და პირდაპირ ეთერში გადიოდა. როგორც შემდეგ გავიგე, ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობას გადაუწყვეტია, არ გაეშვათ ჩემი სიმღერა.
- როდის დაიწყო ეს ყველაფერი, უშუალოდ თქვენს რაიმე პოლიტიკური ხასიათის პროტესტს მოჰყვა?
- იცით, ზუსტად არ მახსოვს. ნელ-ნელა ვითარდებოდა მოვლენები. რეკავდნენ, მთხოვდნენ მონაწილეობას ამა თუ იმ კონცერტში, მოგვიანებით კი კვლავ მირეკავდნენ, ბოდიშს მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ფორმატი შეიცვალა. ვიღაც აკონტროლებდა ამას.
- როგორ უმკლავდებოდით იძულებით პაუზას?
- კერძო საღამოები ტარდებოდა, იქ ვერავინ აუკრძალავდა ვინმეს ჩემს მიწვევას, ჩემი მეგობრები მეძახდნენ ხოლმე. ისეთ ღონისძიებებზე გამოვდიოდი, რომელთანაც უკვე ყოფილ მთავრობას საქმე არ ჰქონდა.
- როგორც ხელოვანი არ აპროტესტებდით?
- საქართველოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლება იყო, მაგრამ არ მახსენდება, ასე დაენაწილებინოთ მომღერლები, მწერლები, მსახიობები. ვთვლი, რომ ის, რაც ხდებოდა, სამარცხვინო იყო და არასოდეს არ უნდა განმეორდეს.
- რას იტყვით დღევანდელ ქართულ ესტრადაზე? როგორ ფიქრობთ, კარგ მუსიკას უსმენს ქართველი მსმენელი?
- (იცინის) გემოვნებისა და ხარისხის პრობლემა ჩვენთან ყოველთვის იყო. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ჩვენ გემოვნებიანი ხალხი ვართ და ჩვენი არჩევანი არაა ის, რასაც დღეს ვუსმენთ. რასაც სთავაზობს ტელევიზია და რადიო საზოგადოებას, იმას უსმენს, სხვა საკითხია, იღებს თუ არა. თავს რომ ახვევ უხარისხო პროდუქციას, მსმენელის ბრალი არ არის. არ უნდა არსებობდეს Eბარიერები და ჩარჩოები, მაშინ იმ ხარისხიანსაც მოისმენს ხალხი.
- ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავად გითქვამთ უარი ამა თუ იმ მომღერალთან ერთად სცენაზე დგომაზე?
- ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ისევე როგორც არ ვიმღერებ ყველანაირ სიმღერას, ასევე არ მიმაჩნია, რომ ყველგან და ყველასთან ერთად უნდა ვიმღერო.
ქეთი საგინაშვილი